"ნინო ლამაზი ქალი იყო და არც ბერიას გამორჩენია ეს"
1932 წელს კალისტრატე ცინცაძე წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ამბროსი ხელაიას მსგავსად, არც პატრიარქი კალისტრატე ეპუებოდა რუსულ ჩექმას და მათ მიმართ განწყობას არ მალავდა. თავის მხრივ, არც სტალინი ღალატობდა ჩვეულებას... ასე აღმოჩნდა კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი დახვრეტილთა გრძელ სიაში...
პატრიარქის გერმანელი მეუღლე
კალისტრატე ცინცაძემ უკრაინაში გაიცნო მომავალი მეუღლე, გერმანელი ოტილია ტომასი. საქართველოში ლუთერან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. ექვსი შვილი გაუჩნდათ, მაგრამ სამი მოგვიანებით გარდაიცვალა... კალისტრატე დეკანოზი გახდა და ოჯახი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა...
უპასუხო კითხვა: რატომ?!
კალისტრატეს დახვრეტილი ქალიშვილის, ნინო ცინცაძის შვილიშვილი ნინო ყარალაშვილი იხსენებს: - ბებიაჩემი ართანელი თავადის, შოთა ყარალაშვილის მეუღლე გახლდათ. 1924 წელს, ერთ ღამეში, პაპაჩემის ოჯახი თავისი სტუმრებიანად ბოლშევიკებმა იმსხვერპლეს. პაპასა და ბებიას ორი ვაჟი ჰყავდათ. პაპა აბასთუმანში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. გვაქვს ბებიას წერილი, სადაც მამას, პატრიარქ კალისტრატეს აბასთუმანში ჩასვლას სთხოვს - შოთა ძალიან ცუდადაა, ზიარება უნდა, ჩამოდი და წმინდა ნაწილები ჩამოიტანეო... დაქვრივებულმა ბებიამ მუშაობა ბაქტერიოფაგში დაიწყო, მეცნიერ გიორგი ელიავასთან (მოგვიანებით, გიორგი ელიავას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 10 ივლისს, გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დახვრიტეს, მათი ერთადერთი ქალიშვილი კი შუა აზიაში გადაასახლეს).
ნინო ძალიან ლამაზი ქალი იყო და არც ლავრენტი ბერიას გამორჩენია მისი სილამაზე. ერთხელ, როცა ბებია მეუღლესთან ერთად მატარებლით მგზავრობდა, მასთან არშიყიც კი უცდია, თუმცა შოთა ყარალაშვილისგან საკადრისი პასუხიც მიუღია... ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ერთ დღეს, ნინო სახლში აღელვებული მისულა და დედისთვის უთქვამს, ისეთი წინათგრძნობა მაქვს, უთუოდ ჩემს წასაყვანად მოვლენო. მაშინ, მისი უფროსი, გიორგი ელიავა უკვე დაპატიმრებული იყო... იხილეთ სრულად
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციიდან