არჩილ ტატუნაშვილის მამა: "ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დედას შვილის ცხედარი დავუბრუნო და დაიტიროს როგორც წესია"
"ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დედას შვილის ცხედარი დავუბრუნო და დაიტიროს როგორც წესია", - ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, ცხედრის გადმოსვენება იმიტომ ჭიანურდება, რომ ის ნაწამებია და არ უნდათ ეს ყველამ გაიგოს.
იმ შემთხვევაში თუ ცხედრის გადმოცემა კვლავაც გაჭიანურდება, გიორგი ტატუნაშვილი ავტობანზე რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვას მოითხოვს.
"აჭიანურებენ ცხედრის გადმოცემას. მათთან მოლაპარაკებები ძალიან რთულია, მაგრამ ჩართულია ყველა უწყება, რომ როგორმე მოხდეს დროულად გადმოსვენება. იმიტომ აჭიანურებენ გადმოსვენებას, რომ ჩემი შვილი ნაწამებია. რომ არ გახმაურდეს, არ გაიგოს ყველამ, რომ ჩემი შვილი ტანჯვა-წამებით მოკლეს, ამიტომაც ჭიანურდება. ჩემი შვილი ბორკილებდადებული წიყვანეს. ფიზიკურად ძლიერი იყო, ალბათ არ ემორჩილებოდა, წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომაც მოკლეს. მე კიდევ ველოდები ცხედრის გადმოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდრე ცხედარს არ გადმოგვცემენ, არც ერთი რუსული მანქანა არ გაივლის ავტობანზე", - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
იხილეთ: "ბიჭი მოკლეს, თანაც - მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება!"