დღეგრძელობა პეპლებს!
"საქართველოში გავრცელებული პეპელაა მაქაონი. მისი ფრთების ნახატი მტაცებლებს აბნევს, პეპლის უკანა ნაწილი უფრო დიდი ზომის ცხოველის თავი ჰგონიათ"
პეპელა ჩვენი ბუნების ერთ-ერთი უმშვენიერესი და ჰაეროვანი არსებაა. გავრცელებული შეხედულებით, ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ, თუმცა სამყაროს გალამაზებას ამ მოკლე ხანშიც ახერხებენ. პეპლების აგებულებას, მათ თავისებურებებსა და სახეობათა მრავალფეროვნებას შეისწავლის ენტომოლოგია - მეცნიერება მწერების შესახებ. ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარი, ენტომოლოგი თამარ ჭუნაშვილი, სწორედ ამ ლამაზ არსებებზე გვესაუბრება:
- პირობითად პეპლებს დღისა და ღამის პეპლებად ყოფენ. დღის, ალბათ, ყველაზე პოპულარულია მწერებს შორის. მისი ნახვა, ღამის პეპელასთან შედარებით, უფრო ადვილია, რადგან დღისით აქტიურობს. ამასთან, დღის პეპელა მშვენიერი შეფერილობით გამოირჩევა.
- რა განსხვავებებია დღისა და ღამის პეპლებს შორის?
- ღამის პეპელა თითქოს დღის პეპელაზე ნაკლებად მიმზიდველია, მაგრამ სხვადასხვაგვარი შეფერილობისა და ფორმის წყალობით დღის პეპელას არ ჩამოუვარდება. მეცნიერულად დღისა და ღამის პეპლებს ქერცლფრთიანები უწოდეს (Lეპიდოპტერა), რაც სიტყვასიტყვით ქერცლიან ფრთებს ნიშნავს. ამ არსებების ფრთები და სხეული ათასობით უწვრილესი ქერცლით არის დაფარული. ქერცლებს სხვადასხვანაირი, ხშირად კაშკაშა შეფერილობა აქვს. განსხვავებული ფერის ქერცლების განლაგება ქმნის პეპლების გამორჩეულ, მოზაიკურ მოხატულობას. ბუნებაში ცნობილია ქერცლფრთიანების 180 ათასამდე სახეობა, აქედან ერთი მეათედი დღის ქერცლფრთიანებია, დანარჩენი კი - ღამის. დღისა და ღამის პეპლები განირჩევიან ზომით, ასევე ფორმითა და შეფერილობით. ამ გასაოცარი მრავალფეროვნებისა და თითქმის ყველანაირ კლიმატთან შეგუების უნარის გამო პეპლები დედამიწაზე მწერების კლასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფია. ისინი ყველანაირ გარემოში არსებობენ - არქტიკული ტუნდრიდან ალპურ მთის მწვერვალებამდე და ტროპიკული ტყეებიდან ზღვის სანაპიროებამდე.
- რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ან ყველაზე პატარა პეპელა?
- მსოფლიოს ყველაზე დიდ პეპელას ფარშევანგთვალა ატლასი უწოდეს. მისი ფრთების შლილი 30 სანტიმეტრს აღწევს. ყველაზე პატარა პეპლის ფრთების შლილი სულ რაღაც 1,5 სანტიმეტრია. ამ პეპლის სახელწოდებაა ჯუჯა ცისფრულა. სწორედ ის არის მიჩნეული მსოფლიოში ყველაზე პატარა პეპლად. ჯუჯა ცისფრულა ფარშევანგთვალა ატლასზე 20-ჯერ პატარაა.
- პეპლები და ყვავილები განუყოფელი არიან. უამბეთ ჩვენს მკითხველს, რა კავშირია მათ შორის?
- ზრდასრულ პეპლებს მხოლოდ სითხით შეუძლიათ კვება, ამიტომ სახეობათა უმრავლესობისთვის საკვების ძირითადი წყარო ყვავილების ნექტარია. მცენარეებიც სარგებლობენ ამ თვისებით, რადგან კვებისას მწერებს მათი მტვერი ერთი მცენარიდან მეორეზე გადააქვთ და აქტიურად მონაწილეობენ მცენარეთა დამტვერვაში. დღისა და ღამის პეპლები იკვებებიან ხორთუმის საშუალებით, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაში თავის ქვედა მხარეს არის დახვეული, მაგრამ კვებისას სწორდება, საკმაოდ გრძელდება და შეუძლია ყვავილის სიღრმეში ჩაღწევა ნექტრის ამოსაწოვად. პეპლების სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა სიგრძის ხორთუმი აქვს, რაც დამოკიდებულია იმ მცენარის ყვავილის აგებულებასა და თავისებურებებზე, რომლის ნექტრითაც კონკრეტული სახეობის პეპელა იკვებება.
- მოგვიყევით საქართველოში გავრცელებულ პეპლებზეც.
- საქართველოში გავრცელებულ დღის პეპლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პეპელაა მაქაონი. ეს პეპელა ფრთების უჩვეულო მოხატულობით გამოირჩევა: მისი ფრთების ფონი ყვითელია, ძარღვები კი შავი ფერის ქერცლებით აქვს დაფარული. ფრთების გარეთა კიდეები დაკბილული შავი არშიით ბოლოვდება, ხოლო უკანა ფრთების შავ არშიაში ლურჯი ნახევარმთვარისებრი ლაქები იკვეთება. ქვედა კუთხეში მაქაონს მოწითალო თვალაკი აქვს, ხოლო უკანა ფრთის ქვედა კიდე "კუდით" - ერთგვარი წაგრძელებული გამონაზარდით ბოლოვდება. ასეთი მოხატულობა მაქაონს საუკეთესოდ იცავს მტრებისგან: ფრთის კიდეზე კუდისებრი გამონაზარდები და თვალისმაგვარი ნახატი მტაცებლებს აბნევს, ფრინველებს პეპლის უკანა ნაწილი უფრო დიდი ზომის ცხოველის თავი ჰგონიათ, თავდასხმას ვეღარ ბედავენ და პეპელას სასწრაფოდ განერიდებიან ხოლმე.
- კიდევ რომელი საინტერესო სახეობა ბინადრობს საქართველოში?
- მრავალთა შორის შეიძლება გამოვარჩიოთ საქართველოს ბინადარი პეპელა პოდალირი, რომელსაც ქართულად მერცხალკუდა ჰქვია. მერცხალკუდას უკანა ფრთებზე კიდევ უფრო გრძელი "კუდები" აქვს, ვიდრე მაქაონს. ამ პეპლის ფრთების ფონი მოყვითალო-კრემისფერია, რომელიც ზემოდან შავი სოლისებრი ლაქებით არის დაზოლილი. მერცხალკუდას იშვიათად ნახავთ დაუზიანებელი ფრთებით. მოსვენებულ მდგომარეობაში დღის პეპლებს ფრთები ზურგს უკან აქვთ აკეცილი და ერთმანეთზე მიდებული. მტაცებლებს პეპლის ფრთების ბოლოში არსებული "კუდი" ულვაშები ჰგონიათ, ამიტომ ხშირად მათი თავდასხმების სამიზნე სწორედ ეს ადგილი, ანუ წარმოსახვითი თავი ხდება. ამის გამო პეპელა იშვიათად იღუპება: მართალია, თავდასხმის შემდეგ უკანა ფრთების კიდეები უზიანდება, მაგრამ ფრენის უნარსა და სიცოცხლეს არ კარგავს.
- იშვიათ პეპლებს შორის რომელს გამოყოფდით?
- საქართველოში გავრცელებული ყველაზე დიდი და ერთ-ერთი იშვიათი პეპელაა აპოლონი. მისი ფრთების შლილი 65-85 მილიმეტრია. აპოლონის ფრთების გარეთა კიდეები ქერცლებით დაფარული არ არის და ამიტომ გამჭვირვალეა. ფრთების შუა ნაწილი რძისფერი თეთრია, ფრთის ფუძე და სხეული შავი ქერცლებით აქვს დაფარული. აპოლონს წინა ფრთებზე რამდენიმე შავი ლაქა აქვს, უკანა ფრთაზე კი - ორი ალისფერი, შავარშიიანი თვალაკი. ეს იშვიათი პეპელა საქართველოში მაღალ მთაშია გავრცელებული, მის საცხოვრებელ გარემოს სუბალპური და ალპური მდელოების მშრალი, ქვიანი და კლდიანი კალთები წარმოადგენს. აპოლონი გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. უკანასკნელ ათწლეულებში აპოლონის რიცხოვნობა მთელ მსოფლიოში მკვეთრად მცირდება, რის გამოც პეპელა საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი.
- პეპლების ყველაზე დიდი მტერი რომელია?
- ფრინველები, რადგან პეპლებითა და მუხლუხებით ძირითადად ისინი იკვებებიან.
- მართლა ასე ცოტა ხანს ცოცხლობენ პეპლები?
- პეპელა ხანმოკლე სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული, თუმცა უმრავლესობა სიცოცხლისუნარიანობას, სულ ცოტა, ერთი სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს. ზოგიერთი სახეობის პეპელა, მათ შორის, მაქაონი და მერცხალკუდაც, წელიწადში შესაძლოა ორ თაობასაც იძლეოდეს. პეპლების სიცოცხლის ხანგრძლივობა განსხვავებულია, თუმცა მთლიანი სასიცოცხლო ციკლი ხშირად ერთ წელიწადს მოიცავს. ასე რომ, არასწორია შეხედულება, რომ ყველა პეპელა მხოლოდ რამდენიმე დღე ცოცხლობს.
ხათუნა ჩიგოგიძე