"ჩემს გამოგზავნილ ფულს გივი ანაწილებს!" - კვირის პალიტრა

"ჩემს გამოგზავნილ ფულს გივი ანაწილებს!"

"მგონი, მე რომ მელაპარაკეთ, ამით თავი საფრთხეში ჩაიგდეთ"

ეს ვაჟბატონი, როცა თავისუფლების ინსტიტუტში დარბოდა და ვირობანას თამაშობდა, გავაფრთხილე

- ან გვარი გადაიკეთე, ან თავი დამანებე-მეთქი... ახლა მგონი, მე უნდა გადავიკეთო გვარი!

"თუ ხშირად მაგინებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ეშინიათ"

"მე პატარკაციშვილი და ჟვანია წინდაწინ გავაფრთხილე..."

"კვირის პალიტრა" გასული კვირის პოლიტიკური მოვლენების მთავარ მოქმედ პირს, კახა თარგამაძეს დაუკავშირდა და იმ თემებზე ესაუბრა, რომელიც საზოგადოებას მისი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის ამსახველი კადრების ხილვის შემდეგ გაუჩნდა. მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელზეც ადრე დუმილს ამჯობინებდა და, შეიძლება ითქვას, თარგამაძის განცხადებები ისეთივე სკანდალური იყო, როგორიც თავის დროზე გაოპოზიციონერებული ოქრუაშვილისა.

- გვითხარით ახლა, ბატონო კახა, ფული, დოლარები როდის უნდა გადმოაგზავნოთ?

- გადმოგზავნილია უკვე... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ საქმეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის «სუფთად» უნდა მოხდეს განაწილება. დროზე თუ მიუსწრებთ, შეიძლება ცოტა თქვენც შეგხვდეთ... ყველას გამოგიგზავნეთ, ყველას! დავაბრუნე 800 მილიონი უკან! ეს ის 800 მილიონია, გივი თარგამაძემ რომ  ჩამოიტანა მოსკოვში (იცინის). გივი ანაწილებს ახლა ფულს...

- ხუმრობა იქით იყოს და თავის დროზე არ მოგიწიათ ახალ ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლამ, თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომ არ აღძრულიყო?

- რაზე უნდა აღეძრათ  სისხლის სამართლის საქმე?! არავითარ გარიგებაზე არ წავსულვარ! იყო იქ საკითხები... უამრავი ბიჭი იყო ნაწამები და გაუბედურებული ჩემ გამო... არ მინდა ახლა ისევ ამ თემას დავუბრუნდე, თორემ შესაძლოა, კიდევ დაუშაონ რამე იმ ბიჭებს...

- თქვენს ყოფილ თანამშრომლებს გულისხმობთ?

- დიახ, თანამშრომლებს და სხვათა შორის, კრიმინალებსაც. მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაც წამოეროშა, მაგრამ რაც ბუნებაში არ ყოფილა, ძალიან ძნელია იმის გამოგონება. ამიტომ ვერ აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ.

- ბატონო კახა, საზოგადოებამ მაინცდამაინც ვერ დაიჯერა ის, რომ ბერლინში ლევან გაჩეჩილაძის გატეხილი თავის სანახავად ჩახვედით...

- ლევან გაჩეჩილაძე დღეს არ გამიცნია, არც გუშინ და არც გუშინწინ. სისულელეს კი სერიოზულად როგორ უნდა უპასუხო... როცა ეს ბიჭები "მოქალაქეთა კავშირს" გაემიჯნენ, არ ვმალავ, მათ მიმართ სიმპათიები გამიჩნდა. ვიცოდი, "მოქალაქეთა კავშირის" ის მეორე ახალგაზრდული ჯგუფის წევრები რასაც წარმოადგენდნენ. მათგან განსხვავებით ესენი უფრო ხალასები იყვნენ და ისიც მჯეროდა, ქვეყანას წინ წაიყვანდნენ.

