თემურ ჭკუასელი: "ქართულ ენასთან მიმართებაში ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს" - კვირის პალიტრა

თემურ ჭკუასელი: "ქართულ ენასთან მიმართებაში ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს"

დეპუტატ თემურ ჭკუასელის შეფასებით, რაც ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება, სრული კატასტროფაა. ამის შესახებ ჭკუასელმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ. ჭკუასელმა საჯარო სივრცეებში გამოკრულ წარწერებზე გაამახვილა ყურადღება.

"წარწერები ქუჩებში, საუბარი ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში - ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს". ისე მახინჯდება და თვალსა და ხელს შუა ისე იცვლება სიტყვების მნიშვნელობა...მაგალითად, თბილისი გავსებულია "ელიტ ელექტრონიქსის" რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით და ყველგან წერია: "მარტო შენთვის". ამ დროს უნდა იყოს "მხოლოდ შენთვის". არის რეკლამა და დღე და ღამე მღერიან ეთერში: "მიყვარს მარტო ზედაზენი". მალე ალბათ ცნობილ რომანს "მხოლოდ შენ ერთს" იმღერებენ - "მარტო შენ ერთს". გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ერთხელ მწარედ ვკითხე: ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი? არის წარწერა "კარები გააღეთ შიგნით". შე დალოცვილო, დაწერე "შეაღე" - ერთი სიტყვა სჭირდება ამას. არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და წინადადება, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12-სიტყვიანი, რადგან თარგმნილია და თარგმნილია ცუდად", - განაცხადა ჭკუასელმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე კი, გამართული ქართულით მეტყველების მიზნით ჟურნალისტებისა და პედაგოგების სავალდებულო ტრენინგის საჭიროებას ხედავს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ სპეციალური ტრენინგი - სავალდებულო ტრენინგები, რადგან ყველაზე მეტი გავლენა არის ჟურნალისტებისგან და მასწავლებლებისგან. მასწავლებლები არ მეტყველებენ ხოლმე სწორი ქართულით, რაც გადაეცემათ მოსწავლეებს და ვერც მოსწავლეები მეტყველებენ სწორი ქართულით", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"