საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, უზბეკეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს - კვირის პალიტრა

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, უზბეკეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს, უზბეკეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს 2, უზბეკეთის 1 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.