ტრისტან მახაური მითებში გადასული სიცოცხლე
2018 წლის 9 იანვარს საყდართგორზე მშობლიური გომეწრის მიწამ მიიბარა ტრისტან მახაური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ის იყო თანამედროვე ქართველი საზოგადოების ერთ-ერთი კოლორიტული
წარმომადგენელი, ნიჭიერი მკვლევარი, პოეტი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულისხმიერებით, თავმდაბლობითა და უბრალოებით.
ტრისტან მახაური სტუდენტობის წლებში გავიცანი. იმ დროიდან მოყოლებული სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე, 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ერთად გვიწევდა ყოველდღიური საქმიანობა და დარგის განვითარებისთვის ზრუნვა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მან ფეხით შემომატარა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, გამაცნო მთიელთა ტრადიციები და რიტუალები. მას, როგორც მთაში აღზრდილ კაცს, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ფოლკლორის უბადლო მცოდნეს, ყველგან, ყველა თემ-სოფლის ჯვარ-ხატთა დღესასწაულზე დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ეგებებოდნენ.
ტრისტანი დიდებული მთხრობელი გახლდათ, მისი ხმის ტემბრი და საინტერესო საუბარი დიდსაც და პატარასაც თანაბრად იზიდავდა. მან საშუალება მომცა, კავკასიელი მთიელი ხალხების ყოველდღიური ყოფა და ფოლკლორი დამენახა არა გარედან, ზერელე დამკვირვებლის პოზიციებიდან, არამედ მივსულიყავი ახლოს და შიგნიდან განმეცადა მთიელთა საკრალური ყოფის საიდუმლოება, რასაც ის დაბადებიდანვე იყო ნაზიარევი.
ტრისტან მახაური მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია მისი მონოგრაფია "ქართული ხალხური საგმირო ბალადა" (გამომცემლობა, ლომისი, თბილისი, 2003), რომელიც დარგის სპეციალისტებისთვის სამაგიდო წიგნად იქცა. ტრისტან მახაურის, ზურაბ კიკნაძისა და ჩემი თანაავტორობით დაიბეჭდა "ჯვარ-ხატთა სადიდებლები". წიგნს ახლავს შესავალი წერილები, ლექსიკონი და საძიებლები. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტრისტან მახაურმა ოთხ წიგნად გამოსცა "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები".
იგი თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერების ძვირფასი შენაძენია, რადგან მასში წარმოდგენელი სამეცნიერო შრომები ავტორის ენციკლოპედიურ ცოდნას, მაღალ პროფესიონალიზმსა და კვლევის უახლეს მეთოდებს ეფუძნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2010 წელს გამოცემული "ხალხური პოეზიის ანთოლოგია", შედგენილი ზურაბ კიკნაძისა და ტრისტან მახაურის მიერ, რომელშიც შესულია უაღრესად მაღალი მხატვრული გემოვნებით შერჩეული ფოლკლორული ნაწარმოებები. კრებულში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ქართული პოეტური ფოლკლორის ჟანრული სიმდიდრე და მრავალფეროვნება.
აღსანიშნავია ტრისტან მახაურის მოღვაწეობა კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. ამ კუთხით მას ლექციების კურსი მიჰყავდა შემდეგ საგნებში: "აფხაზური ფოლკლორი", "აფხაზური ლიტერატურის ისტორია", "აზერბაიჯანული ფოლკლორი" და "აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორია" (ქართულ და რუსულ სექტორზე). ტრისტან მახაურის ლექციები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პოპულარობით სარგებლობდა, მის საგნებს მუდამ ათეულობით სტუდენტი ირჩევდა. ის ყოველწლიურად ხელმძღვანელობდა სტუდენტებს საბაკალავრო ნაშრომების შექმნაში. მათ შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები, რომლებიც ლექტორის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდნენ.
გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ტრისტან მახაური უძღვებოდა ახალგაზრდა მწერალთა წრის საღამოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის გულდასმით ეცნობოდა სტუდენტთა ლიტერატურულ შემოქმედებას, საუკეთესო ნაწარმოებებს კი არჩევდა წრის საღამოებზე განსახილველად და ალმანახ "პირველ სხივში" დასაბეჭდად, რომლის რედკოლეგიის წევრიც თვითონ იყო წლების განმავლობაში. ტრისტანმა არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუკაფა გზა სამწერლო-შემოქმედებითი ასპარეზისკენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრისტან მახაურის შემკრებლობითი საქმიანობა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაუღალავად კრებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. მასთან ერთად ხალხურ ტექსტებს ვიწერდი ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, ლეჩხუმში, ქიზიყში, შირაქში, ახმეტის რაიონის ოსებითა და ქისტებით დასახლებულ სოფლებში. გასაოცარი იყო მისი შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული.
