საქართველოს საზღვრების გასაკონტროლებლად, უკონტროლო პერიმეტრებსა და ე.წ. მწვანე ზოლებზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვრებზე არსებული უკონტროლო პერიმეტრების გაკონტროლებას სათვალთვალო კამერებით გეგმავს. საზღვრის დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვრის მიმართულებით შსს-ს უმთავრესი პრიორიტეტი ტექნოლოგიების განვითარებაა. გარდა ამისა, როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მოხდება ადამიანური რესურსების გაძლიერებაც.
"ჩვენ მოვახდინეთ საკითხების იდენტიფიცირება და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. პირველი - ეს არის ტექნოლოგიების განვითარება და გაძლიერება. მეორე - ეს არის თანამშრომლების გადამზადება ძალიან ბევრი მიმართულებით. მესამე - ეს არის ადამიანური რესურსების გაძლიერება. საზღვარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მეოთხე მიმართულებაა, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ანუ გარკვეული ბაზების შექმნა, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და საზღვრის მართვა გაცილებით უფრო ეფექტურად მოხდება. თუმცა ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები და ტექნოლოგიები, რაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან და ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან ინტენსიურადაა დაწყებული", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ტექნოლოგიური გაძლიერება უკონტროლო საზღვრებისა და ე.წ. მზვანე ზოლების გაკონტროლებას შეუწყობს ხელს.
"იქ სადაც არაა საკმარისი, დამონტაჟდება გაცილებით უფრო მეტი კამერები. ასევე მოხდება სხვა მხრივ ტექნოლოგიური გაძლიერება, რაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.