"თურმე მდინარეში ჩემი შვილი იხრჩობოდა" - კაცი, რომელმაც 8 წლის ლუკა ადიდებულ მდინარეს გამოსტაცა
"არც დავფქრებულვარ მდინარეში ისე გადავეშვი, ან სხვა რა უნდა გამეკეთებინა?!"
8 წლის ახალციხელი ბიჭის, ლუკა აბგარიანის სიცოცხლე სულ რამდენიმე წამში დამთავრდებოდა, რომ არა საბავშვო ბაღის დარაჯის ზაზა გელაშვილის თავგანწირვა, ის ადიდებულ მდინარეში ბავშვის გადასარჩენად განწირული ყვირილის გაგონებისთანავე გადაეშვა. ზაზას თან პატარა შვილი ახლდა, რომელიც მდინარის ნაპირზე დატოვა.. ასე აჩუქა მან პატარა ლუკას სიცოცხლე.
საბავშვო ბაღის დარაჯმა თავდაპირველად ინტერვიუზე უარი გვითხრა, - რა გავაკეთე ისეთი, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავიო, ძალიან რომ ვთხოვეთ ხათრი აღარ გაგვიტეხა.
- განსაკუთრებული არაფერი მიქნია. შვილი პატარა მყავს, როცა ის სკოლიდან გამოვიყვანე, ზუსტად ამ დროს შემომესმა ვიღაცის განწირული ყვირილი, - მიშველეთო! გავიხედე და მდინარესთან კაცი ყვიროდა, წყალს ბავშვი მიაქვს და გვიშველეო! ამ კაცის სახელი არ ვიცი, მაგრამ ის პირველი გადახტა წყალში, უბრალოდ, ტალღებს ბიჭი იმდენად სწრაფად მიჰქონდა, ვერაფერი მოახერხა... არც დავფიქრებულვარ მდინარეში ისე გადავეშვი, ან სხვა რა უნდა გამეკეთებინა?!
- ეს როგორ მოხდა, ბავშვი წყალში როგორ ჩავარდა?
- ბავშვი იმ ადგილიდან, სადაც წყლიდან ამოვიყვანე, საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს; დედამისს ბებიასთან ჰყავდა დატოვებული, ის კი სტადიონზე გამოიქცა სათამაშოდ. იქ თავისივე ტოლი გოგონა დახვდა და თამაშში გაერთნენ. სტადიონი მდინარესთან ახლოს არის, ლუკას დარტყმული ბურთი მდინარის ნაპირზე ჩავარდა. ბავშვები ბურთს გაჰყვნენ; იქ ლუკა ბურთის ასაღებად წყალგაყვანილობის მილზე შეხტა, ფეხი დაუცურდა და წყალში აღმოჩნდა. მდინარე ფოცხოვი პატარა მდინარე არ არის, თანაც ამ დღეებში წვიმებისაგან ადიდდა და ბავშვი დაახლოებით 200 მეტრზე გაიტაცა. ლუკას ბედი იყო, რომ მისი თანატოლი გოგონაც საზრიანი აღმოჩნდა, რომ დაინახა მისი მეგობარი მდინარეს მიჰქონდა, საშინელი ყვირილი ატეხა, თორემ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
- ამხელა მანძილზე ბავშვი როგორ არ ჩაიძირა?
- საბედნიეროდ, ლუკა ცურვაზე დაჰყავდათ, წყალს ებრძოლა. თუმცა, ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებდა. რომ ამოვიყვანე, გონზე ჯერ კიდევ იყო, თუმცა მოძრაობა უჭირდა, ხელ-ფეხი გაყინული ჰქონდა. ნაპირზე რომ ამოვიყვანე, ბავშვი ვიცანი კიდეც, - დედამისი ჩემი მოგვარეა, იქვე მუშაობს, სადაც ლუკა წყლიდან ამოვიყვნე და ვიღაცას ვუთხარი, წადი, ბავშვის დედას დაუძახეთ-მეთქი. მერე სასწრაფოც მოვიდა და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს; მთლიანად გაყინული იყო.
ლუკას დედა კი, გადატანილი სტრესის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ჯერაც ვერ დაუბრუნდა.
თეა გელაშვილი (ლუკას დედა):
- ყვირილი რომ ატყდა - ბავშვი იხრჩობოდაო, მაშინვე გულგახეთქილი წამოვხტი, თუმცა, ვერაფრით მოვიფიქრე, რომ ეს ჩემი შვილი იყო; ასე შორს თუ წამოვიდოდა საცხოვრებელი სახლიდან, რას წარმოვიდგენდი... არადა, თურმე მდინარეში ჩემი შვილი იხრჩობოდა… მერე კი არც მახსოვს, როგორ მივედი ბავშვთან, როგორ შევეხე. მარტო ის მახსოვს, რომ შვილს ვიხუტებდი და იმაზე ვფიქრობდი, - კი მაგრამ რატომ ვართ ამ მდინარის პირას მე და ლუკა მარტო, ხალხმა რატომ დაგვტოვა-მეთქი! არადა, ამ დროს ვინ დამტოვებდა, - თურმე გვერდით უამრავი ხალხი მყავდა, მელაპარაკებოდნენ, მამშვიდებდნენ, მე კი კარგა ხანს ლუკას გარდა ვერავის ვხედავდი, არავის ხმა არ მესმოდა…
სიტყვები რას ეყოფა იმ ორი ადამიანის სიკეთეს, რომლებმაც ღვთის შეწევნით შვილი თავიდან მაჩუქეს... ზაზას მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე... იმ პატარა გოგონას მადლიერი, რომელმაც ყვირილით ქვეყანა შეძრა, - არიქა, ლუკა გადაარჩინეთო! ხომ შეიძლებოდა, შეშინებოდა და გაქცეულიყო? ნამდვილად ვიცი, რომ ეს სიკეთე ყველა მათგანს ოდესღაც წინ დაუხვდება…
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)