"ნახეთ, როგორ იცვამენ CNN-ისა და BBC -ის წამყვანები" - პირველი ქართველი სპორტული ჟურნალისტი ქალი - კვირის პალიტრა

"ნახეთ, როგორ იცვამენ CNN-ისა და BBC -ის წამყვანები" - პირველი ქართველი სპორტული ჟურნალისტი ქალი

"დეკოლტეთი და მაისურით რომ გამოდიხარ ხალხის წინაშე, ეს ყოვლად მიუღებელია"

ფოტოგალერეა

თამარ ბალავაძე პირველი სპორტული ქალი ჟურნალისტია. მისი მოღვაწეობის პერიოდი საკმაოდ დიდი დროს ითვლის. სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო მაყურებლისთვის სპორტული ამბების მოყოლა.

მისგან სპორტისადმი დიდი ინტერესი არავის უკვირდა, ის ხომ თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ვახტან ბალავაძის ქალიშვილია.

ამბობს, რომ მამასთან ერთადერთი ინტერვიუს ჩაწერა ერთადერთხელ, ქართული სპორტის შესახებ დიდ ვიდეოფილმზე მუშაობისას მოუწიამ, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

- უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, როდესაც, გავიგე, რომ ტელევიზიაში წამყვანს ეძებდნენ. მივედი და ჩამწერეს საცდელად, ნუგზარ ფოფხაძეს რომ უნახავს ეს ჩანაწერი, მოვწონებივარ. ერთ კვირაში მომამზადეს და "მოამბეში" სპორტის ამბების წაყვანა, თემურ ჯაფარიძესთან და ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად, დავიწყე. რთული პერიოდი იყო ძალიან, არ იყო კამერები, წესიერი განათებები და გვიწევდა საშინლად მძიმე პირობებში მუშაობა. მაშინ პირდაპირი ეთერი არ იყო, გადაცემებს ვწერდით. არ იყო ვიდეოკასეტები, ფირზე ხდებოდა გატარება, შემდეგ ველოდებოდით როდის გამჟღავნდებოდა. როდის დამონტაჟდებოდა. ხშირად ეს წვალება წყალშიც კი იყრებოდა. სპორტული ბლოკი მოამბის ბოლოს იყო ხოლმე და ხშირად ხდებოდა ისე, რომ საინფორმაციო თავისთვის განკუთვნილ დროს გადააჭარბებდა და სპორტს დრო არ რჩებოდა. იმ დღის ნაწვალები წყალში იყრებოდა.

- სტუდიიდან წაყვანის გარდა გამოდის სიუჟეტების მომზადებაც თქვენვე გიწევდათ?

- დიახ, ასე იყო. ჩვენვე ვამზადებდით სიუჟეტებს. დღეს წამყვანის მოვალეობა ხომ მხოლოდ სტუდიაში ჯდომა და სუფლიორიდან წაკითხვაა, კორესპონდენტები კი დარბიან მასალების შესაგროვებლად. ჩვენ ასეთი ფუფუნება სად გვქონდა. არ გვქონდა კომპიუტერები, სუფლიორი, ინტერნეტი. საქალაქთაშორისო ტელეფონზე ვიყავით დაკიდებულები და მორიგე ქალბატონებს ვეხვეწებოდით, რომ დავეკავშირებინეთ ამა თუ იმ ქალაქთან, როდესაც უცხოეთში სპორტული მოვლენები ხდებოდა.

- ალბათ, ხშირად გიწევდათ სიუჟეტის მოსამზადებლად გასულებს გაუმართავი კამერების გამო, ხელცარიელი დაბრუნება...