ტრისტანი ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერის დროს მთხრობელს საუბარს არასოდეს შეაწყვეტინებდა, რადგან ნათქვამის გამეორება არ სჭირდებოდა, მთქმელის გადმოცემულ ტექსტს ზედმიწევნით ზუსტად იმახსოვრებდა. ქართული ენის დიალექტების სიღრმისეული ცოდნა უადვილებდა ზეპირი ტექსტის ჩაწერასა და წერილობით მათ უშეცდომოდ დაფიქსირებას. ტრისტანის მიერ ჩაწერილი ასობით ხალხური ტექსტი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივში ინახება, რჩეული ნაწარმოებები კი შესულია ქართული ზეპირსიტყვიერების ცნობილ კრებულებში, ქრესტომათიებსა და ანთოლოგიებში.
ტრისტან მახაური მონაწილეობდა ძირითად შემსრულებლად რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში: "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტები" (2009) და "ქართულ-კავკასიური ფოლკლორული ურთიერთობები: XIX-XX საუკუნეების წყაროები და თანამედროვე ნარატივები" (2014-2016). ტრისტანის მიერ შესრულებული შრომები მუდამ გამოირჩეოდა მეცნიერული კეთილსინდისიერებით, საკვლევი ობიექტის სიღრმისეული ანალიზითა და სკრუპულოზულობით.
ტრისტან მახაური იყო მრავალი პოეტური კრებულის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი. ის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც ეწეოდა, არ აკლდებოდა არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იმართებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მწერალთა კავშირში, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. მისი ომახიანი ხმა ხშირად გაისმოდა ჯვარ-ხატთა დღესასწაულებზე, "ვაჟაობასა" თუ მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამოებზე. ბოლო წლებში ის უძღვებოდა სახალხო დღესასწაულ "სანათაობას", რომელიც ყოველი წლის სექტემბერში იმართება გმირი დედის მოსაგონებლად ფშავის სოფელ ხოშარაში. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 214-ე აუდიტორიაში ტრისტან მახაური უძღვებოდა ვაჟა-ფშაველას შესახებ ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციასაც.
ტრისტანი ფენომენალური მეხსიერებით იყო დაჯილდოებული, თითქმის ზეპირად იცოდა მთელი პოეტური შემოქმედება და თვითონაც ქმნიდა პოეტურ ნაწარმოებებს, კაფიობაშიც ძნელად თუ აჯობებდა ვინმე. მისი ნათქვამები, გალექსებანი და კაფიები ზეპირად ვრცელდებოდა ნაცნობ-მეგობართა წრეში. ტრისტან მახაური მითოსური სამყაროდან მოდიოდა და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.
შარშან ერთად ვიყავით ახმეტაში, საგრანტო პროექტით გათვალისწინებულ ერთკვირიან სამეცნიერო მივლინებაში, ერთად ვიწერდით ხალხურ ტექსტებს ოსებით დასახლებულ სოფლებში. ერთ რამედ ღირდა ტრისტანთან ერთად მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ყველგან სიცოცხლე და ხალისი შეჰქონდა. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მისი სიცოცხლე ასე მალე დასრულდებოდა. მრავალი საქმე დასამთავრებელი და გასაკეთებელი დარჩა.
უახლოეს მომავალში ის აპირებდა დავით ხიზანაშვილის ფოლკლორული ჩანაწერების გამოქვეყნებას, ლიტერატურულ ბალადებზე მონოგრაფიის დაწერას, აზერბაიჯანული ფოლკლორის სახელმძღვანელოს მომზადებას და ვინ მოსთვლის, რამდენი რამის გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული. ტრისტანი დღეს აღარ არის, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა მან ღირსეულად დაიმსახურა, მის დაკრძალვას გომეწარში, საყდართგორზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი დაესწრო: მეცნიერები, მწერლები, პოეტები, პოლიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ხელოვნების მოღვაწენი, უბრალო ადამიანები, რომლებმაც გულწრფელი ცრემლით გააცილეს უკანასკნელ გზაზე დიდებული ფოლკლორისტი, პოეტი და მოქალაქე.
ხვთისო მამისიმედიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ჟურნალი "ისტორიანი",#86