ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინმა ხმების 92,8% მიიღო - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინმა ხმების 92,8% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო "რესს" რუსეთის ე.წ. საელჩოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხმების 92,8% ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

ე.წ. საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა. ბიულეტენების 99,84%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,6% მიიღო. მეორე ადგილზე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,8%), მესამეზე კი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსკი (5,66%) გავიდა.

"ინტერპრესნიუსი"