"გიგოს გორაზე დაკრეფილი იებით გილოცავ, დედა!"
"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო." გოდერძი ჩოხელი
დაიწყო მარტი და მომრავლდნენ გაზაფხულის მახარობლებით სავსე თაიგულებიანი მანდილოსნები ქუჩებში. დედის დღე ხომ გაზაფხულის პირველი დღესასწაულია.
"შენ ფანჯარას გააღებ, ის - დაკეტავს..."
ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი: "ქალი მოვლენათა მწკრივში პირველ ადგილზეა. ქალს რომ იტყვი, იქ მოვლენა და მოქმედებაა. კაცის თვალით დანახული ქალი სულ სხვაა. ურთიერთობა ძალიან რთულია - შენ ფანჯარას გააღებ, ის - დაკეტავს. სხვადასხვაგვარი ზრახვა აქვთ. ქალს ლოგიკაც სხვა აქვს, ამოუცნობი და ახლობელი...
და მაინც, ქალი არის საწყისი ყველაფრის. დედა ყველაზე ნათელი გრძნობაა. ადამიანი კომპლექსებით მაშინ არის დაავადებული, როცა დედა არ ჰყავს, ან მისი სითბო აკლია... დედა - ეს სიტყვა ყველა ენაზე რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს: სიცოცხლის საწყისს, გამეორებას, დაბადებას, სიფაქიზეს, სიყვარულს...
"ჩემი ეკრანული დედა სულ გვაშანტაჟებს"
ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი: "სამი გადარეული ბიჭის გაზრდა ადვილი არ იყო, თან - 90-იანებში. თუ რამ კარგი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, დედის დამსახურებაა. ისეთ ზღვარს იცავდა ურთიერთობაში, რომ ჩვენით მივეყვანეთ დასკვნამდე, რა არის კარგი და რა - ცუდი.
ჩემი რეალური და ეკრანული დედა რადიკალურად განსხვავებულები არიან. ეკრანული დედა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ქოთქოთა და ემოციური მყავს, აქეთ უნდა აწყნარო, სულ გვაშანტაჟებს, თუ კარგად არ მოიქცევით, ცუდად გავხდებიო, ნამდვილი კი ტაქტიანია, გაწონასწორებული. ყველაფერს აკეთებს, რომ არ ავფორიაქდეთ და მშვიდად ვიყოთ. აბა, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება დედისა და ღირსეული მანდილოსნების გარეშე".
"ბედნიერი ვარ, 60 წლის კაცს დედა რომ მყავს"
მამუკა ჩარკვიანი, კომპოზიტორი: "ხშირად მახსენდება, დედა ჩუმად როგორ მიღებდა კარს, როცა შინ გვიან ვბრუნდებოდი - მამაშენმა არ გაიგოს, ასე გვიან რომ მოხვედიო. მამა მაინც იგებდა... მინდა, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს დედები. ბედნიერი ვარ, 60 წლის კაცს დედა რომ მყავს. დედით მშვენობს გაზაფხულიც და ცხოვრებაც.
"ცხოვრება ვირის კუდივით მოკლეაო, - დედა მეუბნებოდა"
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: "დედასთან ურთიერთობა განაპირობებს, როგორ ადამიანად ჩამოყალიბდები... დედაზე მნიშვნელოვანი არაფერია ქვეყანაზე და როცა დედა მიდის, ძალიან მძაფრად გრძნობ ამას. თუმცა მაინც არ გტოვებს, იქიდან გმფარველობს, შენს გონებაში ცხოვრობს, შენს საქციელს უთანხმებ...
ერთხელ ჟურნალისტი ჩამოვიდა უცხოეთიდან და დედას ჰკითხა, თქვენ ამხელა არტისტი ხართ, როგორია თქვენი დღის განრიგი, დილა როგორ გეწყებათო? დედამ გააშაყირა: "გავიღვიძებ, ნუშისრძიან აბაზანას ვიღებ, მერე მასაჟს ვიკეთებ, მერე ვარცხნილობას ვირჩევ..." ჟურნალისტი გაშმაგებული იწერს, არაფერი გამომრჩესო. მერე დედა გაჩერდა და ჰკითხა, გჯერა, რასაც გეუბნები?... კარგი, ახლა გაჩვენებ, როგორ იწყება "ამხელა არტისტის" დღეო. ჩასვა მანქანაში და დაიწყო: ჯერ ბაზრობაზე მოაგვარა საქმე, მერე ბაზარში გამოიარა, მერე იქ, მერე აქ... ეგეთი იყო - ენერგიული, მოუსვენარი... პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა დიდი და ყველაფერს ახერხებდა. ავადაც რომ იყო, მაშინაც გამონახავდა ხოლმე საქმეს. არ დაკარგო დრო, ცხოვრება ვირის კუდივით მოკლეა, თუ რამე გასაკეთებელი გაქვს, მოასწარი, რა ნიჭიც უფალმა დაგაბერტყა, გამოიყენეო, - მარიგებდა.
"დედა რას იტყვის..."
პაატა გულიაშვილი, მსახიობი: "მე-4 კლასში სკოლა შევიცვალე. პირველ დღეს დედა გამომყვა. გამაცნო კლასელები, მერხამდე მიმაცილა და რომ დამემშვიდობა და კარი გაიხურა, ჩემი გულიც გაიყოლა... ერთხელ, დაბადების დღეზე, 10 მანეთი მაჩუქეს და დასვენებაზე კლასელი ბიჭები დავპატიჟე ნადიკვარზე (დასასვენებელი პარკია თელავში), სახინკლეში. დაგვავგვიანდა გაკვეთილზე და დედაჩემი დაიბარეს... ვინ გამოატანა ამდენი ფული, რა დროს ამათი ხინკალიაო, - უსაყვედურეს. ისეთი უხერხული მზერა ჰქონდა დედას, მაშინ საკუთარ თავს პირობა დავუდე - ისე უნდა მოვიქცე, არასდროს მოუწიოს ჩემ გამო საყვედურების მოსმენამ-მეთქი.
სკოლა რომ დავამთავრე, იმ დღიდან დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ გრძნობა - "დედა რას იტყვის" სულ თან მდევს... რთული პერიოდი გამოვიარეთ. ომი, შიმშილი, გაჭირვება. ჩვენი მშობლები ჩვენი გადარჩენისთვის იბრძოდნენ და დედის წვლილი განუზომელი იყო. ბევრი დედა იკლებდა შვილისთვის ლუკმას. სოიის კატლეტიც მახსოვს, ნამცხვარი "პაკრიშკაც"... დედის ნახელავი სხვაა, ეს რომ მახსოვს, უფრო მეტად მიყვარს მისი დაბერებული ხელებიც, თვალის გარშემო გაჩენილი ნაოჭებიც...
თელავში გიგოს გორაა - ყველაზე ადრე იქ ამოდიოდა ია. გიგოს გორაზე დაკრეფილი იებით ვულოცავდი დედის დღეს. მინდა, დიდხანს მყავდეს...
"გადის დრო და დედა მართალი აღმოჩნდება ხოლმე"
ილო ბეროშვილი, მსახიობი: "მომწონს ეს დღესასწაული, ყოველთვის ვულოცავ დედაჩემს და ჩემი შვილებიც ულოცავენ თავიანთ დედიკოს. ბევრი კარგი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში დედამ. ხანდახან ვბრაზდები, მის პოზიციას არ ვეთანხმები, მაგრამ გადის დრო და ის მართალი აღმოჩნდება ხოლმე. დედობრივი ინსტინქტით ჩვენზე ადრე გრძნობენ რაღაცებს".
ეკა სალაღაია