რომელ ცნობილ რესტორნებს შეუჩერეს საწარმოო პროცესი?
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია).
თუ რომელ კვების ობიექტებს ჩაუტარდა შემოწმება, ამის ჩამონათვალი ფოტო-მასალის სახით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში.
შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება.