"გულს თუ ამოუღებდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩერდებოდა"
"არჩილის მამა ჩუმად ტირის, რომ არავინ დაინახოს მისი ცრემლები, ის ხომ გმირის მამაა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს - ხეობაში პროვოკაცია ახლა მხოლოდ რუსეთს აწყობს, ამიტომაც მაქსიმალურად ვარიდებთ თავს ყოველგვარ სპეკულაციასა თუ პროვოკაციას..."
ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - არჩილ ტატუნაშვილი, სამხედრო, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს უსაფრთხოებას. მეორე კვირა იწურება და არ არის პასუხი, როდის აპირებს ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაცია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას, ასევე ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის უფლების მიცემას, რომლებიც 22 თებერვალს ომონმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცა. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:
"ჩვენებს ემუქრებიან, პროტესტის გამოხატვა არ გაბედოთო"
ლევან შერმადინი, არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი:
- აჩიკოს ბოლო რვა თვის განმავლობაში პროდუქტები შეჰქონდა ახალგორში. ბევრჯერ მითქვამს, რად გინდა შარი, დაგიჭერენ და როგორც ყოფილ სამხედროს, უმოწყალოდ გაგისწორდებიან-მეთქი. მეც ეგ მინდაო, სიცილით მპასუხობდა. არჩილი ერაყში მსახურობდა, 2008 წელსაც გამოიძახეს ომში, თუმცა ცხინვალში არ შესულა, საომარი მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, იქ არ უომია.
ახალგორში ყველა ყველას იცნობს, მაგრამ ბოლო დროს მაინც ვერიდებით ურთიერთობას - დაბაში ცხინვალის სპეცრაზმი და ომონი გააქტიურდნენ. ფაქტობრივად, კომენდანტის საათი გამოაცხადეს, გაუსაძლის პირობებში არიან ჩვენი მოქალაქეები, აშინებენ და ემუქრებიან, ტატუნაშვილზე არავის არაფერი უთხრათ და მით უმეტეს, პროტესტის გამოხატვა არ გაბედოთო.
როგორც ვიცით, ომონმა გააჩერა აჩიკოს მანქანა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელბორკილები დაადეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სად გაუსწორდნენ, არ ვიცით, თუმცა შემოგვითვალეს, ოცი შეიარაღებული ჯალათი ერთ უიარაღო ქართველს უმოწყალოდ ურტყამდა და არჩილი წინააღმდეგობას უწევდაო. ძლიერი იყო, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ვარჯიშობდა, ამიტომაც გამორიცხულია, კიბიდან ჩამოვარდნის გამო ან გულით გარდაცვლილიყო. გულს თუ ამოუღებდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩერდებოდა. ვიცით, რომ ნაწამებია არაადამიანურად, გვითხრეს, ცეცხლსასროლი იარაღიც ესროლესო. საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიუყვანიათ, ექთანს უთქვამს, ასე უმოწყალოდ ნაწამები ადამიანის ცხედარი არასოდეს მინახავსო. როგორც გვითხრეს, ცხედარი ცხინვალის პროზექტურაშია, საექსპერტო ნიმუშები კი დე ფაქტო ადმინისტრაციამ როსტოვის კლინიკაში გადაგზავნა. არჩილის მამა ჩუმად ტირის, რომ არავინ დაინახოს მისი ცრემლები, ის ხომ გმირის მამაა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს - ხეობაში პროვოკაცია ახლა მხოლოდ რუსეთს აწყობს, ამიტომაც მაქსიმალურად ვარიდებთ თავს ყოველგვარ სპეკულაციასა თუ პროვოკაციას.