"გიორგი ბაბლუანი ძალიან დამეხმარა" - "დედეს" გადაღებების დროს ნაპოვნი სიყვარულის ამბავი
ნათია ვიბლიანი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ შეუძლებელია, ნახო მისი შესრულებული როლი სვანურ ბალადაში - "დედე" და გულგრილი დარჩე. საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი სვანი გოგო, საოცარი შინაგანი ძალითა და ტრაგიზმით, მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ვინ არის ნათია ვიბლიანი, რას საქმიანობს და როგორ მოხვდა ის მარიამ ხაჭვანის ფილმში? - ამ ყველაფერზე მან ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
"დედე" პირველი ფილმია, რომელშიც ვითამაშე. როლზე ისე დავთანხმდი, არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მქონია, კამერასთანაც არასდროს მიმუშავია. ერთ დღეს რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის და, თამარ ხაჭვანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფილმში გადასაღებად სვანი გოგო სჭირდებოდათ... მარიამი სვანეთის სოფლებში დადიოდა და მთავარი როლისთვის გოგოს ეძებდა. რამდენიმე დღეში ჭუბერშიც ჩამოვიდა, მაგრამ იმ პერიოდში უკვე იქ აღარ ვიყავი. მივწერე, სამწუხაროდ, თბილისში წასვლა მომიხდა და კასტინგზე ვერ მოვალ-მეთქი. ის კი ჩემს ნახვას დაჟინებით ითხოვდა, - არა უშავს, თბილისში გნახავო..."
"არ შევშინდი, რადგან ფილმში გიორგი ბაბლუანის გარდა, არც ერთი პროფესიონალი მსახიობი არ თამაშობდა და ყველას ერთად უნდა გვესწავლა. მხოლოდ იმას ვერვიულობდი, გიორგი ბაბლუანს პარტნიორობას როგორ გავუწევდი. ის დიდი გამოცდილების მქონე მსახიობია და ამის გამო ცოტათი ვღელავდი. არ ვიცოდი, რა დროს რა უნდა გამეკეთებინა. გიორგი ბაბლუანი ძალიან დამეხმარა, მიმანიშნა, როგორ მეთამაშა, ხელი შემიწყო, საოცრად უშუალო ადამიანი აღმოჩნდა..."
"ახლახან დავოჯახდი. ერთმანეთი "დედეს" გადაღებაზე გავიცანით. ასე გამოვიდა, ფილმშიც სიყვარული და გადასაღებ მოედანს მიღმაც სიყვარული იყო..."
ნათია ვიბლიანის ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 15 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე