კულტურის სფეროს წარმომადგენლები პუტინს ღია წერილით მიმართავენ
"საქართველოს კულტურის პალატისა" და კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ და არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოსვენებას მოითხოვენ.
ღია წერილში, რომელიც "საქართველოს კულტურის პალატის" Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.
"მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება", - ნათქვამია ღია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: ლია მიქაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ასმათ ტყაბლაძე, თეიმურაზ გვალია და დავით ოქიტაშვილი. წერილზე ხელმოწერები გრძელდება.