- რამდენიც გინდათ. 1981 წელს, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება იყო და თბილისის "დინამო" თამაშობდა. მატჩს ბრეჟნევი უნდა დასწრებოდა, მისი ჩამოსვლა იყო დაგეგმილი. წინასწარ კი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა თავიანთი კამერებით, რომ გადაეღოთ მისი თბილისში მოგზაურობა. ნუგზარ ფოფხაძემ დამირეკა, რომ ოპერატორებს უნდა გავყოლოდი და დახვედრის ცერემონიალი გადაგვეღო. წავედით გადასაღებად, ტრაპთან უამრავი გულშემატკივარი ელოდებოდა ფეხბურთელებს, იქამდე ვერც მივაღწიეთ. ოპერატორმა მითხრა - ამ კამერებს ხალხს ვერ დავალეწინებ, მათ გამო ციხეში ვერ წავალო. წამოვედით ხელცარიელები. მხოლოდ ერთი კადრის ამარა, სადაც მხოლოდ თვითმფრინავის დაფრენის მომენტი იყო ასახული...

ამას წინათ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიალი იყო და მე და თემურ ჯაფარიძემ გავიხსენეთ ეს ამბები, ახლა კი ვიცინეთ, მაგრამ კოშმარი იყო ხოლმე.

- კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად იქნებოდით ალბათ...

- 1989 წელს სომხეთში სპიტაკის მიწისძვრა რომ მოხდა, მაშინ გადაცემა "ნაშუადღევი" მიმყავდა. ვზივარ სტუდიაში და ვხედავ სარეჟისორო ოთახში ხალხში პანიკა იყო და გადიოდნენ ოთახიდან. გადაცემის წაყვანა გავაგრძელე, მაგრამ მალევე ჩემმა ოპერატორმაც დატოვა სტუდია, იგრძნობოდა საშინელი ბიძგები, ვთქვი, - ვაიმე, მიწისძვრაა მეთქი და გავედი სტუდიიდან. შემდეგ სულ ამას მახსენებდნენ და ერთგვარ კურიოზადაც კი იქცა.

- შემდეგ იყო ტელეკომპანია "იმედი"...

- "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ ჩათვალეს, რომ ძველი კადრები უნდა ჩაენაცვლებინათ ახლით და "პირველი არხიდან" ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. მერე მქონდა ჩემი სპეციალური გადაცემა "იმედზე", რომელსაც "ოლიმპიური ინტერიერი" ერქვა. შემდეგ დავიწყე დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა. ეს იყო დოკუმენტური ფილმების სერიები "ათენიდან ათენამდე". აქ არის ქართული ოლიმპიური და ქართული სპორტის მთელი ისტორიაა, რომელიც 13 სერიისგან შედგება. ეს სახელი კი იმიტომ დავარქვით, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს გაიმართა ათენში და ეს სერიალი მომზადდა 2004 წლის ათენის ოლიმპიადისათვის. ფილმის თანაავტორი ასევე სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი გახლავთ. შემდეგ ეს ფილმი წარდგენილი იყო სახელმწიფო პრემიაზე, თუმცა პრემია რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთმა აჭარელმა კაცმა მიიღო, რომელსაც წიგნი ჰქონდა წარდგენილი შინაარსით "ვარდების რევოლუციაზე".

- დღევანდელ წამყვანებზე რას გვეტვით?

- ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ. მიმაჩნია, რომ ზოგადი განათლების, ინტელექტის პრობლემები აშკარაა, მეტყველების მანერა და სიტყვების მარაგიც არასაკმარისია, როგორც ეს წამყვანს უნდა ჰქონდეს და როგორიც მას ეკადრება. რაც შეეხება ჩაცმულობას, სულ მიკვირს, ამ დროში ხომ მაინც არ ჭირს "სი-ენ-ენ"-ის და "ბი-ბი-სი"-ის ყურება, შეხედონ მათ, როგორ იცვამენ წამყვანები ან უბრალოდ ჟურნალისტები. ხომ უნდა არსებობდეს დრესკოდი. დეკოლტეთი და მაისურით რომ გამოდიხარ ხალხის წინაშე, ეს ყოვლად მიუღებელი და არასასიამოვნოა ჩემთვის.

იხილეთ უნიკალური ფოტოები თამარ ბალავაძის არქივიდან

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)