გრაკლიანის უნიკალური ისტორიული წარწერა ჩამოშლის პირასაა? - სპეციალისტები განგაშს ტეხენ
სპეციალისტები, რომლებიც გრაკლიანის წარწერის დასათვალიერებლად კასპის რაიონში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ წარწერა ჩამოშლის პირასაა. მათი თქმით, სათანადო სპეციალისტები ამ საქმეში ჯერ არ არიან ჩართულნი.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი, ხელოვნებათმცოდნე-ეთნოგრაფი გიორგი გიგაური kvirispalitra.ge-ს ესაუბრა.
- დიახ, გრაკლიანის წარწერას პრობლემა აქვს, იშლება, რადგან ქვიშანარევი თიხაა და კარგად არ არის გამომწვარი, ბუნებრივად გამომშრალია. ამ საქმეში აუცილებელია კერამიკოსების ჩართვა, რაც შეიძლება სწრაფად. ისეთების, ვისაც ასეთ თიხასთან ჰქონია შეხება. ამას ისეთი სპეციალისტები სჭირდება, ვინც გორელიეფებს ჯერ სათანადოდ შეისწავლის და მის ტენიანობას განსაზღვრავს, შემდეგ მასში სპეციალურ ხსნარს შეიყვანს და დაბალი ცეცხლით გამოწვავს ადგილზე.
ასე გააკეთეს თურქეთში, როცა ხეთური გორელიეფები იშლებოდა. დღეს ყველაფერს პატრონი სჭირდება, მით უფრო ისეთ უმნიშვნელოვანეს წარწერას რასაც, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა ჰქვია. მაქვს განცდა, რომ ჯერ კიდევ არა გვაქვს გათვითცნობიერებული ეს რამხელა მნიშვნელობის წარწერაა.
- რამდენადაც ვიცი, საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა ამ არქეოლოგიურ სამუშაოებზე?
- კი, მილიონი ლარი დაიხარჯა და ახლა კერამიკოსი ვერ მიიყვანეს, რომ თიხა გაემაგრებინათ.
ჩემი წიგნი, რომელიც სულ მალე იხილავს მზის სინათლეს აღწერილი მაქვს ვერსია, თუ რა შეიძლება ამოვიკითხოთ ამ აღმოჩენიდან. ამ კონსტრუქციით და კერამიკით ვერავის გააკვირვებ, უმთავრესი აქ წარწერაა. ამას უნდა გაფრთხილება, რომ არ დაიკარგოს.
ეს უძველესი ქართული (სიმბოლურ-სილაბურ-მარცვლოვანი) დამწერლობაა. აქ მტკიცდება, რომ სალოცავი ტექსტებიც ჰქონდათ და რიტუალის წესებიც. წარწერის წინ ვერძია თავისი სტელით (გარშემო შემოსასვლელი). ეს ნიშნები ქართულ ეთნოგრაფიულ კულტურაში შემორჩენილ პიქტოგრაფიულ ხაზოვან დამწერლობის ნიშნებთანაც მსგავსია.
გრაკლიანის წარწერის ერთი ნიშანი კიდევ არის სხვა საკურთხეველზე (წერტილოვანი ჯვარი), რომელსაც მიწა აყრია და აღმოჩენას ელოდება. ეს საკურთხეველი გრაკლიანიდან სამხრეთშია, გუდალეთთან. ჯვრის მსგავსი ორი ტირეთი სხვა არცერთ დამწერლობაში არ ფიქსირდება, მხოლოდ ქართულ პიქტოგრაფიულ-ხაზოვან ნიშნებშია (ასევე შუმერულშია და ესპანეთის იბერიულ დამწერლობაში).
ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს სწორი მიდგომა ასეთ მნიშვნელოვან არტეფაქტთან.
- არ ვიცი, საზოგადოება რამდენად არის კომპეტენტური ჩაერთოს ამ პროცესში. გამოსავალს რაში ხედავთ?
- ამ შემთხვევაში საზოგადოებაში სპეციალისტებს და კერამიკოსებს ვგულისხმობ, რადგან თიხის გამოსახულებასთან უნდა იმუშაონ კერამიკის სპეციალისტებმა, რომელთაც აქვთ გამოცდილება. თიხას თავისი ხასიათი აქვს. ქართველი სპეციალისტებიც გვყვანან, მაგალითად, ცნობილი კერამიკოსი გიორგი იაშვილი. ვფიქრობ, ასეთ ობიექტებთან ქართველი კერამიკოსები უნდა მუშაობდნენ, ვინც იცის ქართული თიხის ხასიათი, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს წარწერის კონსერვაცია.
ამჟამად, ვინც კურირებს ამ საქმეს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ამბობს, რომ დირექტივებს კულტურის სამინისტროდან იღებს. კულტურის სამინისტრო კი უცხოელ სპეციალისტებს ელოდება. ამ ეტაპზე საუბარია იტალიელებზე და გარკვეულ დაფინანსებაზე, მანამდე კი ისტორია ზარალდება.
პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ წერდა სამინისტროს წებოსა და სხვა ელემენტარულ საგნებზე, მაგრამ არავინ გამოხმაურებია.
ვფიქრობ, სავალალო ფაქტის წინაშე, რომ არ აღმოვჩნდეთ ქართველმა სპეციალისტებმა იციან აქაური თიხის თვისებები და მისი გამაგრების სწორი ხერხებიც ასე, რომ საქმე უნდა დაიწყონ დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ აღმოჩენის დროს ვტეხავთ აჟიოტაჟს და მერე ისევ მიწამ უნდა წაშალოს კვალი.
წარწერის სისტემურობა და ტაძართან მისი კავშირი უძველესი რიტუალური წესების კულტურის არსებობაზე მიუთითებს და მისი სრული გაშიფვრის შემდეგ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ამბავი შეიძლება გამჟღავნდეს.
ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)