მკვლელობის შემდეგ კედელზე სისხლით მიაწერა "დამიჭირეთ"
ერთ დროს სიკვდილმისჯილ და სასჯელმოხდილ პატიმარს ახლა კვლავ მკვლელობისთვის ასამართლებენ
"მისი მოკვლა არ იყო ჩემი მიზანი, ეს რომ მნდომოდა, ამის გამოცდილება მქონდა. შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომ დავჭერი", - სასამართლო პროცესზე ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია. თუმცა სხვას ამტკიცებდა პროკურორი და სოსო დრობიშევისთვის მაქსიმალური სასჯელის შეფარდებას ითხოვდა.
სოსო დრობიშევი 1996 წელს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაასამართლა. იმდენად მძიმე იყო მაშინ ბრალი, რომ პროკურორმა მისი დახვრეტა მოითხოვა. კოლეგიის სამივე მოსამართლე პროკურორს დაეთანხმა და კოლეგიის თავმჯდომარემ ვერდიქტი გამოაცხადა: "მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა". მაშინ განსასჯელის სკამზე მასთან ერთად სოსოს ძმაც იჯდა, სასამართლომ ძმას 15 წელი მიუსაჯა, სოსო დრობიშევი კი სიკვდილმისჯილთა საკანში გაამწესეს. თითქმის ერთ წელზე მეტხანს დახვრეტის მოლოდინში იყო.
დახვრეტას გადარჩენილ არაერთ პატიმართან მქონია ინტერვიუ, მიყვებოდნენ იმ განცდებზე, რაც სიკვდილის მოლოდინს ახლავს. ყოველდღე ჩხრეკდნენ საკნებს, გავყავდით გარეთ და არ ვიცოდით, განაჩენს როდის აღასრულებდნენ, ამიტომ საკნის ყველა გაჩხაკუნება სიკვდილს უტოლდებოდა, ყოველ წუთს განაჩენის აღსრულებას ველოდითო.
უკანასკნელად პატიმრები 1995 წლის 15 თებერვალს დახვრიტეს - ერთ დღეს 7 კაცი. მაშინ ოჯახის წევრებს კონტაქტი აღარ ჰქონდათ სიკვდილმისჯილთან, დიდი ხნის მერე მიჰქონდა მათთან კურიერს ტანსაცმელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ განაჩენი აღსრულდა.
დრობიშევსა და კიდევ 52 სიკვდილმისჯილს ბედმა გაუღიმა - 1997 წელს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. პრეზიდენტმა ყველა შეიწყალა და დახვრეტა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. მოგვიანებით, სიკვდილმისჯილებს 15 წლამდე შეუმცირეს სასჯელი.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, სოსო დრობიშევს 45 წლის ზურაბ სურმანიძის მკვლელობისთვის ასამართლებენ. ამჯერადაც პროკურორმა მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა. უვადო პატიმრობას ითხოვდა მოკლულის ოჯახიც.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დრობიშევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურა, ასევე ბრალდებულის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ - ადვოკატი ბრალის კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემცირებას, ხოლო პროკურატურა უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვს.
მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მოხდა. სუპერმარკეტში ლუდის საყიდლად შესულ სოსო დრობიშევს თანასოფლელ ორ მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა. შელაპარაკების შემდეგ დრობიშევი მარკეტიდან გავიდა, რამდენიმე წუთში დანით დაბრუნდა და სურმანიძეს მუცელში დაარტყა. დაჭრილი სახლისკენ გაიქცა. გამოძიების ვერსიით, მას სოსო დრობიშევი დაედევნა, სახლთან დაჭრილს შვილი და ახლობლები დახვდნენ, დაჭრილმა შვილისთვის მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, მომდევენ, დაიმალეთო.…ბიჭმა ქვების სროლა დაუწყო მათკენ მომავალ დრობიშევს და დამნაშავე გაიქცა... დაჭრილი საავადმყოფოში ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტს თვითმხილველები ჰყავდა და რაც მთავარია, როგორც პროკურორი ამბობს, სუპერმარკეტის კამერებზე იყო აღბეჭდილი კონფლიქტის დეტალები.
ვლადიმერ თურმანიძე, აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი: - სოსო დრობიშევს 1995 წელს ძმასთან ერთად 2 კაცის მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა და ქურდობა აქვს ჩადენილი. ეს უმძიმესი დანაშაული მაშინ თბილისში მოხდა. სოსო და ვეფხია დრობიშევები ხშირად სვამდნენ, მეზობელმა შენიშვნა მისცა და განაწყენებულმა ძმებმა მეზობელი დედა-შვილი წამებით მოკლეს. დანაშაულში ორი მოზარდიც მონაწილეობდა, მაAთი მეშვეობით შევიდნენ ძმები ბინაში. სოსო დრობიშევმა მოზარდების თვალწინ დაასახიჩრა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ ჯგუფურად გააუპატიურეს და ბოლოს დრობიშევმა მოახრჩო. ამის შემდეგ გოგოს დედაც მოკლა, შემდეგ კი მოკლულები გაძარცვეს.
სოსო დრობიშევმა კედელზე სისხლით ასეთი სიტყვები მიაწერა "დამიჭირეთ". 1996 წელს ის მართლაც დაიჭირეს...
- ამჟამინდელ საქმეს დავუბრუნდეთ. დრობიშევის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს ნარიმან აბაშიძესთან მოუვიდა უთანხმოება.
- აბაშიძე და სურმანიძე ერთად იყვნენ მაღაზიაში, დრობიშევს ორივესთან მოუვიდა უთანხმოება. როცა კამათის შემდეგ სუპერმარკეტში დაბრუნდა დანით, აბაშიძე წასული იყო და სურმანიძეს დაესხა თავს. სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით გავასამართლეთ მისი ძმა ვეფხიაც, ის კონფლიქტის შემდეგ მაღაზიაში მივიდა და დაამტვრია ინვენტარი.
ომარ ხაჯიშვილი, ბრალდებულის ადვოკატი: - სურმანიძე 32 საათის შემდეგ გარდაიცვალა. ეს უფრო ექიმების პრობლემაა, ის სისხლნაკლებობით დაიღუპა. სოსო დრობიშევი სხეულის დაზიანების ბრალდებით უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ ძველი დანაშაული გახდა ამხელა სასჯელის მიზეზი. ჩანაწერში ჩანს, რომ ის მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად შევიდა. კონფლიქტი ნასვამი ნარიმან აბაშიძის შესვლის მომენტიდან დაიწყო. მან უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა სოსოს, სახეში გაარტყა და წარბი გაუხეთქა. დრობიშევი ვერ გაუმკლავდა და წავიდა სახლში, რომ საკუთარი ღირსება დაეცვა. რეალურად ეს ამბავი აბაშიძის გამო მოხდა, რომელიც ახლა თავისუფლად დასეირნობს. არ ვეთანხმებით იმას, რომ დრობიშევი დაჭრილს გაეკიდა, ეს არსად ჩანს. ჩვენ დავასაბუთებთ სააპელაციო სასამართლოში, რომ 20-წლიანი პატიმრობა შესაცვლელია. საამისოდ ბევრი არგუმენტი გვაქვს.
თეა ხურცილავა