ყოფილი დეპუტატი ბორის კაკუბავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
ბორის კაკუბავა გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო აქვს. კაკუბავას გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადების საფუძველზე მოხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, კაკუბავა გამოკითხვაზე დღესაა დაბარებული და მას საგამოძიებო ორგანოში დღის განმავლობაში ელოდებიან.
რატომ მიმართავს პროკურატურა ხორავაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა?
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბორის კაკუბავა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორი არასრულწლოვნის ბაბუაა, საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბორის კაკუბავას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებისთვის სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით ზაზა სარალიძემ პროკურატურას გასულ კვირას მიმართა. ბორის კაკუბავამ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ. მისი ინფორმაციით, სწორედ ეს კონფლიქტი უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას, რასაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა.