"ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ერმა გავიღვიძოთ?"
"არჩილის მამა ჩუმად ტირის, რომ არავინ დაინახოს მისი ცრემლები, ის ხომ გმირის მამაა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს - ხეობაში პროვოკაცია ახლა მხოლოდ რუსეთს აწყობს, ამიტომაც მაქსიმალურად ვარიდებთ თავს ყოველგვარ სპეკულაციასა თუ პროვოკაციას... დღეს რიგითი თუ სარდალი, პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირი მხოლოდ ერთი მიზნისთვის უნდა ვიყოთ მომართული - როგორმე ფეხზე დავაყენოთ ჩვენი დაგლეჯილ-დანაწევრებული სამშობლო!"
ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - არჩილ ტატუნაშვილი, სამხედრო, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს უსაფრთხოებას. მეორე კვირა იწურება და არ არის პასუხი, როდის აპირებს ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაცია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას, ასევე ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის უფლების მიცემას, რომლებიც 22 თებერვალს ომონმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გამართულ შეხვედრაზე ერგნეთში ქართული მხარე სამი მოთხოვნით მივიდა: ტატუნაშვილის ცხედრის მყისიერი გადმოცემა, იმ მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნება ქართული მხარის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ვინც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს და სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა.
ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრიდან ისე გამოვიდა, რომ მისი არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ჯერჯერობით უშედეგოა საერთაშორისო პარტნიორების კატეგორიული მოთხოვნაც, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნონ. პასუხის ნაცვლად, სეპარატისტული ცხინვალი არა მხოლოდ გადმოცემას არ ჩქარობს, ცხედრით ვაჭრობს და მოკლული არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ "ტერორიზმის ბრალდებით" სისხლის სამართლის საქმის "შეკერვას" განაგრძობს. ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შემოთავაზების შემდეგ, ბოლოს ანკლავში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს მდინარე ქსანზე არსებული საავტომობილო ხიდის ქვეშ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც არჩილ ტატუნაშვილი დივერსიას გეგმავდა. არ არის გამორიცხული, ცხინვალმა "დივერსიების" ვერსიის" გასამყარებლად ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილიც ხელახლა დააკავოს...
"ჩვენებს ემუქრებიან, პროტესტის გამოხატვა არ გაბედოთო"
ლევან შერმადინი, არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი: - აჩიკოს ბოლო რვა თვის განმავლობაში პროდუქტები შეჰქონდა ახალგორში. ბევრჯერ მითქვამს, რად გინდა შარი, დაგიჭერენ და როგორც ყოფილ სამხედროს, უმოწყალოდ გაგისწორდებიან-მეთქი. მეც ეგ მინდაო, სიცილით მპასუხობდა. არჩილი ერაყში მსახურობდა, 2008 წელსაც გამოიძახეს ომში, თუმცა ცხინვალში არ შესულა, საომარი მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, იქ არ უომია.
ახალგორში ყველა ყველას იცნობს, მაგრამ ბოლო დროს მაინც ვერიდებით ურთიერთობას - დაბაში ცხინვალის სპეცრაზმი და ომონი გააქტიურდნენ. ფაქტობრივად, კომენდანტის საათი გამოაცხადეს, გაუსაძლის პირობებში არიან ჩვენი მოქალაქეები, აშინებენ და ემუქრებიან, ტატუნაშვილზე არავის არაფერი უთხრათ და მით უმეტეს, პროტესტის გამოხატვა არ გაბედოთო.
