ბურჯანაძე: "საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნები რუსეთის პროვოცირებას ისახავს მიზნად" - კვირის პალიტრა

ბურჯანაძე: "საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნები რუსეთის პროვოცირებას ისახავს მიზნად"

"გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებით საქართველოს ნატო-ში არასდროს მიიღებენ, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივი წვრთნები რუსეთის პროვოცირებას და გაღიზიანებას ისახავს მიზნად", - ამის შესახებ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

"ნატო-ში არასდროს მიიღებენ ქვეყანას, რომელსაც ორი გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს. ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. საქართველოსთვის ნატო-ს წევრობაზე საუბარი ძალიან საზიანოა, ვინაიდან ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ნატო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ქვეყანამ საქართველოს ინტერესები უნდა გაატაროს, ამის ნაცვლად კი, "მათ ეძლევათ საშუალება გამოიყენონ საქართველო რუსეთის პროვოცირებისა და გასაღიზიანებლად".

"შეიძლება სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარება, რათა ქართული ჯარი განვითარდეს, მაგრამ რუსეთის გასაღიზიანებლად წვრთნების ჩატარება უბრალოდ მავნებლობაა. როდესაც შენ შემოგყავს ამერიკის დროშის ქვეშ ამერიკული ტანკები ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც რუსული ტანკებისგან 500 მეტრით არის დაშორებული, ეს ჭკვიანური საქციელია? როდესაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ამერიკული ორკესტრის მიერ შესრულებული ამერიკული მუსიკით იწყება, ეს შენს დამოუკიდებლობაზე მეტყველებს? თუ იმის მაჩვენებელია, რომ საკუთარ თავს ამერიკის ერთ-ერთ შტატად მიიჩნევ?" - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"