ძლიერი ქარის გამო სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით 200-მდე ზარი განხორციელდა
საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75 სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.
"მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს", - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
სამსახურის ინფორმაციით, ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი, სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.
"ინტერპრესნიუსი"