როგორც ვიცით, ომონმა გააჩერა აჩიკოს მანქანა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელბორკილები დაადეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სად გაუსწორდნენ, არ ვიცით, თუმცა შემოგვითვალეს, ოცი შეიარაღებული ჯალათი ერთ უიარაღო ქართველს უმოწყალოდ ურტყამდა და არჩილი წინააღმდეგობას უწევდაო. ძლიერი იყო, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ვარჯიშობდა, ამიტომაც გამორიცხულია, კიბიდან ჩამოვარდნის გამო ან გულით გარდაცვლილიყო. გულს თუ ამოუღებდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩერდებოდა. ვიცით, რომ ნაწამებია არაადამიანურად, გვითხრეს, ცეცხლსასროლი იარაღიც ესროლესო. საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიუყვანიათ, ექთანს უთქვამს, ასე უმოწყალოდ ნაწამები ადამიანის ცხედარი არასოდეს მინახავსო. როგორც გვითხრეს, ცხედარი ცხინვალის პროზექტურაშია, საექსპერტო ნიმუშები კი დე ფაქტო ადმინისტრაციამ როსტოვის კლინიკაში გადაგზავნა. არჩილის მამა ჩუმად ტირის, რომ არავინ დაინახოს მისი ცრემლები, ის ხომ გმირის მამაა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს - ხეობაში პროვოკაცია ახლა მხოლოდ რუსეთს აწყობს, ამიტომაც მაქსიმალურად ვარიდებთ თავს ყოველგვარ სპეკულაციასა თუ პროვოკაციას.
მეგობრებიც თავის შეკავებას ვცდილობთ - გმირებს არ გლოვობენ, მათ გმირულ საქმეს ჰბაძავენ. ვამაყობთ, რომ არჩილი ჩვენ გვერდით ცხოვრობდა, მან ვაჟკაცობის მაგალითი მოგვცა. მთავარი ის კი არ არის, რამდენი წელი ვცოცხლობთ, მთავარია, როგორ ვიცხოვრებთ.
- არჩილის მამამ საქართველოს ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა შვილის ცხედრის გადმოსაცემად, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებსა და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდა... რას გეგმავთ, თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ გაჭიანურდა?
- ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ერმა გავიღვიძოთ? აჩიკოს სიკვდილმა კი არ უნდა დაგვაპირისპიროს და დაგვანაწევროს, არამედ შეგვკრას, გაგვაერთიანოს!
გუშინ ოთხოზორიას სისხლი შევარჩინეთ, დღეს აჩიკო მოგვიკლეს. იციან, რომ პასუხს არავინ მოსთხოვთ და ბედავენ, მომავალშიც გაბედავენ, სანამ არ გამოვფხიზლდებით.
დღეს რიგითი თუ სარდალი, პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირი მხოლოდ ერთი მიზნისთვის უნდა ვიყოთ მომართული - როგორმე ფეხზე დავაყენოთ ჩვენი დაგლეჯილ-დანაწევრებული სამშობლო! ოჯახი და ჩვენც ჯერ ისევ ველით, როგორ განვითარდება მოვლენები, არ გვინდა პროვოკაციის შესაძლებლობა მივცეთ რუსეთს...
ბაშარული, ოთხოზორია, ახლა უკვე ტატუნაშვილიც...
არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი მესამე მსხვერპლია. 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის პოლიციაში ყოფნის შემდგომ გაუჩინარდა 19 წლის დავით ბაშარული, რომელიც 2015 წლის იანვარში ახალგორის მახლობლად ტყეში მკვდარი იპოვეს. ის უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს. ამის შემდგომ მისი კვალი დაიკარგა. ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე წლების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა პასუხი არ მიუღია. 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე მიჯრით სროლით აფხაზმა მესაზღვრემ 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა. მკვლელის ვინაობა ცნობილია, თუმცა დე–ფაქტო ადმინისტრაციას ის არ დაუსჯია.
დე–ფაქტო რეჟიმებს არც ერთი შემთხვევა ჯეროვნად არ გამოუკვლევიათ.
"საუბედუროდ, ასეთია მოცემულობა... გარე ძალებს სურთ, სასოწარკვეთას მივეცეთ, მაგრამ ეს არ მოხდება!"
ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი: - ჩვენი ამოცანაა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და უახლოეს დღეებში მოვაგვაროთ ორი საკითხი - გადმოვასვენოთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი და გადმოვიყვანოთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული ჩვენი ორი მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ ყველა მექანიზმი ავამუშავეთ როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ლოკალურად, ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ, რომელიც მუდმივად ახალ-ახალ ვერსიებს გვთავაზობს, ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე არჩილს მწვავე იშემიური დაავადება ჰქონდა და ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. მუდმივად გარემოებების ცვლილება მეტ სიმძიმეს აკისრებს იმ პირთა პასუხისმგებლობას, ვინც ამაშია ჩართული.
