"იმედი მაქვს, რომ ზუგდიდის თეატრი მალე აღდგება" - "მეფე ლირი" სამეგრელოში - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, რომ ზუგდიდის თეატრი მალე აღდგება" - "მეფე ლირი" სამეგრელოში

ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" არაჩვეულებრივ ღონისძიებებზე ბევრჯერ დამიწერია, შესაბამისად, ვერც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მუდამ ანშლაგით მიმდინარე სპექტაკლის - რეჟისორ ზურაბ გეწაძის "მეფე ლირის" გასტროლს გამოვტოვებდით.

"არტ-უნივერსალის" ხელმძღვანელი ხატია ჯანაშია ყოველთვის პოულობს საფუძვლიან "მიზეზს", არგუმენტს, ისეთს, წყალი რომ არ გაუვა, კონკრეტული თვალსაჩინო პიროვნების, თეატრისა და სპექტაკლის მშობლიურ ქალაქში მიწვევა რომ გაამართლოს. ჰოდა, ამჯერადაც გაჭრა და უარისთვის ნამცეცი ადგილიც არ დაუტოვა თეატრის ხელმძღვანელობას - ეს გახლდათ თუმანიშვილის თეატრის პირველი გასტროლი ზუგდიდში და, ამავე დროს, ზურაბ გეწაძისეული "მეფე ლირის" პირველი გასტროლი საქართველოში, ყველაფერს კი ჩვენი საყვარელი კინომსახიობთა თეატრის საიუბილეო წელი აერთიანებდა - 2018 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს "თუმანიშვილელებს" 40 წელი შეუსრულდათ.

ტექნიკური თვალსაზრისით, იოლი არ იყო, ამ სპექტაკლის ზუგდიდში თამაში. ზოგადად, ალბათ, საქართველოს ნებისმიერ ქალაქშიც გაძნელდებოდა. ამას ისიც ერთოდა, რომ წინა დღეებში მთავარი როლის შემსრულებელი, ყველასთვის საყვარელი ზურაბ ყიფშიძე შეუძლოდ შეიქნა, ხოლო მის გარეშე სპექტაკლი ვერ შედგებოდა. გარდა ამისა, დღესდღეობით საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი - ზუგდიდი უთეატროდაა დარჩენილი. მისი შენობის რეაბილიტაცია ახლახან დაიწყო. ამიტომ ყველა მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის - თეატრალური წარმოდგენები, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დარბაზში ეწყობა, დარბაზი კი, სამწუხაროდ, ვერ თბება... და მიუხედავად ამდენი დაბრკოლებისა, თუმანიშვილის თეატრი ზურაბ ყიფშიძესთან, მთელ შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ზუგდიდს მაინც ესტუმრა, დარბაზში კი სრული ანშლაგი დახვდა - ძვალსა და რბილში გამავალ სიცივეს არც სცენაზე მდგომები შეუშინებია, არც თეატრის ტექნიკური ჯგუფი, არც მასპინძელი ცენტრის თანამშრომლები და არც შესანიშნავი ზუგდიდელი მაყურებელი!

თვალცრემლიანი ადამიანები სამ საათ-ნახევრის განმავლობაში, სუნთქვაშეკრული უყურებდნენ სპექტაკლს, მსახიობებს კი ოდნავადაც ვერ შეამჩნევდით შეციებას - ყველა ეპიზოდი უმაღლეს დონეზე შეასრულეს.

ემოციები კარგა ხანს გაგრძელდა, შთაბეჭდილებებსაც გზადაგზა ვისმენდი, თუმცა რესპონდენტად მაინც უშუალოდ ის ადამიანი ავირჩიე, ვინც "მეფე ლირის" დედაქალაქიდან "გასვლის" გადაწყვეტილება მიიღო - რატომ დათანხმდა ზუგდიდში გასტროლს და რა მნიშვნელობას ანიჭებს მსგავს გასვლებს თუმანიშვილის თეატრის მმართველი და სპექტაკლ "მეფე ლირის" რეჟისორი ზურაბ გეწაძე?

ზურაბ გეწაძე:

- თეატრი, მით უმეტეს ის, რომელსაც სახელმწიფოს თანადგომა აქვს და რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, ერთ ქალაქს არ მიეკუთვნება, ხომ? მისი შემოქმედება ყველა რეგიონმა და საქართველოს ყველა ქალაქმა უნდა ნახოს, ამის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მწამს...

ზურა გეწაძე ხატია ჯანაშიასთან ერთად

- ამის ტრადიცია საქართველოში არსებობდა, დღეს კი, სამწუხაროდ, მოვიკოჭლებთ...

- გეთანხმებით, მოვიკოჭლებთ და ამას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ზუგდიდის შემთხვევაში ასეთი ამბავი მოხდა: მართალია, აქ თეატრის შენობა არ არის, ხოლო ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი, სადაც სპექტაკლი წარმოვადგინეთ, ტექნიკურად ისე გამართული არაა, მსგავსი სპექტაკლი რომ ითამაშო, მაგრამ გავითვალისწინეთ ის, რომ ჩვენ ზუგდიდში არასდროს ვყოფილვართ გასტროლზე (მიკვირს, რომ ასეა, მაგრამ - ფაქტია!), ისიც, რომ ამჟამად ქალაქი უთეატროდაა დარჩენილი, ადამიანებს კი სპექტაკლების ნახვის დიდი სურვილი აქვთ - ეს, ყველაფერი ისე მოიტანა ხატია ჯანაშიამ ჩვენამდე, ისე შემოგვთავაზა და გვთხოვა, რომ დავთანხმდით - გავრისკეთ და ეს ნაბიჯი გადავდგით. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდით, რა და როგორ გამოვიდოდა, თავად ჩვენი სცენაა ყველა სხვა სცენისგან განსხვავებული. ეს სცენა შექსპირისეული სცენის მოდელია და ბატონ მიხეილ თუმანიშვილის იდეით დაპროექტდა. მას არც კულისები აქვს, არც ფარდა და ბევრი სხვა დეტალიც განასხვავებს კლასიკური სცენისგან. მოკლედ, ამას ტექნიკური პრობლემებიც დაერთო და ამიტომ თეატრში, ფაქტობრივად, მთელი აპარატურა ჩამოვხსენით და ზუგდიდში წამოვიღეთ, წინასწარ ვთხოვეთ და ხატიამ რაღაცები დაგვახვედრა, ოღონდ ჩვენთან თუ ორ გამნათებელს მიჰყავს სპექტაკლი, ზუგდიდში - ოთხს მიჰყავდა და მეც კი ჩავერთე ამ, ჩემთვის უცნობ საქმეში. მთავარია, სპექტაკლი შედგა, ვითამაშეთ და მაყურებელს მაქსიმალურად წარვუდგინეთ ის ხარისხი, რაც არის ჩვენთან, თეატრში. მსახიობებიც და ტექნიკური პერსონალიც მაქსიმალურად დაიხარჯა.

ძალიან მიხარია, რომ ზუგდიდში არის ასეთი კარგი, ინტელექტუალური მაყურებელი, რომელიც ყველაფერს ზუსტად ისე აღიქვამდა, როგორც ჩვენი თეატრის უკვე განებივრებული, კრიტიკოსებით სავსე დარბაზი - ქართველები, ხომ, ასე ვართ: ორასკაციან დარბაზში ორასივე კრიტიკოსია - უარყოფითი კუთხითაც და დადებითითაც. აზრთა სხვადასხვაობა კი სულაც არ არის ცუდი...

- იმედია, ერთ დროს თეატრალური წარმოდგენებით განებივრებულ ზუგდიდშიც მალე გამოცოცხლდება თეატრალური ცხოვრება. ვფიქრობ, თქვენი გასტროლი ზუგდიდის თეატრის მხარდაჭერაც იყო...

- საერთოდ, ნებისმიერ ქალაქში რომ ჩადიხარ, თუნდაც - უცხოეთში, პირველ რიგში კითხულობ, არის თუ არა იქ თეატრი ან ოპერა. სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავ ქალაქის დონეს, რადგან თეატრი მხოლოდ ერთი ან ორი სპექტაკლი არ არის. მისი თითოეული წარმოდგენის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს - დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი, მუსიკალური გამფორმებელი, ქორეოგრაფი, ბუტაფორი თუ სხვა და ქალაქსა თუ სოფელში, რაც მეტია თეატრი, მით უფრო მაღალი დონისად მიიჩნევა იგი, რადგან იქაური საზოგადოების კულტურის დონეს სწორედ მისი არსებობა ამაღლებს, ხომ? ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქში თეატრის არსებობა. მეც იმედი მაქვს, რომ ზუგდიდის თეატრი მალე აღდგება და თავის მაყურებელს კარგ წარმოდგენებს უჩვენებს.

ირმა ხარშილაძე