დავით ზეიკიძე:: "კახა თარგამაძის მამა მემტერებოდა" - კვირის პალიტრა

დავით ზეიკიძე:: "კახა თარგამაძის მამა მემტერებოდა"

"კვირაია შევარდნაძემ კანონიერი ქურდის გივი ბერაძისა და ჯაბა იოსელიანის რეკომენდაციით დანიშნა"

"ჩვენს დროს გამომძიებელს რა უნდოდა დარბევაზე?"

"პოლკოვნიკს ვუთხარი, შე ჭია, შენ როგორ უნდა დამაკავო-მეთქი"

ერთ დროს  აქტიური (ზოგჯერ მეტისმეტადაც კი) გენერალი დავით ზეიკიძე დღეს აღარ აქტიურობს, მეტიც, აღარ ჩანს. "კვირის პალიტრა" დავით ზეიკიძის ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდა და წარსულის გახსენებაც სთხოვა:

- უსამართლობას ვერ ვიტან და ჩემი  ხასიათის გამო ბევრჯერ გამიმწარეს სიცოცხლე.

თბილისის სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ 5 წელი გერმანიაში ვიმსახურე, მერე ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე. ერთხელაც მითხრეს, პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოხვიდეო. არ გინდათ, თორემ სიმართლეს ვიტყვი-მეთქი. რაც გინდა, თქვიო, და მეც  პარტიულ ღონისძიებაზე განვაცხადე, საბჭოთა არმიას საძირკველში სიდამპლე შეეპარა-მეთქი და არგუმენტებიც მოვიყვანე. წარმოგიდგენიათ ასეთი განცხადება 1972 წელს?! აქედან დაიწყო ჩემი დევნა. ერთ დროს კაპიტანი არაფრისმქონე გავხდი და ჩამოვედი თბილისში. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და მილიციის სამმართველოში მივედი სამუშაოდ. კადრების უფროსმა მკითხა, ქურდების დაჭერა იციო? საიდან მეცოდინება-მეთქი. რიგითად გამამწესეს ჯიბგირებთან ბრძოლის განყოფილებაში. მერე რომან გვენცაძემ გადამიყვანა ქურდობა-ყაჩაღობასთან ბრძოლის განყოფილებაში...

ზვიად გამსახურდიას დროს მცხეთის პოლიციის უფროსად დამნიშნეს. ამ დროს ცხინვალში დაიწყო დაძაბულობა და 1991 წლის 5 იანვარს შს მინისტრ დილარ ხაბულიანის ბრძანებით 3 ათასზე მეტი პოლიციის თანამშრომლით ცხინვალსა და თამარაშენში წესრიგის დასამყარებლად შევედი. მაშინ პირველი ტყვია ოსებმა გაისროლეს, მცხეთის პოლიციის თანამშრომელი მამედოვი დაჭრეს. სამხედრო გამოცდილება გამომადგა. მცხეთის პოლიციაზე ლეგენდები დადიოდა. სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი ცხინვალსა და აფხაზეთშიც. აფხაზეთის ომში მოხვედრილი ტყვია დღესაც მკლავში მაქვს.

1991 წელს ქვეყანაში განუკითხაობა იყო. ზვიად გამსახურდიას ვუთხარი, «მხედრიონსა» და გვარდიაში საეჭვო ძალები იკრიბებიან, მათ ძალა უნდა დაუპირისპირდეს, თორემ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი, და პრეზიდენტს სპეცრაზმის შექმნა შევთავაზე.  პრეზიდენტმა კი, ეს ომს გამოიწვევსო, და ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაგვიგრძელებია. არ დამიჯერა გამსახურდიამ და მართლა ატყდა ომი.

გადატრიალების შემდეგ  რომან გვენცაძე დაინიშნა შს მინისტრად, მე კი მინისტრის მოადგილედ. მაშინ  თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროს გია გულუასა და სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ბორია ივანოვს შორის განხეთქილება მოხდა. პოლიცია გაიფიცა, გულუას განუდგნენ.  აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. გულუა გვენცაძეს არ ემორჩილებოდა, ივანოვი კი - გულუას. გულუა მხოლოდ კიტოვანს ცნობდა. გვენცაძეს ვუთხარი, ყველაფერს მოვაწესრიგებ-მეთქი.  გულუას არ ველაპარაკებოდი, მაგრამ რაკი საჭირო გახდა, მასთან მოლაპარაკება დავიწყე. დავპირდი, თუ ბორია ივანოვი ახლა სამმართველოში დარჩება, ერთ თვეში გვენცაძე სამინისტროში გადაიყვანს-მეთქი. გულუა დამთანხმდა. გაფიცული პოლიციელები სამმართველოს კლუბში შევკრიბეთ და ჩვენი მოლაპარაკების შედეგი გამოვაცხადე, - ბორია ივანოვი სამმართველოში რჩება-მეთქი. ტაშის გრიალი ატყდა, გავიმარჯვეთო. გია გულუა ამბიციური კაცი იყო და წამოიჭრა, ამას ვის უბედავთ, ახლავე გვარდიას მოვიყვან და დედას გიტირებთო. პოლიციის შეფი სხვა სტრუქტურით აშინებდა პოლიციელებს, ეს დედის გინებაზე უარესი იყო. აღშფოთებულმა პოლიციელებმა გია გულუაზე გაიწიეს. წინ  გადავუდექი. გიას ვუთხარი, თავის კაბინეტში ასულიყო. მაშინ გია გულუა გადარჩა, მაგრამ პოლიციელები მისი დაცვის წევრებს გაუსწორდნენ.   შევარდნაძე იძულებული გახდა, გია გულუა გაეთავისუფლებინა და თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსად დამნიშნეს. ჩემთვის ეს თანამდებობა მაშინ დასჯის ტოლფასი იყო, მაგრამ შევარდნაძემ აღარ გადათქვა.

თანამდებობაზე ორი დღის დანიშნული ვიყავი, რომ გამსახურდიას მომხრეებმა მერვე პოლკში განლაგებული გვარდიის ნაწილიდან იარაღი გაიტაცეს და ტელევიზიის შენობა აიღეს. ექსპრეზიდენტის მომხრეები ტელევიზიაში გამაგრდნენ. მის წინ კი სხვადასხვა შეიარაღებულმა ფორმირებამ მოიყარა თავი. ერთი სული ჰქონდათ, ზვიადისტებზე ჯავრი ეყარათ. დიდი მცდელობის შემდეგ მოვახერხე ტელევიზიაში შესვლა და რევანშისტებთან მოლაპარაკება. წინააღმდეგობის გარეშე ჩაგვბარდნენ.

პროკურატურამ დაკავებული ზვიადისტები თბილისის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში მოათავსა. ორიოდ დღეში მისი უფროსი მურადოვი სამსახურიდან გათავისუფლების პატაკით მომადგა, კრიმინალური სამსახურის ხალხი პროკურატურის დავალებით ზვიადისტებს უღმერთოდ აწამებს, ვიღაც შემოაკვდებათ და შარში გავეხვევიო. ამ ამბავზე ნორმალურ ქვეყანაში ერთი ამბავი ატყდებოდა, მაგრამ თბილისში ქუჩაში მაშინ ქათმებივით ხოცავდნენ ხალხს. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობა ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს თვალებში შესციცინებდა და ზვიადისტების გამო ვიღაც რომ დამესაჯა, მოღალატედ გამომაცხადებდნენ.

-  თქვენ გბრალდებოდათ პარლამენტში შეჭრა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.

- სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდა. 1994 წლის მარტში მუხრანში ჩავედი. მეგობრებმა მომაკითხეს, სუფრასთან დავსხედით და ამ დროს მაცნობეს, გენერლები მოვიდნენო.  ჯიმი მიქელაძე, დემურ მიქაძე და დათო მგელაძე აღმოჩნდნენ. კვირაიას მინისტრის პირველი მოადგილე ჯიმი მიქელაძე თანამდებობიდან გაუთავისუფლებია და გია გულუა დაუნიშნავს. ჯიმი მიქელაძე დილით სამსახურში რომ მისულა, რას ხედავს? - გია გულუა ზის მის კაბინეტში. ეს უზნეობა იყო. ჯიმი მიქელაძეს დემურ მიქაძე და დათო მგელაძე მიემხრნენ და ჩემთან ჩამოვიდნენ, მხარი დაგვიჭირეო.

