ჟურნალისტი დავით ერაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი - "რუსთავი 2"- თან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
"რუსთავი 2"-ის შენობასთან, "ქართული მარშის" წევრების აქცია მიმდინარეობს, არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.
აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.
"ინტერპრესნიუსი"