"ჰარვარდში "ხალტურა" წარმოუდგენელია" - როგორ იხსენებდა გია მაისაშვილი ჰარვარდში სწავლის წლებს?
"მახსოვს უკანასკნელი საუბარი გამსახურდიასთან, რომელმაც მითხრა, ჩვენს მიერ დაწყებულ ესტაფეტას გამგრძელებელი დასჭირდება, უცხოეთში მიღებული ცოდნა სამშობლოს უნდა მოახმაროო"
"ჩემი სტუდენტური სესხი და უნივერსიტეტის მიერ გადახდილი თანხა 120 ათას დოლარს შეადგენდა"
56 წლის ასაკში პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. მაისაშვილი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება თითქოს დაამარცხა, თუმცა, შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...
მისი მდგომარეობა ბოლო ხანს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედო იყო. ის აშშ-ში იმყოფებოდა, ოჯახი და მეგობრები მის საქართველოში გადმოყვანას ითხოვდა და ამბობდნენ, რომ ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო, თუმცა არ დასცალდათ.
გთავაზობთ გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან ინტერვიუს გია მაისაშვილთან, რომელშიც ის ჰარვარდში სწავლის წლებს იხსენებდა:
- თქვენ სწავლობდით ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლება...
- ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. იმხანად კარგად არც კი ვიცოდი, რა იყო ჰარვარდი, მაგრამ საბჭოთა სინამდვილეში ეს ერთგვარი პროტესტის გამოხატულება იყო. ჩემს მეგობრებს ეს აუხდენელ ოცნებად მიაჩნდათ, რადგან იმხანად დასავლეთში მოხვედრა მხოლოდ საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახის წევრებსა და მათ უახლოეს გარემოცვას შეეძლო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, თანამოაზრეებთან ერთად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდი. ვფიქრობდით, რა ეკონომიკური მოდელი იქნებოდა უპრიანი დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ქვეყნისთვის...
- ამბობენ, რომ თქვენ სწორედ ზვიად გამსახურდიამ გაგგზავნათ ჰარვარდში სასწავლებლად...
- არა, მთლად ასე არ ყოფილა... ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლისას ძალიან ახალგაზრდები, ენთუზიაზმით სავსენი ვიყავით... თუმცა, ახლანდელი გადასახედიდან, იმხანად ჩემი ცოდნა ეკონომიკის სფეროში ემბრიონულ მდგომარეობაში თუ იყო... ამასობაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ეროვნულ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის გამო, ჩემზე ზეწოლა დაიწყო... ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანი წრეების წარმომადგენლები, რომლებიც 15-ვე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკიდან არჩევდნენ თითო ახალგაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კალიფორნიაში სასწავლებლად და სტაჟირების გასავლელად.. ჩემი კანდიდატურა მათთვის მისაღები იყო და ასე აღმოვჩნდი ამერიკაში. საქართველოში სამოქალაქო, აფხაზეთის ომი მძვინვარებდა, კარგად მახსოვს უკანასკნელი საუბარი ზვიად გამსახურდიასთან, რომელმაც მითხრა, ჩვენს ჩირაღდანს, ჩვენს მიერ დაწყებულ ესტაფეტას გამგრძელებელი დასჭირდება, უცხოეთში მიღებული ცოდნა სამშობლოს უნდა მოახმაროო. ამ მისიით, ამ განცდით ვიცხოვრე ამერიკაში. ჯერ სტენფორდის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი... მაშინ უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა, ვიცოდი, წინ უამრავი დაბრკოლება მელოდა.
- რა ეტაპების გავლამ მოგიწიათ, სანამ თქვენს საოცნებო უნივერსიტეტამდე მიაღწევდით?
- როცა ამერიკის მოქალაქე არ ხარ და არც ინგლისურენოვანი სასწავლებელი გაქვთ დამთავრებული, აუცილებლად უნდა ჩააბარო - GMA-ი ტესტი, რომელიც მათემატიკაში, უნარ-ჩვევებსა და ინგლისურში შენს ცოდნას ამოწმებს, ასევე GRG-ი ტესტი... მიღებული ქულა კი განაპირობებს, რომელი უნივერსიტეტის კრიტერიუმი დააკმაყოფილე. თუმცა, საერთო მოთხოვნების გარდა, ყველა უნივერსიტეტს აქვს სპეციფიკური მოთხოვნები: აინტერესებთ შენი წარსული, გთხოვენ რამდენიმე ესეს დაწერას და, იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილე, გიბარებენ გასაუბრებაზე.