ვუთხარი, ჯობს შევარდნაძესთან წავიდეთ-მეთქი. წამომყვნენ.  პრეზიდენტს ვუთხარი, ჯიმი მიქელაძეს გულუა კაბინეტში დახვდა-მეთქი. მინისტრი ასე არ უნდა იქცეოდესო, - გაბრაზდა შევარდნაძე, დარეკა და კვირაიას გულუას დანიშვნის ბრძანება გაუუქმა. შევარდნაძეს ვუთხარი, კვირაია მოგვაცილე, მაგასთან მუშაობა არ შეიძლება, ხომ იცით,  პათოლოგი, ლოთი და ფე-ეს-ბეს აგენტია-მეთქი. ცოტა ხანს მაცალეო,  მითხრა.

იმ დღესვე კოლეგიის სხდომა ჩავატარეთ. რაკი მეორე დღეს კვირაიას მინისტრად დანიშვნაზე პარლამენტს უნდა ეყარა კენჭი, გადაწყდა, წერილით მიგვემართა პარლამენტისთვის, რომ მის დანიშვნას ვეწინააღმდეგებოდით. იქვე დაიწერა მიმართვა. მეორე დღეს 31 მარტი იყო, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ზვიადისტებს რომ პარლამენტის ბლოკირება არ მოეხდინათ, პოლიცია სასტუმრო "ივერიის" წინ იდგა. დაიწყო პარლამენტის სხდომა და ჩემს ორ მოადგილესთან ერთად პარლამენტში წავედი წერილის გადასაცემად. შევარდნაძის დაცვის უფროსს ვუთხარი, შევარდნაძესთან მიმართვა მიმაქვს-მეთქი და ამის საპასუხოდ ორ წუთში დაამტკიცეს კვირაია მინისტრად. სანამ პარლამენტის შენობაში ვიყავი, "ივერიასთან" პოლიციელებისთვის უთქვამს ვიღაცას, ზეიკიძეს "მხედრიონთან" მოუვიდა შეხლა-შემოხლა და უშველეთო. პოლიციელები პარლამენტის ფოიეში შემოცვივდნენ "შევარდნაძე! შევარდნაძეს!" ყვირილით. ეს პროვოკაცია იყო. პრეზიდენტი ფოიეში გამოვიდა, - დათო, ეს რა ჩაიდინე, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, უმართავი ხარო. აი, ასე დამაბრალეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ვერ დამიჭირეს, მაგრამ თანამდებობიდან გამათავისუფლეს.

- გია გულუას მკვლელობაზე სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან, ვინ იყო დაინტერესებული მისი მოცილებით?

- გია გულუას დაპირისპირება ჰქონდა ზოგიერთებთან აეროპორტის, ბენზინის გადაზიდვებისა და ნარკოტიკების გამო. ეჭვი კი მაქვს, მაგრამ პოლიციის გენერალი ეჭვს ხომ არ დავეყრდნობი? მაშინ ხმა გავრცელდა, რაც თბილისში მკვლელობები ხდება, ზეიკიძის ორგანიზებულიაო. ისიც კი ითქვა, გია გულუა და მიშა ქურდაძე ზეიკიძემ მოკლაო. არადა,  რომან გვენცაძის დისშვილმა ბაკურ ლალიაშვილმა გამაგებინა, გია გულუა თავის სახლთან დაცვასთან ერთად ჩაცხრილესო. მაშინვე ვიფიქრე, მე დამაბრალებენ-მეთქი, რადგან მე და გულუა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვიყავით გადაკიდებული. თავი ჩემს სოფელს შევაფარე. კვირაიამ მართლაც დამაბრალა გულუას მკვლელობის ორგანიზება. ამიტომაც გავავრცელე ხმა, საქართველო დავტოვე-მეთქი. 2 წლით მოვწყდი ოჯახს. მე რომ წამოვედი, მას მერე მოკლეს გია ჭანტურიაც და სოლიკო ხაბეიშვილიც. სერიულ მკვლელობებს კინაღამ შევარდნაძე გადაჰყვა.

