უკრაინა რუსეთს აფრთხილებს - რუსეთის მოქალაქეები 18 მარტს საარჩევნო უბნებზე არ დაიშვებიან - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთს აფრთხილებს - რუსეთის მოქალაქეები 18 მარტს საარჩევნო უბნებზე არ დაიშვებიან

უკრაინის შსს 18 მარტს რუსეთში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რუსეთს აფრთხილებს, რომ მათი მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის დიპლომატიურ დაწესებულებებში არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 თებერვლის ნოტის თანახმად, უკრაინა რუსეთის საგარეო უწყებას უცხადებს გადამწყვეტ პროტესტს და მოითხოვს, 2018 წლის 18 მარტს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში არჩევნები არ ჩაატაროს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობათა შენობებში ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ უკრაინის ზემოთ ხსენებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში“, - ნათქვამია უკრაინის შსს-ს განცხადებაში, რომელიც უწყების „ფეისბუქის“ გვერდზეა განთავსებული.

ამავე განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ამ დრომდე უარი არ უთქვამს მართლსაწინააღმდეგო მიზნებზე. უკრაინის შსს აცხადებს, რომ მიუღებელია უკანონო არჩევნების ჩატარება სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით.

"ასეთ პირობებში, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება ჰიბრიდული ომი, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია, სუვერენული უკრაინის ამ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ნორმების დარღვევით, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, არჩევნების ჩატარების შეუძლებლობის შესახებ, რომელიც არღვევს უკრაინის კანონებს.

18 მარტს უკრაინის ტერიტიაზე - კიევში, ხარკოვში, ოდესასა და ლვოვში რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ დაწესებულებებში დაცვის რეჟიმი არ გაითვალისწინებს ამ ობიექტებში რუსეთის მოქალაქეთა წვდომას არჩევნებში ხმის მისაცემად", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შსს-ს ცნობით, ასეთ დაწესებულებებში შესვლის უფლება მხოლოდ დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებს ექნებათ. სამინისტრო რუს დიპლომატებსა და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ უკრაინის კანონიერ მოთხოვნებს და არ მოახდინონ ვითარების პროვოცირება და დაიცვან უკრაინის კანონები.

"ინტერპრენიუსი"