ჩაქვში ზღვის ეშმაკი გამოჩნდა
ჩაქვის აკვატორიაში მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა დაიჭირეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ეს სახეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იგი მიეკუთვნება "ზღვის ეშმაკისებრთა" (ophius piscatorius) ოჯახს, რომელიც მსოფლიო ოკეანის ღრმა ფენებში ბინადრობს."შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია და საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს. შავი ზღვის სიღრმისეული ფენები გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ამიტომ მისი საქართველოში აღმოჩენა საინტერესო ფაქტია."ზღვის ეშმაკი პირველად 1955 წელს დაიჭირეს ბათუმის მახლობლად. ფიტული დღემდე აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ზღვის ეშმაკის ერთი სახეობა სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში აღმოაჩინეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. ბოლო შემთხვევა თევზის ამ სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.
ყველაზე მახინჯი
ზღვის ეშმაკისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის სიგრძე 1,5 მ-ს აღწევს, წონა - 20 კგ-ს. ამ მახინჯი არსების სხეული ზემოდან მუქია, ქვემოდან - მოთეთრო, თავი დიდი, განიერი და ბრტყელი აქვს. ზღვის ეშმაკს თავზე აქვს სატყუარა, თითქოს მანათობელი ფარანიაო, რომელიც სხივისებრი ფარფლისგან არის წარმოქმნილი. ზურგის ფარფლის სხივებიც არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ფარფლი ზურგიდან ამოჩრილი ეკლებია. ზღვის ეშმაკს აქვს დიდი პირი, ხოლო სასაზე - ძლიერი კბილები. იკვებება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი თევზებით, ზოგჯერ წყლის ფრინველებითაც, რომელთაც წყლის ზედაპირიდან იტაცებს. გავრცელებულია ევროპის სანაპიროებთან ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე.
ყველაზე საშიში თევზები
ხმალკბილა
(Anoplogaster cornuta)
ეს უზარმაზარკბილებიანი თევზი, რომელსაც პლანეტაზე სხეულთან შედარებით ყველაზე დიდი კბილები აქვს, მსოფლიოს ყველაზე საშინელ არსებად ითვლება.
მილიონობით წლის წინ მცხოვრები ხმალკბილა ზომით პატარაა (სიგრძე - 15-18 სმ, წონა კი - 100-120 გ), ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში, 500-დან 5000 მ-მდე სიღრმეში ცხოვრობს.
ზოლებიანი კბილა
(Anarhichas lupus)
იგივე თევზი მგელი (საშუალოდ 1 მ სიგრძისაა) ცივ წყლებში ცხოვრობს ევროპის ჩრდილოეთში. პირი სხვადასხვა მხარეს გაშვერილი ბასრი ღრჯოლებით აქვს"სავსე, რითიც ნიჟარებსაც ამსხვრევს. ყოველწლიურად იცვლის კბილებს და სანამ კბილები ახალია, ნაზ" საკვებზე გადადის... სისხლში ანტიფრიზის მსგავს ნივთიერებას გამოყოფს, რომელიც ყინვისგან იცავს.
მეჭეჭიანა ანუ თევზი-ქვა
(Synanceia verrucosa)
არც თევზი-ქვა გამოირჩევა დიდი ზომით (სიგრძე 15-20 სმ, წონა 150 გ), თუმცა ის მსოფლიოს ყველაზე შხამიანი თევზია! აქვს დიდი თავი, შხამიანი ეკლები და მარჯნის რიფების ქვეშ იმალება. ის ადამიანისთვის საშიშია. ხშირად გვხვდება პლაჟებზე. შხამიან ეკალს ღრმად ასობს კანში და სწრაფი სამედიცინო დახმარების გარეშე მსხვერპლი განწირულია.
თევზი-გველგესლა
(Chaulios Odus)
ეს თევზი ღრმა წყლის საშინელი მტაცებელია (სიგრძე 40 სმ, წონა 5 კგ). მუდმივად ღია პირითა და შიგნით დახრილი საშინელი კბილებით გაითქვა"სახელი. ამ ურჩხულს შეუძლია მასზე სამჯერ დიდი ნადავლის დაჭერა. ის 2000 მ სიღრმეზე ცხოვრობს, სადაც საკვები იშვიათად მოიპოვება, ამიტომ მისი კუჭი ქმნის მარაგს. ამ დროს თევზის სისქე ორჯერ იმატებს.