- 2 წელი სად იყავით?

- თურქეთში, ჩეჩნეთსა და რუსეთში მეძებდნენ, მე კი პოლიციის სამმართველოს გვერდით, ერთ ოჯახში ვიმალებოდი. კვირაია კონკურენტად მთვლიდა და ჩემს ჩაძირვას ცდილობდა. ხალხიც მეუბნებოდა, კანონიერი ქურდის, გივი ბერაძისა და ჯაბა იოსელიანის რეკომენდაციით დანიშნული კვირაია გამჯობინა შევარდნაძემო. როდემდე უნდა დავმალულიყავი?

აღსარება ჩავწერე ვიდეოფირზე და ვაჟა ადამიას გავუგზავნე გამოსაქვეყნებლად. გაზეთ "სარანგში" დაიბეჭდა "პოლიციის გენერალ-მაიორ დავით ზეიკიძის აღსარება".  ყველაფერი ვთქვი და სახელი  დავიბრუნე. ამის მერე გადავწყვიტე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. მცხეთის მაჟორიტარ კანდიდატად დამარეგისტრირეს. დეპუტატობის კანდიდატის მოწმობა რაკი ჩავიდე ჯიბეში, იმუნიტეტი შევიძინე და მაშინვე შინ დავბრუნდი. მეორე დილით ორი პოლიციელი დავინახე ჩემს სახლთან. ვიღაცას ეძებდნენ. ვუთხარი, ტაბელური იარაღის ჩაბარება მინდა. განცხადებაც დავწერე და იქნებ ჩაიბაროთ-მეთქი. ვიფიქრე, პროვოკაცია არ მოეწყოთ, იარაღზე არ მომდავებოდნენ. პოლიციაში ერთი ამბავი ატეხილა, იარაღი როგორ გამოართვით ზეიკიძეს, რატომ მაშინვე არ  დააკავეთო. მუხრანში წავედი იმ დღესვე და სოფელში ჩასვლისთანავე ფეხი მოვიტეხე. მეორე დღეს სპეცრაზმი გამოგზავნა კვირაიამ. გამაფრთხილეს, მაგრამ ფეხმოტეხილი სად წავიდოდი, თან რატომ გავიქცეოდი, როდესაც ჯიბეში ხელშეუხებლობის გარანტია - დეპუტატობის კანდიდატის მოწმობა მქონდა. მოვიდა სპეცრაზმი და პოლკოვნიკმა განმიცხადა, სანქცია გვაქვს, უნდა დაგაკავოთო. ვერ დამაკავებთ,  დეპუტატობის კანდიდატი ვარ, შე ჭია, შენ როგორ უნდა დამაკავო, აქეთ დაგიჭერ-მეთქი და ხელი საბნის ქვეშ წავიღე. აქეთ-იქიდან ავტომატები მედო. ჩემი მძღოლი მიმიხვდა განზრახვას და წამჩურჩულა, მთელი სოფელია შეკრებილი. სახლი და მთელი სპეცრაზმი (150 კაცამდე) ალყაში ჰყავთ მოქცეულიო. პოლკოვნიკს ვეუბნები, მძევლად მყავხართ აყვანილი. თუ არ გჯერათ, ფანჯარაში გაიხედეთ-მეთქი. აქეთ ვახვეწნინე, გამიშვი, მინისტრთან დავრეკავო. ერთი სიტყვით, მოხსნეს სპეცრაზმი და კუდამოძუებული წავიდნენ.

დეპუტატი გავხდი და არ მოვისვენე. ვინც რისი ღირსი იყო, მივუზღე. პროკურატურა გია გულუასა და მიშა ქურდაძის მკვლელობას ისევ მე  მაბრალებდა ისე, რომ ერთი ჩვენებაც არ ჰქონდათ. პარლამენტის სხდომაზე ზურაბ ჟვანიასთან მივედი, კვირაია და მისი ბანდა ყელში ამოვიდა. თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირეთ, არა და თავი დამანებონ-მეთქი. გამოვედი სხდომაზე და კვირაიას გადავუარე. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვე, რომლის თავმჯდომარედაც მიშა ოსაძე დავასახელე, არადა მასთან უთანხმოება მქონდა. ვიცოდი, პროფესიონალი იყო და  ტენდენციურობას არ იკადრებდა. მართლაც, გამოიკვლია, რომ არც ამ მკვლელობებთან მქონდა კავშირი და არც სამხედრო გადატრიალებასთან.

