"ეძიე ქალი" საპრეზიდენტოდ - "ქართული ოცნების" ახალი დილემა - წულუკიანი, ზურაბიშვილი, ჩუგოშვილი თუ...
"ეძიე ქალი" - ეს ფრთიანი ნათქვამი თავის პირდაპირი მნიშვნელობით პირდაპირ ასახავს "ქართული ოცნების" ამ ეტაპის ამოცანას. როგორც ამბობენ, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატად ქალის წარდგენა დაუსახავს მიზნად, მაგრამ უმთავრეს კითხვაზე - ვინ შეიძლება მოუტანოს "მეოცნებეებს" გამარჯვება, - პასუხი მეტად ბუნდოვანია.
უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეული ეს ქალბატონი ჩვენ საზოგადოებაში პოპულარობით ნამდვილად ვერ სარგებლობს, მეტიც, ზოგიერთის მიმართ აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება სჭარბობს პოზიტიურს.
რას იზამს "ოცნება"? - მხოლოდ საკუთარი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური გუნდის რეიტინგის იმედად წავა არჩევნებზე თუ ბოლოს და ბოლოს იპოვის ძლიერ კანდიდატურას? - რთული სათქმელია, ერთადერთი, რასაც მმართველ გუნდში აღიარებენ ისაა, რომ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ექსპერტთა ნაწილის აზით, ქალი კანდიდატის თემა და უკვე დასახელებული გვარ-სახელები შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ვითარების მოსინჯვას და კონკურენტების ყურადღების მოდუნებას ემსახურებოდეს, საბოლოოდ კი სრულიად სხვა, არაგენდერული ნიშნით შერჩეული კანდიდატურა წარადგინონ.
გადავავლოთ თვალი ისტორიას:
საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი რამდენიმე ქალბატონს აქამდეც ჰქონდა და არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა. მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომელმაც ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 0.16% მიიღო.
ქალი კანდიდატებით უფრო მრავალფეროვანი იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნინო ჭანიშვილმა, ნესტან კირთაძემ და ნინო ბურჯანაძემ, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა.
რაც შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მასში მონაწილეოებას კვლავ მიიღებს ნინო ბურჯანაძე და როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა მმართველმა გუნდმა კანდიდატად სწორედ ქალბატონი წარადგინოს.
უკვე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურები. ერთ-ერთი ვერსიით, მმართველი გუნდის ერთი ნაწილი განიხილავს ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსაც, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციებია.
ერთი ცხადია, თეა წულუკიანის მიერ ჩაგდებული სასამართლო რეფორმის, სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის წარდგენისას განცდილი მარცხისა და არა ერთი სხვა პრობლემის გამო, მისი გამარჯვების შანსები ძალიან მცირეა.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, როგორც ამბობენ, "ქართულ ოცნებაში" მას ნაკლებად ენდობიან, შესაბამისად, ეშინიათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის მეორე მარგველაშვილად არ იქცეს.
რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად ქალის დასახელება ან რამდენად რეალურია ამ შემთხვევაში გამარჯვება, kvirispalitra.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- არ მგონია, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად ქალ კანდიდატს წარადგენს, რეალური იყოს. ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი, რომელსაც ამოძრავებს თავისი ვიწრო მიზნები პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე, ახორციელებს ინფორმაციის ასეთ გაჟონვებს. ეძიე ქალი, ძალიან მოდური ისტორიული თემაა, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მმართველ გუნდში რეალურად არსებობდეს.
სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებაში" არ მომხდარა ლიდერების გენერირება, არც ქალის და არც კაცის. მმართველ გუნდში არ არიან გამოკვეთილი ლიდერები, რომელთაც ექნებოდათ შესაძლებლობა პარტიული რესურსისთვის თავისი პირადი ავტორიტეტიც მიემატებინათ. ერთადერთი ინსტიტუციური წესრიგის აღდგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს, დანარჩენი, კვრიკაშვილი იქნება კანდიდატი თუ ნებისმიერი "ოცნებელი", არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ერთნაირ ხმებს აიღებს. მეტსაც გეტყვით, რაც უფრო უცნობი იქნება კანდიდატი, მით უფრო მეტ ხმას აიღებს, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ცნობილი სახეები აღჭურვილი არიან ე.წ. ნეგატიური, ცოდვის რეიტინგით, რაც მათ შესაძლებლობას შეამცირებს.
- გავრცელებული კანდიდატებიდან, ყველაზე რეალურად ამ ეტაპზე თეა წულუკიანი სახელდება, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს შანსი წულუკიანს?
- თეა წულუკიანიც და სალომე ზურაბიშვილიც ამბიციური ადამიანები არიან და პრეზიდენტობის სურვილი ალბათ აქვთ კიდეც, მაგრამ არ მგონია, რომ წულუკიანის თემა სერიოზულად განიხილებოდეს. ეს არის გუნდის შიგნით მისი ოპონენტების, ანუ მისი შიგა მტრების მიერ მოწყობილი ე.წ. გაჟონვა. არ გამოვრიცხავ, წულუკიანს ვიღაცა იყენებდეს ფონად იმისათვის, თუ მის კანდიდატურაზე მიდგება საქმე, წულუკიანზე უკეთესი გამოჩნდეს. ასეთი ვირეშმაკული თამაშები ქართულ პოლიტიკაში მოსულა და არა მხოლოდ ქართულში.
როგორც უკვე ვთქვი, წულუკიანის კანდიდატურაზე უკეთესი ენძელა მაჭავარიანის კანდიდატურაც კი იქნება. ჩემი აზრით, წულუკიანის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მარცხისთვის იქნება განწირული.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში" არსებულ სხვადასხვა ჯგუფს, "ოცნების" შიგნით, ხალიჩისქვეშა თამაშები უკვე დაწყებულია, მაგრამ მე ვიცი, რომ არის ერთი ადგილი, სადაც ამ მოთამაშეებისთვის ერთი ვედრო ცივი წყალი აქვთ გამზადებული და როდესაც დადგება მომენტი, ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ შეუძლია თავისი კანდიდატის ლობირება, ცივ წყალს გადაასხამენ და ამ ცხელ თავებს ცოტა გაუგრილებენ.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)