სად დავისვენოთ?
საკურორტო სეზონი უკვე ძალაში შედის და ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს როგორ დაისვენოს, სად გაატაროს ცხელი ზაფხული, რომელიც ზოგიერთისთვის ზღვასთან, მზესთან, გარუჯვასთან არის გაიგივებული, ზოგიერთისთვის - ლურჯ მთებთან და მდინარეებთან, ხოლო ვიღაცისთვის - 40-გრადუსიან სიცხეში ასფალტიდან ავარდნილ ბუღთან…
ჩვენ დავინტერესდით, სად და როგორ აპირებენ დასვენებას თბილისელები და მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობა მთელ ზაფხულს თბილისში გაატარებს. ამის მიზეზი კი ძირითადად მატერიალური სიდუხჭირეა.
გიორგი მ.: - ჩემისთანები დასასვენებლად არ მიდიან, - უმუშევარი ვარ და ისედაც მთელი წელი დასვენებული არა ვარ? პროფესიით ინჟინერი ვარ, როგორც ჩემი ლექტორები ამბობდნენ, მთელ კურსზე ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული სტუდენტი ვიყავი, მაგრამ რად გინდა? 52 წლის ასაკში ზედმეტ ადამიანად ვიქეცი. ვის რაში სჭირდება ინჟინერი, რომელიც ერთ დროს კარგ სპეციალისტად ითვლებოდა, ახლა კი ცოლის კმაყოფაზე ცხოვრობს?!
ისე კი, გირჩევთ, მსგავსი შეკითხვებით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიხვიდეთ, დასასვენებლად ისინი წავლენ, გამრავლებითაც ისინი გამრავლდებიან და ვიცხოვრებთ "ნაცების რესპუბლიკაში"… ეს ქვეყანა ისედაც მაგათია და არა ჩვენი!
ნინო ლ.: - საბედნიეროდ, დუშეთში პატარა სახლი გვაქვს და ზაფხულობით იქ მივდივართ ხოლმე. ჩვენს ოჯახს ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ დასასვენებლად საგანგებოდ წავიდეს. მამა-პაპური აგარაკი რომ არა, მთელი ზაფხულის თბილისში გატარება მოგვიწევდა.
დავით კ.: - დასვენება კი არა, ზოგჯერ სიცოცხლეც აღარ მინდა ისეთ მდგომარეობაში ვარ: ვალი ავიღე და პატარა მაღაზია გავხსენი ქალაქის ცენტრში. ერთი კვირის დაწყებულიც არ მქონდა მუშაობა, სალარო-აპარატის გამოყენებაც კი არ ვიცოდი ხეირიანად, შემომივარდა საგადასახადო პოლიცია და დამაჯარიმა. წარმოიდგინეთ, ათ დღეში 2 ათასი ლარის ჯარიმა გადავიხადე. სამი შვილი მყავს, სამივე ბიჭია, მომავალი ხომ უნდათ, ოჯახები ხომ უნდა შექმნან? სულ იმაზე ვფიქრობ, ოჯახში როგორმე ორი კაპიკი შევიტანო, დასვენებისა კი რა მოგახსენოთ, მე მგონი, კიდევ დიდხანს ვერ მოვახერხებ. სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლება დაისვენებს ჩვენი ჯიბიდან ამოღებული კაპიკებით, შეიძლება საქართველოს კურორტები არც იკადრონ და უცხოეთში გაეშურონ გასაკაჟებლად და ენერგიის მოსაკრებად.
ეკა ი.: - დასასვენებლად ნამდვილად ვერ წავალ, რადგან სამსახურს ვერ დავტოვებ. პროფესიით ეკონომისტი ვარ და მაღაზიაში ვმუშაობ გამყიდველად. ალბათ, ვიღაცას შეუძლია ყველაფერი მოიკლოს, თანხა დაზოგოს და წელიწადში ათი დღე მაინც უზრუნველად გაატაროს. მე ამის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, მშობლები ჩემს იმედად არიან და საკუთარი სიამოვნებისთვის მათ ვერაფერს მოვაკლებ.
შალვა მ.: - ივლისის დასაწყისში ვაპირებ თურქეთში წასვლას მეგობართან ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ დასვენება უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბათუმში, ან ქობულეთში. ზღვაც უფრო სუფთაა და პირობებიც უკეთესი. შეიძლება ხელსაყრელ ფასში იშოვნო ბინა და კარგადაც დაისვენო. არც კოღოები შეგაწუხებენ და არც "საყვარელი მეზობლები” ჩაყოფენ ცხვირს შენს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, სომხებს რომ შეეძლოთ თურქეთში წასვლა, ისინიც ანტალიასა და რიზეში არჩევდნენ დასვენებას. ახლა კი, ქობულეთსა და ბათუმში ატარებენ ზაფხულს და ჩვენს პლაჟებზე ირუჯებიან, გრიალებენ ბარებსა თუ რესტორნებში, სადაც წარწერები სომხურ ენაზე უხმობს აწ უკვე მასპინძლებად ქცეულ სომეხ სტუმრებს... ჩვენ კი, ქართველები, სტუმრებივით ვართ მშობლიურ აჭარაში.
P.S. ჩვენ გადავამოწმეთ, რა ღირს დასვენება უცხოეთში და რამდენიმე ტურისტულ სააგენტოს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ თურქეთის კურორტებზე დასვენება დაახლოებით იგივე ღირს, რაც საქართველოს შავიზღვისპირეთში, ხოლო ეგვიპტეში - უფრო იაფიც კი. "საკვირველი აქ არაფერია - გვითხრა ტურისტული კომპანია "ბერიკას" წარმომადგენელმა, იქ კონკურენცია მაღალია, ფასები კი - შესაბამისად დაბალი. ასე რომ, ანტალიასა და ქობულეთში დასვენება დაახლოებით ერთი და იგივე დაგიჯდებათ, თუ რა თქმა უნდა, გზის ფულს არ გავითვალისწინებთ."
ერთი სიტყვით, ზაფხულის ცხელი დღეები წინ გაქვთ, არჩევანი კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გაემგზავროთ. თქვენი ოჯახის ბიუჯეტი ხელს არ გიწყობთ? - სხვა რა გზაა, თავი უნდა გაიმხნევოთ და ხვალინდელი დღის იმედით, მომავალ ზაფხულს დაელოდოთ…
ხათუნა ჩიგოგიძე