- კახა თარგამაძესთან თუ გქონდათ ურთიერთობა?

- არა, მამამისს ვიცნობდი, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო, როდესაც  საბურთალოს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე ვიყავი. ერთმა ტეკას ინსტრუქტორმა ტელეფონით საუბრისას შეურაცხყოფა მომაყენა და ვაგინე. ინსტრუქტორი კახა თარგამაძის დის ქმარი აღმოჩნდა.  ამაზე ერთი ამბავი ატყდა. მაწინაურებდნენ, მაგრამ წინაააღმდეგი კახა თარგამაძის მამა წავიდა. გამაფრთხილეს კიდეც, მამია თარგამაძე გემტერებაო. მისმა სიძემ ფული იშოვა და მის გოგოს რომ გაეყარა, მამიამ მითხრა, ადრევე მიხვდი, ჩემი სიძე რომ გათახსირებული იყო. სამზარეულოში ცოლს «ტაინიკი» გაუტეხა, ფული და ოქროულობაც კი წაიღოო. აი, ასეთი ურთიერთობა მქონდა კახა თარგამაძის ოჯახთან.

- ითქვა, კახა თარგამაძე, ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების შეცვლას აპირებსო.

- პოლიტიკაში არ ვერევი და ნუ გამრევთ.

- დღევანდელი პოლიცია მოგწონთ?

- წესრიგი დაამყარეს, მაგრამ ხშირად ძალაუფლებას ამეტებენ. აი, თუნდაც ახლახან, ახალგაზრდების დარბევისას. მე თვითონაც დამირბევია აქცია, მაგრამ ასე?!  ზოგი ამბობს, ანგელოზი ვარო, მაგრამ პოლიციაში ანგელოზი ვერ იქნები. მე, პოლიციის გენერალი, ვამბობ: გვიცემია კიდეც,  შეურაცხყოფაც მიგვიყენებია, ჩაგვიგდია კიდეც, მაგრამ ისე ვიმუშავე, დაკავებულებისგან ერთი საჩივარი არ შემოსულა. პოლიციაში თეთრი ხელთათმანებით ვერ იმუშავებ, მაგრამ პროვოკაციას თუ ვუწყობდით ვინმეს, 100%-ით დარწმუნებული ვიყავით, რომ დანაშაული  ჰქონდა ჩადენილი. პროფესიონალიზმის დეფიციტია პოლიციაში, საქმე ისე უნდა გააკეთო, გამიძიებას კითხვა არ გაუჩნდეს, გინდ პროვოკაციით იყოს გაკეთებული.  რადგან ამდენი კითხვა ჩნდება, ე. ი. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო. ახლახან ერთი გამომძიებელი აჩვენეს, ხელკეტი ეჭირაო. ჩვენს დროს გამომძიებელს რა უნდოდა დარბევაზე? პოლიტიზებული ჩვენც ვიყავით, მაგრამ ამდენად არა.

- როგორ ფიქრობთ, რა განმუხტავს დაძაბულ ვითარებას?

- ბევრ რამეში ოპოზიციასაც თანავუგრძნობ და მთავრობასაც. აჯობებს დასხდნენ და ერთად გააკეთონ საქვეყნო საქმე. შს მინისტრის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მოადგილედ სალომე ზურაბიშვილს უთუოდ დავნიშნავდი. სახალხო დამცველზე დიდი ფუნქცია არ ექნებოდა და მიეშვათ. ხელისუფლებას ვურჩევ, ყველა სამინისტროში ჩასვან მეორე კაცებად ოპოზიციონერები და უფრო ნაკლები სალაპარაკო ექნებათ. პოლიციელმა ბრძანება უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალაუფლების გადამეტება არ ვარგა. წაქცეულს არ დაარტყაო, ეს ქართველ პოლიციელს წესად ჰქონდა. გაქცეულს და წაქცეულს არასოდეს ვერჩოდით.