"ცალი ხელის მტევანი არ მაქვს, მაგრამ შრომაა ჩემი გადარჩენის ფორმულა"
თენგიზ ბერიძე: "ვინც გაინძრევა და საქმე არ დაეზარება, მოიგებს. ყოველდღიურად ვფუსფუსებ, თოხსა და ბარს ხელიდან არ ვაგდებ..."
ფერმერი თენგიზ ბერიძე აჭარიდან ლაგოდეხში ჩასახლებული ეკომიგრანტია, მეუღლე კი - აფხაზეთიდან დევნილი. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა, 2016 წელს კი სათბური ააშენა. მოჰყავს კიტრი და იმაზე მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე სახელმწიფო წლიდან წლამდე უხდიდა. აღსანიშნავია, რომ ბატონი თენგიზი მეორე ჯგუფის ინვალიდია... ვინ დაეხმარა პროექტის განხორციელებაში და რას ურჩევს ადამიანებს, რომლებიც შრომისუნარიანები არიან და თვიდან თვემდე სახელმწიფოს შემწეობას ელოდებიან? ამის შესახებ თენგიზ ბერიძე გვესაუბრება.
- 2016 წელს გამოცხადდა სტარტაპი და ევროკავშირის დახმარებით, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი ახორციელებდა პროექტს, რომლის პირობებს გადავხედე, მომეწონა და ვიფიქრე, ხომ არ ჩავერთო-მეთქი. მანამდე სოციალურად დაუცველი ვიყავი და სახელმწიფო მეხმარებოდა. პროექტი დავწერე, იდეამ გაიმარჯვა, დამაფინანსეს და სოციალურ დახმარებაზეც უარი ვთქვი.
- და სათბურის აშენება გადაწყვიტეთ?
- ვიფიქრე, შანსი მეძლევა, ჩემი შრომით ორი კაპიკი ვიშოვო-მეთქი და 800 კვმ-ზე სათბური ავაშენე. საოჯახო ბიზნესი გვაქვს. მოგვყავს კიტრი და პომიდორი. მოსავალს წელიწადში ორჯერ ვიღებთ. კიტრის მოსავალს ივნისის ბოლომდე ვამუშავებ, მეორედ რომ დავთესავ, ის მოსავალი 15 იანვრამდე მექნება. ერთ დაკრეფაზე შეიძლება 200-300 კილოგრამი დავკრიფო. ყოველ მესამე დღეს იკრიფება.
- ზამთარში კიტრი კარგი გემოთი დიდად არ გამოირჩევა...
- გემო რომ აქვს შემორჩენილი ჩემს პროდუქტს, ჩემთან იმიტომ მოდის კლიენტი.
- სად ყიდით?
- ადგილზეც, სიღნაღშიც, წნორშიც... მერე გამტანები მოდიან და თბილისშიც მოაქვთ.
- თქვენი სათბური ენერგოეფექტური ყოფილა. როგორ ამუშავებთ?
- სითბოს ბუნებრივი გზით ვიღებ - ნამჯისა და ქათმის სკინტლის წვის შედეგად ვათბობ წყალს, რომელიც რადიატორებში გადადის და სითბო მთელ ფართობზე ვრცელდება.A ამასთან, ეზოში გადის თბილი წყალი (ბურღია მეზობელთან, რაც სისტემაში აქვს გამოყვანილი). 30-გრადუსიანი წყალი სპეციალური მილებით სათბურში შემყავს. სისტემას რომ დაივლის, გარეთ გამოდის. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, მოსავალი სხვა ფერმერებთან შედარებით ადრე მოვიყვანო. დანახარჯიც ნაკლებია.
- სასუქად რას იყენებთ?
- ნამჯა და ქათმის სკინტლი რომ დაიწვება, კვლავ ნიადაგში შემაქვს. სხვა ბუნებრივ სასუქსაც ვამატებ - ბალახს ისე ვამუშავებ, რომ სასუქად კარგია.
- საქმეს ოჯახის წევრები აუდიხართ?
- კი, მაგრამ თუ მუშახელის დამატება ხდება საჭირო, ვქირაობ.
ამ კუთხეში 2005 წლიდან ვცხოვრობ.მას მერე სულ ვწვალობ და ვმუშაობ, მაგრამ ახლა შრომა დამიფასდა და კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებ.
- სხვებს რას ურჩევდით?
- ასეთ დროს სულ ამას ვამბობ ხოლმე: ბაყაყი რძით სავსე ქილაში ჩავარდა და ისე იფართხალა, რომ რძეში კარაქი "მოვიდა". აქედან დასკვნა - ისე და იმდენი უნდა იმოძრაო, რომ გადარჩე! ვინც გაინძრევა და საქმე არ დაეზარება, მოიგებს. ყოველდღიურად ვფუსფუსებ, თოხსა და ბარს ხელიდან არ ვაგდებ...
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სათბურს გავაფართოებ - სხვა ბოსტნეული შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, ბადრიჯანი. თან, შემდეგი სათბური, რომელსაც გავაკეთებ, მინდა, მზის ენერგიაზე იყოს.
- თქვენი საქციელით, ალბათ, სამეზობლოსაც მაგალითს აძლევთ.
- სამეზობლოშიც მშრომელი ხალხი ცხოვრობს. აქ ყველა რაღაცას აკეთებს... მაგალითი შემიძლია ჩემნაირს მივცე, რომელიც სახელმწიფოს კმაყოფაზეა. ვურჩევ, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვიყენოთ. მუდმივად იმას ვცდილობ, ვიმუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ხელის მტევანი არ მაქვს.
ასე რომ, მადაც ჭამაში მოდის. ორს რომ ორი დაემატება, ოთხი გამოდის და ეს არის ჩემი წარმატებისა და გადარჩენის ფორმულაც.
ლალი ფაცია