სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება - კვირის პალიტრა

სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება

სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში აისახება. აღნიშნულ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე.

ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა.

გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე 10 000 და 15 000 ლარით.

აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში განიხილავს, რომელიც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

"ინტერპრესნიუსი"