"პუტინი ვერ იტანს ამერიკას... მისთვის ამერიკის კარგი პრეზიდენტი სუსტი პრეზიდენტია" - კვირის პალიტრა

"პუტინი ვერ იტანს ამერიკას... მისთვის ამერიკის კარგი პრეზიდენტი სუსტი პრეზიდენტია"

"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცილებით ხისტი უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში, თუ მსოფლიოში კრემლის მზარდი გავლენის შეკავებაზეა საუბარი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილმა დონალდ ტრამპი უკრაინისათვის ანტისატანკო სისტემის მიწოდებისთვის შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის გარემოცვაზე სანქციების დაწესების კუთხით.

"პუტინი ვერ იტანს ამერიკას. მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინისთვის ამერიკის კარგი პრეზიდენტი სუსტი პრეზიდენტია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი სწორ გზას ადგას.

"ბევრ რამეში დონალდ ტრამპი სწორ გზაზე დგას. ის აძლიერებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს, ვინაიდან პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. თუმცა, აშშ-მ ასევე უნდა განაგრძოს ხისტი პოზიციის გამოხატვა დემოკრატიისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ვინაიდან ეს თემები უსაფრთხოებას უკავშირდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"