"ფაზლივით ნელ-ნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება"
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იუბილარია და საკუთარ დაბადების დღეს "ფეისბუკის" საშუალებით გამოეხმაურა.
"40 წელი. მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანის ცხოვრებაში. საკრალურიც. თითქოს ბიბლიური მოსესავით გავდივართ საკუთარი ცხოვრების გზას, ვიზრდებით, ვყალიბდებით და ვაღწევთ მიზანს. ახლა, უკან რომ ვიხედები უფრო ვაფასებ თითოეულ განვლილ წუთს, დღეს თუ წელს. ხელახლა შევიგრძნობ თითოეულ მოვლენას - გამარჯვებას თუ დამარცხებას, სიხარულს თუ ცრემლს. ფაზლივით ნელ-ნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება დაწყებული სამტრედიიდან… თბილისი, კიევი, მილანი… და სამშობლოში დაბრუნება. საქართველოში დაბრუნება. ახალი ეტაპი ცხოვრებაში, ახალი კარიერის დასაწყისი, ახალი გამოწვევები, მიზნები და მათკენ სავალი გზები. 40 წელი თითქოს ბევრია. თან ცოტაცაა, უკმარისობის გრძნობა და მიღწეულით კმაყოფილება ერთმანეთს ენაცვლება. მიუხედავად ბევრი წყენის, გაუგებრობის, უბედურების თუ იმედგაცრუების, არის უფრო ბევრი სიხარული, გამარჯვება და მიღწეულით კმაყოფილება, არის სიყვარული, ოჯახი, შვილები და საყვარელი საქმე. 40 წელი "ჩავხურე"... მადლობა ამ წლებს, რომ მომცა ზრდის საშუალება, მასწავლა, მატარა, გამოცდილება შემმატა. მადლობა ამ წლებს, რომ დამანახა ჩემი შესაძლებლობები, მაშინაც კი, როცა ამის დანახვა არავის სურდა ირგვლივ. მადლობა ამ წლებს, რომ დღეს აქ ვარ და ვაკეთებ იმას რაც მომწონს, რაც მატარებს მომავლისკენ, რაც მაძლევს საშუალებას ვიყო ვიღაცისთვის საჭირო, ვაკეთო სასარგებლო საქმე. მადლიერი ვარ ჩემი დიდი ოჯახის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც გვერდში დგომით მომცა იმის საშუალება ასე ვიფიქრო, ასე ვგრძნობდე, ასე ვაფასებდე და იმედით ვუყურო მომავალს. მადლობა ყველას მოლოცვისთვის" - წერს კალაძე.