ჩემი გასაუბრება ჰარვარდელ გამომცდელებთან წარმატებული აღმოჩნდა, მიიჩნიეს, რომ საინტერესო პიროვნება ვიყავი ეგზოტიკური ქვეყნიდან... ამის შემდეგ, კვლავ კალიფორნიაში დავბრუნდი და მოუთმენლად ველოდი ფოსტით პასუხს ჰარვარდიდან. ყველა აბიტურიენტმა იცის, რომ მცირე ზომის კონვერტში ჩადებული წერილი უარს ნიშნავს, დიდი კონვერტის მიღება კი - დადებით პასუხს, რადგან მიღების წერილთან და მილოცვასთან ერთად მთელ რიგ დოკუმენტებს იღებ, რომელიც უნდა შეავსო. რამდენიმე არანაკლებ პრესტიჟული უნივერსიტეტიდან მივიღე დასტური ჩარიცხვაზე, მაგრამ მე ჰარვარდის პასუხს ველოდი... პასუხი ჰარვარდიდან ყველაზე ბოლოს მოვიდა და იმ დღეს მართლაც უბედნიერესი ვიყავი, ახლაც ზეპირად მახსოვს მთელი წერილი. არანაკლებ სასიხარულო იყო ჩემთვის ის, რომ სწავლის საფასურის ნახევრის გადახდა თვითონ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ითავა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვისარგებლე იმ შეღავათიანი სტუდენტური სესხით, რომელსაც ამ ქვეყნის მთავრობა გასცემს... ჰარვარდში სწავლა ძალზე ძვირია, ჩემი სტუდენტური სესხი და უნივერსიტეტის მიერ გადახდილი თანხა 120 ათას დოლარს შეადგენდა. ჩემდა საბედნიეროდ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისეთ სამსახურში ამიყვანეს, სტუდენტური სესხი ერთ წელიწადში დავფარე.
- ამბობენ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში არ მიგიღებენ, თუ ბუნებით ლიდერი, ორგანიზატორი არ ხარ.
- ამ მხრივ, ჰარვარდშიც კი გამოირჩევა ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა, რომელშიც მე ვსწავლობდი. ეს ინტერნაციონალური სასწავლებელია, მომავლის ლიდერების სამჭედლო. იქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტუდენტის პიროვნულ თვისებებს, მიზანსწრაფულობას. ისეთი საქმიანი და დაძაბული ატმოსფეროა, ძალაუნებურად ფიქრობ: შემთხვევით ხომ არ მოვხვდი აქ, ეგებ სხვა ყველა ჩემზე მაგარია? ყველაზე რთული პირველი დღეებია, ვიდრე შენს ჯგუფს გაიცნობ, შეეგუები... არასოდეს იცი, როდის გამოგიძახებს პროფესორი ამა თუ იმ საკითხზე სასაუბროდ, არც შეცდომებს მოგიტევებენ - "ხალტურა" წარმოუდგენელია. 200-250 გვერდს გაძლევენ მოსამზადებლად, მაგრამ ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, როგორ შეძლებ დროის სწორად განაწილებას, მთავარისა და მეორეხარისხოვანის გარჩევას. ამასთანავე, ჰარვარდის სისხლსავსე ცხოვრებასაც არ უნდა ჩამორჩე: ლექციების წასაკითხად შეიძლება ბილ კლინტონი ან მსოფლიო ათეულში შემავალი ბიზნესმენი მოვიდეს.
- ჰარვარდის უნივერსიტეტში ელიტური ოჯახების შვილები სწავლობენ, გაგიჭირდათ თუ არა მათ წრეში შესვლა, გქონდათ თანაკურსელებთან პრობლემები?
- ჰარვარდი მართლაც ელიტური სასწავლებელია, ყველას, ვინც იქ სწავლობს, ჰგონია, რომ მთელი მსოფლიო მასზეა დამოკიდებული, ყველა ჩვენი პროფესორი ლექციას ასე იწყებდა: თქვენ ყველაზე ძლიერები ხართ და ახლა ამ ცოდნით მსოფლიოს უნდა ემსახუროთო. ამის გამო ახალგაზრდა კაცს, შესაძლოა მედიდურობაც შეგეპაროს, თუმცა, ეს ეიფორია პირადად ჩემში მაშინვე გაქრა, რაც ერთ-ერთ უდიდეს ტრანსნაციონალურ კომპანია "ენრონში" დავიწყე მუშაობა. რაც შეეხება სტუდენტობის პერიოდს, რომ არა ის ერთი წელი, რაც ამერიკაში ჩემს მასპინძლებთან, მეგობრებთან ერთად ვიცხოვრე, ჰარვარდში სწავლა, იქაურობასთან ადაპტირება ძალზე გამიჭირდებოდა, ჩავიძირებოდი, ნაპირამდე ვერ გავცურავდი, იმისდა მიუხედავად, როგორ ვიცოდი ინგლისური თუ მათემატიკა. იმ ერთ წელიწადში ბევრი რამ გავიარე - თეფშების რეცხვიდან, მანქანაში ზეთის გამოცვლიდან დაწყებული, სხვა სამსახურებით დამთავრებული. ესეც ამერიკული ცხოვრების წესის ნაწილია.
- დღეს ხშირად საუბრობენ "ქართულ ოცნებაზე", რა არის ე.წ. "ამერიკული ოცნება", ანუ ვის მიიჩნევენ იქ წარმატებულად?
- ამერიკელების მთავარი ოცნება დამსახურებული წარმატების მიღწევაა, ადამიანი, რომელმაც თავისით, სხვების დაუხმარებლად მიაღწია ყველაფერს - შელფ-მადე პერსონ. ამერიკული ოცნების მოკლე ფორმულა ასეთია: ყველას აქვს უფლება, იოცნებოს და ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს, ეს ოცნება რეალობად აქციოს.
ნინო კვიტაშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
2012 წელი