- და სწორედ ამ მძიმე ფონზე, რას აკეთებს სახელმწიფო მოქალაქეების დასაცავად საოკუპაციო ხაზთან, ან სად არის ქვეყნის როლი ცხედრის გადმოცემის მოლაპარაკებაში?! თუ უნდა ვაღიაროთ, რომ აბსოლუტურად უსუსურნი ვართ?!
- დღეს საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია სამართლებრივი მოქმედებების ბერკეტებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საუბედუროდ, ასეთია მოცემულობა, რომელსაც წლების განმავლობაში ვუპირისპირდებით და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას. შესაძლოა გარე ძალებს სურთ, სასოწარკვეთას მივეცეთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ - დაწყებული ცხელი ხაზის აქტიური მუშაობით, საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებით, მოლაპარაკების ფორმატითა და არაფორმალური კონტაქტების გამოყენებით. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთიდან საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ, ცხედარი გადაეცემა ოჯახს, მაგრამ ჩვენს კითხვებზეც უნდა მივიღოთ პასუხი - რატომ გადაიგზავნა რუსეთში საექსპერტო ნიმუშები, როდესაც მსგავსი მოთხოვნა არ გვქონია, პირიქით, პირველივე დღიდან, დაუყოვნებლივ ვითხოვდით სანდო ექსპერტის ჩართვას გამოძიებაში.
- და ამ ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობამ წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელების დასჯაზე და მხოლოდ გამოძიების ობიექტურად ჩატარებაზეა ლაპარაკი. ამასთან, ოკუპაცია ნახსენებია როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი. რატომ ერიდებით ფაქტებისთვის კონკრეტული სახელების დარქმევას?
- პარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს იმ მოცემულობას, რაც დღეს გვაქვს - ეს არის ოკუპაცია და აუცილებელია კონფლიქტის გადაწყვეტა. კონფლიქტის გადაჭრა უზრუნველყოფს არა მხოლოდ საქართველოში სტაბილურ გარემოს, არამედ ევროპაშიც. ოკუპაცია განაპირობებს გადაუჭრელ კონფლიქტს - სწორედ ეს იყო პარლამენტის რეზოლუციის ქვეტექსტი და ვფიქრობ, სადავო არაფერია. 2008 წლიდან არაერთხელ ხელყვეს ადამიანების სიცოცხლე, დააკავეს, აღმართეს სხვადასხვა ბანერი და წინაღობები საოკუპაციო ხაზთან და ამ დროს პოლიტიკურ ინსინუაციებს არ უნდა ვუკირკიტებდეთ.
- რეზოლუციაში მკვლელების დასჯაზე საუბარი პოლიტიკური ინსინუაცია იქნებოდა?
- საქართველომ ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება მოითხოვა, საქმე აღიძრა და მკვლელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ინტენსიურად ვითხოვთ, რომ მიეცეს საქართველოს მხარეს ობიექტური გამოძიებაში მონაწილეობის უფლება, მათ შორის, საერთაშორისო ჩართულობით. ამიტომ, ვფიქრობ, რეზოლუცია სწორი აქცენტებითაა შედგენილი.
ოკუპაცია მიმართულია ოსებისა და აფხაზების წინააღმდეგაც, გარდა იმისა, რომ ამ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი, ისინი საბჭოთა კავშირის აჩრდილში არიან - მაშინ, როდესაც ჩვენ საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას მივაგებდით პატივს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში წითელი არმიის ასი წლის იუბილეს აღნიშნავდნენ, მათ შორის, ახალი თაობაც, რომელსაც არაფერი დაუშავებია.
"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..."
