სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ფაროსანაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის" - კვირის პალიტრა

სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ფაროსანაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის"

"ფაროსანა არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მწერი და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რამდენად არის მზად სამინისტრო მავნებელთან საბრძოლველად და პარლამენტში განხილვის მთავარი თემა ფაროსანა იქნება თუ არა.

"მე ვფიქრობ, რომ ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა. რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს. არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად, იყო სხვადასხვა ფორმატში ამის განხილვა. ვფიქრობ, რომ როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის ნაწილში ამაზე ყურადღება ნამდვილად არ უნდა გამახვილდეს, ეს ჩემი აზრია და ამაზე პარლამენტარებს მეც ვეტყვი. სამწუხაროდ, პოლიტიზებული იქნა ეს თემა, არადა არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა. ამ საკითხზე კომუნიკაცია ფერმერებთან 2017 წელს დაიწყო და შედგა. 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულად მომზადებული ხვდება, ჩატარებულია ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რაც საჭიროა ჩვენი ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მერწმუნეთ, ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ალავიძე ფაროსანასთან ბრძოლისთვის შექმნილ სახელმწიფო კომისიის სხდომებს მხოლოდ რამდენიმე წუთით ესწრებოდა.

"მინდა დავაფიქსირო, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობას კოორდინაცია არ აკლია, არ აკლდა არც 2017 წელს. აბსოლუტურად კოორდინირებულად ვმუშაობთ და ასევე გავაგრძელებთ. 2017 წელს კომისიის ფორმატი ასეთი ფართომასშტაბიანი არ იყო, თუმცა 2018 წელს ამის ფორმალიზებაც გავაკეთეთ და კომისიის სახე მივეცით ამ ყველაფერს, იმ ურთიერთობას, რომელიც მთავრობის სხვადასხვა ბლოკს სჭირდება ამ გამოწვევის სწორად მართვისთვის. ვფიქრობ, რომ გასულ წელს მიღებული გამოცდილებით, 2018 წელს ძალიან ეფექტურ კამპანიას ჩავატარებთ. ვფიქრობ, რომ მოსახლეობაც უფრო მომზადებულია და 2018 წელს მეტი შედეგები გვექნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"