ძლიერი ქარი და წვიმა - რაზე აფრთხილებს თბილისის მერია მოსახლეობას?
საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4;
აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც დღის მეორენახევრამდე გაგრძელდება. დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს.
თბილისის მერია ასევე მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს შესაძლოა ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"