"ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება" - 2 დაშავებული გუდაურიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ
გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანს ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსებენ.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს.
გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მომხდარშია დამნაშავე.
"სამწუხაროდ, ყაზბეგის მხრიდან არის ცუდი საფრენი ამინდი და იმედი მაქვს, რომ პილოტს ნავიგაცია ამის გაკეთების უფლებას მისცემს. სრული მობილიზაცია გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, იყო თუ არა საბაგირო შემოწმებული, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბაგირო გზას შემოწმება დეკემბერის ბოლოს ჩაუტარდა ზუსტად ისე, როგორც უნდა ჩატარდებოდა, თუმცა ფაქტი მოხდა.
"ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უკმაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაშია დამნაშავე. ვიფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.