- მაგრამ, მაშინ პოლიტიკაში არ იყავით?

- შემითრიეს პოლიტიკაში. მე ვიყავი პოლიციელი და იმ წლებში რომ იდეალური წესრიგი დამყარდა, ჩემი დამსახურება იყო.

- მაგრამ პანკისში შექმნილ პრობლემებს, იქ არსებულ  ნარკობიზნესს, ადამიანთა გატაცების გახმაურებულ ფაქტებს  თქვენს სახელს უკავშირებენ...

- სიბინძურეს და ჭუჭყს მესვრიან... ლამის ჩეჩნეთ-რუსეთის ომსაც მაბრალებენ.

- თემურ შაშიაშვილმა მოგიწოდათ, გამოხვიდეთ და განაცხადოთ, თუ ვინ შემოიყვანა ჩეჩნეთიდან შამილ ბასაევი...

- ბასაევი იმ დროს საქართველოში საერთოდ არ ყოფილა, გილაევი იყო. ხევსურეთის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ხალხი მოადგა. სასაზღვრო ჯარი მაშინ შსს-ს შემადგენლობაში არ შემოდიოდა, დამოუკიდებელი უწყება იყო. მას არ გააჩნდა საკმარისი ძალები ამხელა პერიმეტრზე ამოდენა ძალის შესაკავებლად. თავდაცვის სამინისტროს კი დაევალა ამის განხორციელება, მაგრამ მან მობილიზებისთვის 2-3 დღე მოითხოვა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, მეხანძრის როლში მე გამოვედი. მივიღე დავალება უშიშროების საბჭოზე პრეზიდენტისგან, რომ როგორმე გადამერჩინა ქვეყანა, რათა შეიარაღებული ხალხი არ მოხვედრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. გვესმოდა, რომ ეს შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი  გამხდარიყო. მოკლედ, მაშინ სპეცდანიშნულების რაზმით მთელ პერიმეტრზე დავიკავე პოზიციები, გავედით მოლაპარაკებაზე შემოსულ ძალებთან, გავაფრთხილეთ, რომ თუ გადმოკვეთდნენ საქართველოს საზღვარს (იქ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არ იყო), გამოვიყენებდით ძალას. მათ უკან დაიხიეს, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე დატოვეს რამდენიმე ათეული დაჭრილი მებრძოლი. გივი თარგამაძე ცოცხალი ტყუილების გუდაა, აცხადებს, - თითქოს ეს დაჭრილები რუსეთს გადავეცით. არც ერთი კაცი არ გადაგვიცია, ყველანი დავაკავეთ, ოღონდ გადავიყვანეთ ციხის საავადმყოფოში და ვუმკურნალეთ, გადავარჩინეთ, მერე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო. რუსეთმა მოითხოვა მისთვის ამ ხალხის გადაცემა, მაგრამ უარი ვუთხარით. ადამიანთა გატაცებებზე რომ ლაპარაკობენ, ყველა ისე დავაბრუნეთ, რომ ამაში "კაპიკი" ფული არავის გადაუხდია. მართლა სიბინძურეა, რასაც ჩვენი მისამართით ისვრიან. ამ გატაცებათა უკან თუ ჩვენ ვიდექით და თანაც, ისე ვაბრუნებდით ამ ხალხს, რომ ფულს არ ვიღებდით, ე.ი. გიჟები ვყოფილვართ.

- ბატონო კახა, იქნებ მითხრათ, თარგამაძეები ასე რატომ ებრძვით ერთმანეთს?

- რა ვიცი, ადრე ეს ვაჟბატონი, როცა თავისუფლების ინსტიტუტში დარბოდა და ვირობანას თამაშობდა, გავაფრთხილე - ან გვარი გადაიკეთე, ან თავი დამანებე-მეთქი... ახლა მგონი, მე უნდა გადავიკეთო გვარი! გივი თარგამაძე ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ გავლენა და ბიზნესები შეინარჩუნოს.

- რომელ ბიზნესსა და რა ფულზე ლაპარაკობთ?

- ყველაფერს ვიტყვი, როცა საჭირო იქნება! თანაც, არა მხოლოდ გივიზე. სწორად გამიგეთ, ახლა რომ იმათ მოედანზე შევიდე და  იმ სიბინძურეებზე ლაპარაკი დავიწყო, რაც მაშინ იყო, ათით ნულს წავაგებ. ცოტა ხანში კი ათით ნულს მოვუგებ მაგათ!..

- როგორ აპირებთ ასეთი ანგარიშით მოგებას?

- ესენი უკვე წაგებულები არიან იმ აბდაუბდით და სისულელით, რაც ჩვენს ბერლინის შეხვედრაზე იბოდიალეს. დღეს მათგანნ შექება ჩემთვის დედის გინებასავით იქნება, ლანძღვა კი - პირიქით. თუ ხშირად მახსენებენ და მაგინებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ეშინიათ და კაცური კაცი ვარ... სხვათა შორის, მაგათი აბდაუბდის გარდა ყველაფერზე შემიძლია პასუხი გავცე, დოკუმენტებიც გამაჩნია, ისე კი არ არის...

- მართლა გაგაჩნიათ ისეთი დოკუმენტი, რომ სააკაშვილმა თავისი ხელმოწერით ვადამდე ადრე გამოუშვა ციხიდან კანონიერი ქურდები?

- ეს სააკაშვილს ჰკითხეთ, მე რატომ მეკითხებით.

- ამ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონიერ ქურდებთან ბრძოლა იყო...

- ქართველმა საზოგადოებამ რაც იცის ამ ხელისუფლების შესახებ, ერთს კი არა, ათ ხელისუფლებას ეყოფა ამ დოკუმენტის გარეშეც! ქართველმა საზოგადოებამ იცის მთავარი, - ქვეყანამ დაკარგა ორი ტერიტორია... და ახლა, მე ქურდებზე ლაპარაკი დავიწყო და გარჩევა, ონიანი ვისი ძმაკაცია?! კალაშოვს საერთოდ არ ვიცნობდი! შს მინისტრად როგორ მოვხვდი, იცით?! ოპერატიული თანამშრომლიდან შს მინისტრობამდე ყველა საფეხური გავიარე. კრიმინალებთან კონტაქტი, ინფორმაცია და სხვა საკითხები ჩემი სპეციალობა იყო. მე რომ ქურდი მცნობოდა, ამაში გასაკვირი რა არის?! ეს ოპერატიული მუშაკისთვის სამსახურებრივი მოვალეობაა, მაგრამ არ ვიცნობდი კალაშოვს. ესენი კი ამას მაინც მაბრალებენ.

- გვახსოვს, თქვენი მინისტრობის დროს ინსპექტორები ქრთამებს იღებდნენ.

- მეც მახსოვს ეს დრო, მაგრამ იმას რატომ აღარ კითხულობთ, მაშინ რამდენი იყო შსს-ს ბიუჯეტი? ჩვენი ბიუჯეტის მხოლოდ 18 მლნ დოლარს შეადგენდა, რომელშიც შედიოდა შინაგანი ჯარის 7200 კაცი და პოლიციის 27 ათასი თანამშრომელი. ეს რას ნიშნავს, იცით? მე ხელფასის გარდა არაფერი მქონდა და აქედანაც ვიღებდი რეალურად მესამედს, ხელფასსაც ვერ ვარიგებდი.

- შემთხვევით ხომ არ იცით, "იუთუბე.კომ"-ზე როგორ მოხვდა თქვენი ოპოზიციასთან შეხვედრის კადრები?

-აუუ! შენც გგონია, რომ შემთხვევით მოხდა "იუთუბიზე"  კადრები? ორი დღით ადრე ბეჟუაშვილმა გააკეთა განცხადებები და შემდეგ კადრები გამოქვეყნდა. მხოლოდ სულელი დაიჯერებს, რომ ეს შემთხვევითია და ფსიქიკურად დაავადებული იკითხავს, - რატომ ხვდებიან ის ადამიანები ერთმანეთს, რომელთაც წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდათო.

