რატომ გამოუყო კალაძემ ლევან გაჩეჩილაძეს 30 000 ლარი მერიის სარეზერვო ფონდიდან?
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურისგან თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარის მიზნობრიობის საკითხის შესწავლას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ლევან ხაბეიშვილმა აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, "მერიის სარეზერვო ფონდიდან ხდება გაუმჭვირვალედ თანხების გადარიცხვა გარკვეული პირებისთვის და რომ არა დედაქალაქის მთავრობაში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდებოდა ლევან გაჩეჩილაძის იდენტიფიცირება და იმის გამორკვევა, რომ 30 000 ლარი ლევან გაჩეჩილაძეს მისცეს".
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მერიას მოსთხოვენ გასაჯაროვდეს სხვა გადარიცხვებიც, რადგან შესაძლებელია იყოს კონკრეტული პირებისთვის, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის, პარტიული აქტივისტებისთვის თანხების გადარიცხვის ფაქტები.
"მილიონერი კახა კალაძე მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დაეხმარა საბიუჯეტო სახსრებით და ამ თანხამ 30 000 ლარი შეადგინა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა აუდიტის სამსახურის მიმართ არის, რომ შეისწავლოს, რამდენად მიზნობრივად მოხდა მილიონერ ლევან გაჩეჩილაძისთვის ამ თანხის გამოყოფა და რამდენად იყო დასაბუთებული ის მიზნობრიობა, რომლის მიხედვითაც მერიის სარეზერვო ფონდიდან 30 000 ლარი გაიცა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო პირადი მოტივებით მიღებული, ამ გადაწყვეტილებას საერთო არ აქვს იმასთან, რომ ვინმეს რაიმე სოციალური გაჭირვება ჰქონდა და ამის გამო მოხდა დახმარება. ლევან გაჩეჩილაძე სხვა მოქალაქეებთან შედარებით უკეთეს პირობეში იყო ჩაყენებული, რადგან ყველა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მერიისგან მიიღოს 30 000 ლარის დახმარება, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ჩვენ უამრავი მოქალაქე გვინახავს, რომელიც ოპერაციას ვერ იკეთებს იმიტომ, რომ შემოსავალი არ აქვს. უამრავი ბავშვი გვინახავს, რომლებიც სამწუხაროდ, იღუპება იმის გამო, რომ მის ოჯახს მინიმალური სახსრებიც კი არ აქვს. უამრავი სოციალურად დაუცველი გვინახავს, რომელიც მედიკამენტს ვერ ყიდულობს. მათ მერია ეუბნება, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ დაეხმარება. ამ დროს მილიონერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მერმა მისცა თავს უფლება, მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დახმარებოდა. შესაბამისად, აუდიტის სამსახურს არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ გამოიკვლიოს ამ თანხის მიზნობრიობა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახური მას წერილობით ათი დღის ვადაში უპასუხებს, მოხდება თუ არა ამ ფაქტის გამოკვლევა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, კახა კალაძემ ლევან გაჩეჩილაძისთვის თანხის გაცემის შესახებ ბრძანება 2017 წლის 13 დეკემბერს გასცა, თანხა კი 15 დეკემბერს გაიცა.
"ინტერპრესნიუსი"