გარდაცვალებიდან რა პერიოდშია შესაძლებელი ექსპერტიზამ გამოავლინოს სიკვდილის გარემოებები, "კვირის პალიტრა" ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:
- ორი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაზიანებების კვალის ან იმის დადგენა, თუ რა საგნით მიაყენეს, დაიკარგოს. არა მგონია, ცხედარს სამაცივრო დანადგარებში ინახავდნენ. ჩემი ინფორმაციით, ასეთი დანადგარები ცხინვალში არც აქვთ. ბუნებრივია, სხეულის ლპობა დაწყებულია, თუ უხეში ნაწიბურები არ იქნა გულის კუნთში, რთული გამოსაკვლევია. რაც შეეხება გარე დაზიანებებს, რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება მათი ხანდაზმულობის დადგენის შანსი, თუმცა ეს არ ეხება ძვლოვან სისტემას - რა დროც უნდა გავიდეს, ძვალზე დაზიანებების აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულიდან ექსპერტებმა მიკროპრეპარატები აიღეს და რუსეთში გაგზავნეს. არა მგონია, შესასწავლად ქართულ მხარესაც გადმოსცენ. სროლის მანძილის დაფარვის მიზნით, სხეულზე ამოჭრილი ხვრელი არაერთხელ დაგვხვედრია, თუმცა სხვა ნიშნებით მაინც დაგვიდგენია რეალობა. თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა და რბილი ქსოვილები განადგურდა, ბუნებრივია, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება.
თუ ტყვია აქვს ნასროლი, ექსპერტიზის დროს ტყვია სხეულიდან ამოაქვთ და ლპობის შედეგად კვალი იკარგება. მაგრამ, როგორც წესი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ძვალსაც აზიანებს. ამიტომ დაზიანებები ძვლოვან სისტემაზეც იქნება... გასაგებია, რატომ აჭიანურებენ ცხედრის გადმოცემას - კვალის ასარევად, რადგან ასეთ დროს ყველაზე კარგად ექსპერტები ვხვდებით, რამდენად ღირებული ინფორმაცია იკარგება.
როგორ უნდა იმოქმედონ ქართულმა სპეცსამსახურებმა
გარდა ოფიციალური ბერკეტებისა, კიდევ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, "კვირის პალიტრას" ექსპერტი დავით კუხალაშვილი ესაუბრა:
- არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გამოავლინა, რომ ქართული სპეცსამსახურები საპრევენციო ვითარებას ვერ მართავენ. თუ ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა და მას უთვალთვალებდნენ, პარალელურად, მეთვალყურეობის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ქართული მხარეც. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ და ამიტომაც მივიღეთ ტრაგიკული შედეგი.
- ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა და როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, თუმცა, თუნდაც ეომა - ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის წამებით მკვლელობას არ ერიდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიანიშნებს თუ არა, რომ მათ უკანონობას საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს?
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ შესწავლილიც კი არ არის მონაკვეთები, სად უფრო მაღალია ადამიანების გატაცების საფრთხე და ამიტომაც ბევრმა სეპარატისტმა ბიზნესადაც კი აქცია საქართველოს მოქალაქეების გატაცება - დააკავებენ და შემდეგ ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვენ. შესაძლოა არჩილ ტატუნაშვილის გადაბირებასაც ცდილობდნენ, მაგრამ ყოფილი სამხედრო არ დათანხმდა და ამიტომაც მოკლეს. არც ერთი ვერსია არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა მაინც ქართული სპეცსამსახურების პასუხისმგებლობამდე მივდივართ - მათ უნდა ჰქონოდათ ოპერატიული ინფორმაცია და უნდა გაეფრთხილებინათ არჩილ ტატუნაშვილი თვალთვალის შესახებ.
სულ ისრაელის მაგალითი მახსენდება. მიუნხენის ოლიმპიადაზე ებრაელი სპორტსმენების დახოცვის გამო ისრაელის პრემიერის საიდუმლო დავალებით ყველა დამნაშავე, რომელსაც ამ საქმესთან პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა, მოკლეს და გააქრეს. ასე ექცევიან სპეცსამსახურები დამნაშავეს, თუმცა ოთხოზორიას მკვლელი დღემდე ცოცხალია...