- სხვათა შორის, საქართველოში ისიც გაიხსენეს, ერთ დროს მიხეილ სააკაშვილი მადლობას რომ გეუბნებოდათ კარგად ჩატარებული არჩევნების გამო...

- ჰო, კი გაიხსენეს და კადრებიც განათავსეს, სადაც მადლობა მოჭრილია... მერე დამირეკეს და მითხრეს, სააკაშვილი ამბობს, - კახას კი არა, სამართალდამცავებს გადავუხადე მადლობაო. მოკლედ, იმ კადრში მადლობა ამოჭრილია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას? ასე ძალიან თუ უნდა სააკაშვილს, თავისი მადლობა უკან დაიბრუნოს.

- ბატონო კახა, ბადრი პატარკაციშვილს მართლა უთხარით, - თქვენ ეს ხელისუფლება მოგკლავთო?

- ვუთხარი!

- რა იყო ამის საფუძველი?

- კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას ადრევე მივაწოდე. სამწუხაროდ, სხვა რამეც ვუთხარი სხვა პერსონასთან დაკავშირებით.

- ვისზე?

- ჟვანიაზე!.. მიუხედავად ჩვენი პირადი დამოკიდებულებისა, მე პატარკაციშვილი და ჟვანია წინდაწინ გავაფრთხილე. ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, ისინი რომ არ გამეფრთხილებინა.

- რა ინფორმაცია გახდა ასეთი გაფრთხილების საფუძველი?

- მე "ფინგანის" გამგე კი არ ვიყავი, მთელი ჩემი ცხოვრება, 20 წლიდან მოყოლებული, ოპერატიულ სამსახურში ვმუშაობდი. რა გასაკვირია, ინფორმაციას რომ ვფლობდი. ადრეც იგეგმებოდა საქართველოს კავკასიურ ომში ჩათრევა, მაშინ სხვა მხრიდან არსებობდა საშიშროებები, რაც უკვე ამ ხელისუფლების პირობებში სხვაგვარად განხორციელდა. ამხელა პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანას და რა გასაკვირია, რომ მე ამ ყველაფერზე გაჩეჩილაძესთან მელაპარაკა. ლევანი და დათო რაღაცებს ვერ ამბობენ, უჭირთ... მე რუსეთის მოქალაქე ვარ. ამიტომ უფრო შემიძლია ლაპარაკი. უარი კი ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ჩემს სამშობლოზე კი არ მითქვამს უარი... ვილაპარაკე იმაზე, რომ ქვეყანას დაემუქრა ყოფნა-არყოფნის საფრთხე. თქვენ კიდევ ვერ ხვდებით, მგონი, რა დღეში ხართ და სადა ხართ...

- ხომ არ აპირებთ პოლიტიკურად გააქტიურებას?

- არავითარ შემთხვევაში!

- დაბოლოს, აღნიშნული კადრების გავრცელებამდე თქვენი და მამალაძის გვარები ბეჟუაშვილმა ახსენა. მართლა აპირებთ იმის თქმას, რომ ბეჟუაშვილს მარშალის კუნძულზე ფირმები აქვს?

- ვადასტურებ, რომ მათ ფირმები აქვთ მარშალის კუნძულზე და ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს. მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა. ჯერ ერთი, მე რომ მელაპარაკეთ, მგონი ამით თავი საფრთხეშიც ჩაიგდეთ...

- ბატონო კახა, საქართველოს ენერგოსექტორში მართლა გქონდათ წილები?

- "რუსთავი 2"-მა ეს რომ გამოაცხადა, სიცილით კინაღამ მოვკვდი. "ვილქ-ფილდში" მე კი არა, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ წილები. მოვა დრო და ამასაც ფარდა აეხდება.