სად არიან და რას საქმიანობენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები?
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველოს სულ 15 პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. მათგან ორი - ზურაბ ჟვანია და გიორგი არსენიშვილი გარდაცვლილები არიან, მე-16 კი გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც თანამდებობას ახლაც იკავებს.
1995-2004 წლებში საქართველოში არა პრემიერის, არამედ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არსებობდა, რომელიც არა მთავრობის მეთაურს, არამედ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს ნიშნავდა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხშირ ცვლასთან ერთად, იცვლებოდა სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები და დასახელებები.
ზოგიერთი პრემიერი თუ სახელმწიფო მინისტრი აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდეც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, ზოგმა კი პოლიტიკაში ბიზნესიდან ან სამოქალაქო სექტორიდან გადაინაცვლა. ყოფილი პრემიერების ნაწილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისევ ბიზნეს სექტორს დაუბრუნდა, ნაწილი კი უკვე საპენსიო ასაკშია.
თენგიზ სიგუა
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში თენგიზ სიგუა იყო, რომლის სტატუსი 1990-1991 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. თენგიზ სიგუამ პრემიერის სტატუსით მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთხელ, 1992-1993 წლებში უხელმძღვანელა. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.
პირველი პრემიერი, თენგიზ სიგუა ამჟამად 83 წლისაა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და დეპუტატის პენსიას იღებს. როგორც თავად განმარტავს, აღარ მუშაობს, რადგან ხელს არც ასაკი და არც ჯანმრთელობა არ უწყობს.
"ინფარქტი მაქვს გადატანილი, ინსტულტის ნიშნებიც მქონდა და ექიმებმა მუშაობა ამიკრძალეს. 3 წელი ვიყავი პრემიერი, ხელფასი კი დაახლოებით 60 დოლარის ოდენობით მქონდა. ვარ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი," - განმარტავს სიგუა. როგორც თენგიზ სიგუა ამბობს, მისი პოლიტიკური წარსულიდან, ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რომ "გამსახურდიამ ვერ გაამართლა."
"პირველი 6 თვე რომ გავიდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაცას ურევდა, პრემიერად რომ დამნიშნეს, ზვიადმა მკითხა, რამდენ სამინისტროს აპირებ, მე 18-ს დავტოვებ და სულ ცოტა 12 მინისტრი თქვენ აირჩიეთო. ძალიან მენდობოდა, მაგრამ ისეთი მინისტრები წარმოადგინა, რომ უკვე მივხვდი, რომ არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება არ ჰქონდათ" - იხსენებს თენგიზ სიგუა.
ბესარიონ გუგუშვილი
საქართველოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი გახლდათ, რომელიც მთავრობას 1991-1992 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე კი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იმავდროულად კი სახელმწიფო-კერძო კომპანიის, "საქართველოს კორპორაციის" პრეზიდენტი იყო. პრემიერი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წევრი გახლდათ, 1991-1992 წლების ომის დროს კი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა. ბესარიონ გუგუშვილი 1945 წელს საბჭოთა საქართველოში დაიბადა, შესაბამისად, მან უკვე საპენსიო ასაკს მიაღწია. ის ფინეთის მოქალაქეა და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
ოთარ ფაცაცია
პრემიერის პოზიციას 1993-1995 წლებში იკავებდა. ყოფილი კომუნისტი ბიუროკრატი და ქაღალდის საწარმოს მენეჯერი პრემიერ-მინისტრად ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. ოთარ ფაცაცია 1929 წლის 15 მარტს დაიბადა, ის ამჟამად საპენსიო ასაკშია და 88 წლისაა.
ნიკოლოზ ლეკიშვილი
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 1995-1998 წლებში იკავებდა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თბილისის მერი იყო. ნიკო ლეკიშვილს სახელმწიფო მინისტრობამდე პოლიტიკური გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა, ის სხვადასხვა დროს კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის მდივანი, კომკავშირის თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე, ასევე თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ლეკიშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში თავად განმარტავს, ის არ იყო მთავრობის მეთაური, არ ატარებდა მთავრობის სხდომებს, აღნიშნული მოვალეობები ამ პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა, თავად კი ქვეყნის პირველი პირის კანცელარიას ხელმძღვანელობდა.
ამჟამად ნიკო ლეკიშვილი ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული. კერძოდ, მართავს ღვინის საწარმოს და დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელია.
"მე სამსახური არ მაქვს, რამდენიმე პირთან ერთად მაქვს ღვინის ქარხანა რაჭაში, ღვინის და მეტი არაფერი ისეთი. ჩემთან ერთად ღვინის ბიზნესში კიდევ 5 პირია ჩართული, ეს არის კომპანია "ხვანჭაკარა პრემიუმი", რაჭაში გვაქვს ვენახები. ასევე ვარ კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. ეს არის დიდი კოპმპანია, რომელმაც მშენებლობები განახორციელა ბაკურიანში, კურორტ მიტარბიში... კომპანია აშენებს და მართავს. რომ ვთქვა, რომ მე აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში ჩართული ვარ, ასე არ არის, დამფუძნებელი ვარ, მაგრამ არ ვმართავ. GRDC-ის საქმიანობაში ძალიან ბევრი ხალხია, ეს არის სააქციო საზოგადოება. მაქვს ჩემი პროცენტები იქ და სხვა არაფერს ვაკეთებ," - განმარტა ნიკო ლეკიშვილმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც პოლიტიკაში ყოფნის დროს "მოქალაქეთა კავშირის" წევრი იყო, ამჟამად 70 წლისაა. გაგრძელება