"პუტინის მხარდასაჭერ კლიპში კი არა... მიშა სააკაშვილს ვუთხარი უარი - თქვენს რეკლამას მე ვერ გავაკეთებ-მეთქი!"
"ერთადერთი, კალაძეს დავუჭირე მხარი და ეს შეგნებულად გავაკეთე, რადგან მგონია, რომ არ არის ისეთი კაცი, რომელიც შეიძლება გაღორდეს"
კულტურის პალატამ სოციალურ ქსელში გაავრცელა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წერილი, სადაც ხელმომწერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართავენ და არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოსვენებას მოითხოვენ. წერილის ხელმომწერებს შორის მსახიობი ზურა ყიფშიძეც არის. (იხილეთ წერილი)
უნდა აკეთებდნენ თუ არა ხელოვნების წარმომადგენლები განცხადებებს პოლიტიკურ თემებზე და როგორ აღიქმება ეს ქართულ რეალობაში, როგორ აისახება ეს მათ იმიჯზე შემდგომში და როგორ განაწყობს მაყურებელსა თუ მსმენელს? ამ თემაზე შეკითხვები ჟურნალმა "გზამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს დაუსვა.
ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
- მსგავს პროცესებში ყველა ადამიანის ჩართულობაა მნიშვნელოვანი, მათ შორის, ხელოვანების, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ, ვღელავთ და მეორე საკითხია, ამ ჩვენს წერილს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ხელოვანების ჩართულობით მნიშვნელოვანი ამბები გადაწყვეტილა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი... საერთოდ ვერ გავიგე, რა უქნეს იქ არჩილ ტატუნაშვილს ან ამ ადამიანმა ასეთი რა დააშავა, რომ ასე სასტიკად გაუსწორდნენ. ვიღაცამ მიზეზი ხომ იცის? რაღაც ისეთი იმალება, რაც ჩვენ არ ვიცით და ალბათ ვერ გავიგებთ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, გული მტკივა.
- თქვენი აზრით, როგორი ფორმა უნდა გამოიძებნოს რუსეთთან დიალოგისთვის? კრიტიკა მოჰყვა პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებასაც.
- ჰოდა, ეს არ არის სწორი, აბა, რა უნდა ვქნათ, ომი დავიწყოთ? ჩხუბი დავიწყოთ? წინასწარ ვიცით, ეს რითიც დამთავრდება, ამიტომ დიპლომატიაა საჭირო, ხელოვანების ჩართვა, დიპლომატების, პირადი კონტაქტების გაძლიერება, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. გაბუტულები ისედაც ვართ.
- თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა, რას იზამდით?
- პუტინის მხარდასაჭერ კლიპში კი არა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტისგან არ მივიღე მსგავსი შემოთავაზება და მიშა სააკაშვილს ვუთხარი უარი - თქვენს რეკლამას მე ვერ გავაკეთებ-მეთქი! იმის შემდეგ გამებუტნენ და დამიწყეს რაღაცები... შეიძლება ვიღაცას კარგად ვიცნობდე და მისი საქმეებიდან გამომდინარე, უბრალოდ მხარი დავუჭირო, ჩემი აზრი გამოვთქვა, როგორც მოქალაქემ. ერთადერთი, კალაძეს დავუჭირე მხარი და ეს შეგნებულად გავაკეთე, რადგან მგონია, რომ არ არის ისეთი კაცი, რომელიც შეიძლება გაღორდეს. მგონია, ქალაქს მოუვლის და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, თორემ პოლიტიკურ რეკლამებში რომ არ ვმონაწილეობ, ეს ყველამ იცის. ოკუპანტის სასარგებლოდ მსგავს ქმედებებს ნეგატივი, რა თქმა უნდა, მოჰყვება, ბუნებრივიცაა. ფორმასაც გააჩნია: როცა პუტინს უმღერი, ერთია და როცა მის ქვეყანაში ჩახვალ და ხალხისთვის ითამაშებ, ეს სულ სხვა რამეა. (სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 15 მარტის ნომერში)
თამთა დადეშელი