ჩაიშლება თუ არა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში?
18 მარტს რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის მომავალ პირველ პირს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმოფანტული რუსული დიასპორის წევრებიც აირჩევენ. წესითა და რიგით საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-შიც უნდა ჩატარდეს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ეს ღონისძიება მთელ რიგ ქალაქებში ჩაიშალოს.
რამდენიმე კვირის წინ, პუტინის ოპოზიციის დიდი მცდელობით ლოს-ანჯელესში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ე.წ. წინასწარი ხმის მიცემის პროცესი გაუქმდა და ალბათ ხვალ არც რეალური, ნამდვილი არჩევნები გაიმართება.
რუსული გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მტკიცებით, ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა რუსმა პოლიტიკურმა ემიგრანტებმა წინასწარი არჩევნები უკვე ჩაშალეს და ფარ-ხმალის დაყრას არც ხვალისათვის აპირებენ.
აშშ-ში მყოფ რუსულ დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნოდ სასტუმრო "Four Points By Sheraton" ჰქონდა დაქირავებული. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ვიტალი ატაევ-ტროშინის ხელმძღვანელობით, ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა სასტუმროს წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც "შერატონის" ადმინისტრაცია იძულებული გახდა რუსულ დიპლომატიურ მისიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაეუქმებინა.
"ლოს-ანჯელესში, 18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. ვმუშაობთ არჩევნების ჩაშლაზე აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების ჩაშლას სან-ფრანცისკოშიც მივაღწიეთ", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ვიტალი ატაევ-ტროშინმა.
მისი მტკიცებით არჩევნები კალიფორნიის ტერიტორიაზე საერთოდ ვეღარ ჩატარდება. "ეს ნორმალური არჩევნები არ გახლავთ. მასში პრეზიდენტობის მსურველი ყველა კანდიდატი მონაწილეობას ვერ ღებულობს. ისინი უბრალოდ არ დაარეგისტრირეს. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის რეალური კონკურენტები ჩამოეცილებინათ. ჩვენ შევხვდით სასტუმრო "Four Points By Sheraton"-ის მფლობელებს და კარგა ხანი რუსული პოლიტიკის დღევანდელობასა და თავად ვლადიმერ პუტინის ავ-კარგიანობაზე ვესაუბრეთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სასტუმროს მფლობელმა რუსეთის საელჩოში დარეკა და გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. აშშ-ში ორ ათეულამდე საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი. ჩვენი აქტივისტები მათ უმრავლესობაში სტუმრობასა და საარჩევნო პროცესების ჩაშლას შეეცდებიან".
რუსულ არჩევნებს ჩაშლის რეალური საფრთხე ემუქრება ვაშინტონშიც. ამ ქალაქში მცხოვრებმა კომპანია "Magnitsky Act Initiative"-ს პროგრამების დირექტორმა დმიტრი ვალუევმა "ნეზავისიმაია გაზეტას" განუცხადა, რომ არჩევნების დღეს ვაშინგტონში მცხოვრები რუსული დიასპორის წევრების ნაწილი საარჩევნო უბნებს ბლოკირებას გაუკეთებენ და პროცესის ჩაშლას შეეცდებიან.
"არჩევნების დილიდან ჩვენი აქტივისტები საარჩევნო უბნებთან განლაგდებიან და იქ მისულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ. უკვე გამზადებული გვაქვს არაერთი პლაკატიც - "დაგვიბრუნეთ სამართლიანი არჩევნები!", "ძირს ხელმწიფე", "რუსეთი პუტინის გარეშე".
რუსეთის საელჩოს ინფორმაციით 18 მარტს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ატლანტა, ბოსტონი, დალასი, დენვერი, კამზას სიტი, ლოს ანჯელესი, მაიამი, მინეაპოლისი, ოლბანი, ორლანდო, საკრამენტო, სან ფრანცისკო, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ჰიუსტონი, სიეტლი, ფილადელფია და ჩიკაგო.
აშშ-ში რუსეთის საელჩოს პრეს-სამსახურის უფროსმა ნიკოლაი ლახონინმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას საფრთხე არ ემუქრება და რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის მცდელობა ნაყოფს ვერ გამოიღებს. საელჩომ უკვე გამოაქვეყნა იმ ქალაქების სია სადაც არჩევნები შედგება.
"მომავალი არჩვნებისთვის რუსეთის საელჩო სრულ მზადყოფნაში იმყოფება. უკვე გამოვაქვეყნეთ იმ ქალაქების სია სადაც საარჩევნო უბნები იქნება გახსნილი. გვიკავშირდება აშშ-ში მცხოვრები არაერთი ჩვენი თანამემამულე და არჩევნებში მონაწილეობისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. რაც შეეხება სან ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესს. ამ ქალაქებში წინასწარ დაქირავებული საარჩევნო უბნების გაუქმება მოგვიწია, მაგრამ არჩევნები სხვა, ალტერნატიულ ადგილებში აუცილებლად გაიმართება. იყო გამონათქვამები, რომ შეიძლება საარჩევნო პროცესი ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებშიც ჩაიშალოს. ჩვენ ამისი არ გვეშინია. გარწმუნებთ, საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად გაიმართება და იმედი მაქვს, რომ ნორმალურად წარიმართება." - განაცხადა ნიკოლაი ლახონინმა.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