ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიის უცნობი თაყვანისმცემელი - აზნაურ აბელიშვილებისა და სამი სამსჭვალის ისტორია
შარშან, ქრისტეშობისთვეში შესრულდა 200 წლისთავი გენიალური ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) დაბადებიდან. ამ დიდებული შემოქმედის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა.
მისი პოეტური ქმნილებანი სამართლიანად არის მიჩნეული ქართული ლიტერატურის შედევრებად.
ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიის ერთ-ერთი უცნობი თაყვანისმცემლის - აბელ (ბალო) ივანეს ძე აბელიშვილის (1839-1919) შესახებ საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდის ქვემოთ გამოქვეყნებული მოგონების ავტორი, აწ განსვენებული ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი (1941-2015).
1845 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ელისავეტპოლში (ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქი განჯა) მალარიით გარდაიცვალა ელისავეტპოლის მაზრის უფროსის თანაშემწე, თავადი ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი. უდროოდ დაღუპული 27 წლის რომანტიკოსი პოეტი იმავე ქალაქში დაკრძალეს.
თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ - 1893 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დებმა - ბარბარემ (1826-1919), რომელიც ცოლად ჰყავდა გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილს (1825-1898), ნინომ (1828-1906), რომლის მეუღლე იყო ლევან გერმანოზის ძე ბარათაშვილი (1826-1874) და სოფიომ (1841-1916), რომელიც გათხოვილი იყო გენერალ ვასილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილზე (1843-1905), ასევე პოეტის უფროსი დის, იმხანად უკვე გარდაცვლილი ეკატერინეს (1821-1853) ვაჟმა ნიკო რევაზის ძე ქსნის ერისთავმა (1850-1915) და ბიძაშვილმა გიორგი ილიას ძე ორბელიანმა (1853-1924) ხელისუფლებას სთხოვეს - თავიანთი საამაყო ნათესავის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების უფლება მიეცათ.
სათანადო ნებართვის მიღებისთანავე ელისავეტპოლში ჩავიდნენ ზემოხსენებული გიორგი ორბელიანი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები - გ. იოსელიანი და ა. ჭყონია.
იმდროინდელ ქართულ პრესაში დეტალურად არის გადმოცემული პოეტის საფლავის გახსნის ისტორია, რომელშიც ვკითხულობთ: "მეკუბოვე შეუდგა მიწის მიყრა-მოყრას. კუბო თითქმის აღარ შენახულიყო... ამის მიზეზად ამბობენ აკაკის ხეს, რომელიც იქვე ყოფილა დარგული და რომლის ძირზედაც დღეს პატარა ყლორტებიღაა ამოხეთქილი. აი, ამ ხეს რწყავდნენ თურმე და წყალი კი კუბოს თავს იწურებოდა, რის გამოც კუბოს და გვამის გახრწნა მოსწრაფებულა...
მოიტანეს ახალი კუბო და ფრთხილად შეუდგნენ ნაწილების ამოკრეფას... ყოველივე აღმოჩენილი ნაშთი გვამისა, ტანსაცმლისა თუ კუბოსი დაიკრძალა ახალი კუბოს შუა უჯრაში. მხოლოდ ორიოდე უბრალო ფოლაქი და აგრეთვე ის ფოლაქიც, რომელსაც სახელოს ოქრომკედის კანტი შერჩენოდა, ბ-ნმა ალექსანდრე ჭყონიამ ჩაიბარა" ("ივერია", 1893, #88).
იმავე წლის 25 აპრილს, კვირა დილით, ახალგაზრდა მგოსნის ნეშტი მატარებლით გადმოასვენეს მისი სამშობლოს სატახტო ქალაქში.
გაზეთი "ივერია" (1893, #86) იუწყებოდა: "ვაგზლის არე-მარესა და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი... 91/2 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდამ გადმოასვენეს კუბო ძვირფასის ნეშტით. კუბოს მოჰყვნენ: პოეტის ნათესავი, ღვიძლი ბიძაშვილი თავადი გიორგი ილიას ძე ორბელიანი და სხვა პატივცემულნი ქართველნი, რომელნიც გაგზავნილნი იყვნენ განჯას".
პოეტის ნეშტი დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის ეკლესიის გალავანში არსებულ პანთეონში, საიდანაც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ - 1938 წელს მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემელ იმ ქართველ მამულიშვილთა შორის, რომელთაც წილად ხვდათ პატივი - მონაწილეობა მიეღოთ დიდი პოეტის ნეშტის ელისავეტპოლიდან სამშობლოში გადმოსვენებაში, გახლდათ ზემოხსენებული აბელ (ბალო) აბელიშვილიც - კახეთის სოფელ ოჟიოს მკვიდრი აზნაური.
ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს აბელიშვილთა (იმავე აბელაშვილთა) საგვარეულოს წარსულის მოკლედ გახსენება.
* * *
კახეთის საეკლესიო აზნაურები - აბელიშვილები ცხოვრობდნენ ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის მახლობლად მდებარე სოფლებში ოჟიოსა და კოღოთოში (ამჟამად - ახმეტის რაიონი). საგვარეულო გადმოცემის თანახმად, ისინი სათავეს იღებენ აბელ ანდრონიკაშვილისგან, რის გამოც თავიანთი წინაპრის სახელისგან მიუღიათ გვარი.
ქართულ საისტორიო წყაროებში ამ საგვარეულოს წარმომადგენლები XVII საუკუნის უკანასკნელი მესამედიდან იხსენიებიან. მათ შორის იყვნენ: ებიტა, რომელიც მოწმედ იხსენიება ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის მიერ ბოდბელი კირილე კოზმანიშვილისადმი ბოძებულ წყალობის წიგნში (1670 წ.); შერმაზანი, რომელიც იხსენიება ზაქარია ალავერდელის მიერ მეჯინიბეთუხუცეს ავთანდილ იორამის შვილისადმი წყალობის წიგნში (1734 წლის 16 აპრილი); იოვანე, რომელიც იხსენიება ზენონ ალავერდელის მიერ ბოქაულთუხუცეს ფარემუზისადმი ბოძებულ წყალობის სიგელში (1770 წლის 4 თებერვალი) და ზენონის მიერვე თამაზ ბაქრაძისადმი ბოძებულ წყალობის წიგნში (1776 წლის 24 აპრილი); სტეფანე და როსტომი, რომლებიც იხსენიებიან 1794 წლის 8 აგვისტოთი დათარიღებულ განჩინებაში და სხვ.
აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის მიერ 1796 წლის 10 ივლისს გაცემული წყალობის წიგნით აზნაურ აბელაშვილებს სოფელ კოღოთოს მოურავობა ებოძათ. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ: "ქ. წყალობითა ღმრთისათა, ჩვენ, ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარხმან და ალავერდელ მიტროპოლიტმან, ძემან სრულიად საქართველოს მეფისა ირაკლი მეორისამან, ანტონი, ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, ჩვენის ეკლესიის აზნაურიშვილს აბელაშვილს დიმიტრის და პაპუასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა.
ასე, რომე: მოხვედით კარსა დარბაზ-პალატისასა ჩვენისასა და კოღოთოს მოურაობას დაგვეაჯენით. ვისმინეთ აჯა და ვედრება თქვენი და გიბოძეთ კოღოთოს მოურაობა. გქონდესთ და გიბედნიეროსთ ღმერთმან წმიდის გიორგის ალავერდის ეკლესიის სამსახურსა და ჩვენსა ერთგულობასა შინა; არა მოგეშალოსთ არცა ჩვენგან და არცა სხვათა ალავერდელ მიტროპოლიტთაგან ჩვენგან ბოძებული ესე წყალობა".
ზემოთ მოყვანილ წყალობის წიგნს ახლავს ქართლ-კახეთის გვირგვინოსნის, გიორგი XII-ის მიერ ოდნავ მოგვიანებით მიწერილი დამტკიცება და სამეფო ბეჭედი.
1783 წელს გეორგიევსკში დადებულ ტრაქტატს დართულ ქართველ თავადაზნაურთა ნუსხაში აბელაშვილები კახეთის აზნაურთა გვარებს შორის იხსენიებიან.
რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ 1850 წელს დამტკიცებულ ქართველ თავადაზნაურთა ნუსხაში აღნიშნული საგვარეულოს წარმომადგენლები იხსენიებიან რუსული დაბოლოებით - "აბელოვ".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საგვარეულოს წარმომადგენელი აბელ აბელიშვილი 1893 წელს მონაწილეობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაში. აბელი, როგორც რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცერი, ერთხანს ტაო-კლარჯეთში მდებარე ქალაქ ოლთისში მსახურობდა. სხვათა შორის, აბელი გახლდათ პროტოტიპი ვასილ ბარნოვის რომანში "ტრფობა წამებული" მოხსენიებული პერსონაჟისა - აშოტი.
