"არაკეთილსინდისიერ კომპანიებს მოვექცევით კანონის ფარგლებში" - რას პასუხობს კალაძე "სითი პარკის" განცხადებას?
"ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება; ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე "სითი პარკის" განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ბიზნესგარემოსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას.
"ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, იმ ბიზნესკლიმატს, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია. ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორია, კომპანიაა, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული თუ უცხოური ბიზნესი. ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია. მე უამრავი მეგობარი მყავს ისრაელში და ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და ყველანაირი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები განხორციელდეს. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ჩვენ მოვექცევით კანონის ფარგლებში. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას და მოექცეს კანონმდებლობის ფარგლებში",- განაცხდა კალაძემ.
რაც შეეხება კომპანიის განცხადებას, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის შესახებ, კალაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
"მე თავს შევიკავებ ამ განცხადებებზე კომენატრი გავაკეთო. თუ მათ ექნებათ სურვილი სასამართლოში წავიდნენ, სასამართლოში დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, ისევე, როგორც არბიტრაჟში", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს.
"ინტერპრესნიუსი"