აბელ აბელიშვილს ცოლად ჰყავდა მარიამ ლიონიძე (1860-?), რომლის მშობლებიც იყვნენ თავადი სოლომონ გაბრიელის ძე ლიონიძე (1825-1885) და ნინო ჯომარდიძე (1837-?) - ასული აზნაურ გრიგოლ ჯომარდიძისა. ხსენებული სოლომონი იყო მოსახელე თავისი ბიძისა (მამის ძმისა), ვიცე-კანცლერ სოლომონ ანდრიას ძე ლიონიძისა (1754-1811), რომელიც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ.
სწორედ მარიამ სოლომონის ასულ ლიონიძის დეიდაშვილმა - ელისაბედ გურამიშვილმა (1854-?) უმასპინძლა დიდი პოეტის საფლავის მოსაძიებლად ქალაქ ელისავეტპოლში ჩასულ ქართულ დელეგაციას. ელისაბედის მამა - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, თავადი ვახტანგ გურამის ძე გურამიშვილი (1821-1894) იმხანად მსახურობდა ელისავეტპოლის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორად და ამ რეგიონში არსებულ სახელმწიფო ქონებას განკარგავდა. მას ცოლად ჰყავდა სოფიო გრიგოლის ასული ჯომარდიძე (1831-1915) - ღვიძლი და ზემოხსენებულ ნინო ჯომარდიძისა.
საგულისხმოა, რომ ელისაბედ ვახტანგის ასულმა გურამიშვილმა თავის სიძეს (დეიდაშვილის ქმარს) - აბელ აბელიშვილს, როგორც დიდი პოეტის გენიის დამფასებელს, საჩუქრად გადასცა სამი სამსჭვალი, რომლებიც ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვე დაშლილი კუბოდან დაუზიანებელი სახით შემორჩენილიყო. მოწიწებით შენახული ეს ლურსმნები აბელმა მემკვიდრეობით გადასცა თავის ასულს - დარია აბელიშვილ-ვოლდეიტისას (1895-1976). ამ უკანასკნელმა კი ეს ძვირფასი რელიკვია ჩვენ გადმოგვცა...
* * *
ბარათაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემელთა მრავალრიცხოვან დასს განეკუთვნებოდა გამოჩენილი ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილიც, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. ამიტომაც, მის ოჯახში მორიგი სტუმრობისას, ბატონ ლადოს ვაჩვენე ზემოხსენებული ლურსმნები და მათი ისტორიაც მოვუყევი.
მონათხრობმა იმდენად იმოქმედა დიდ მხატვარზე, რომ ცრემლი ვეღარ შეიკავა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ მითხრა:
- ჩემო გიორგი, როგორც იცი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ზოგიერთი მემორიალური ნივთი ჩემთანაც ინახება, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ეს სამი სამსჭვალი ყველაზე მძაფრად მაგრძნობინებს ტკივილს, რადგან სწორედ მათზე ირღვეოდა შეუდარებელი პოეტის სხეული...
ბატონმა ლადომ ფაქიზად აიღო ყუთში მოთავსებული ლურსმნები, მოკრძალებით მიიდო გულთან და ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა:
- მაინც რა საოცარი ერი ვართ ქართველები... როგორი გამორჩეული სიყვარული შეგვიძლია, რანაირი გლოვა... ვინც ეს სამსჭვალები შეინახა, შინაგანად მაინც პოეტი უნდა ყოფილიყო... დაილოცოს მისი დამბადებელი!
ლადო გუდიაშვილთან მორიგი შეხვედრისას მან საჩუქრად გადმომცა თავის მიერ შესრულებული მშვენიერი გრაფიკული ნამუშევარი, სახელწოდებით - "მერანი". ნახატს ქვემოთ მიწერილი ჰქონდა პირველი სტროფი ამავე სახელწოდების გენიალური ნაწარმოებიდან, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1842 წლის 9 მაისს დაწერა:
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ,
ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი
შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას
არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი,
შავად მღელვარი!
როგორც დიდმა მხატვარმა აღნიშნა, სწორედ ეს იყო მისი საყვარელი ლექსი და ასე წარმოედგინა მისი ავტორი, ჭაბუკი მგოსანი - ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც მერანზე ამხედრებული, ელვის სისწრაფით მიქროდა. თანაც დასძინა, რომ აღნიშნული ნახატი მან ჩემი მონათხრობის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა შექმნა.
ამის შემდეგ ლადო გუდიაშვილის ორიგინალურმა ნახატმა "მერანმა" ბინა დაიდო ჩემს სამუშაო ოთახში, სადაც დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიის ერთ-ერთი, დღემდე უცნობი თაყვანისმცემლის აბელ აბელიშვილის მიერ მოწიწებით შემონახული სამი სამსჭვალი - ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი განსასვენებლიდან...
გიორგი ჯავახიშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ჟურნალი "ისტორიანი",#86