ერგნეთის საგუშაგოზე "წითელი ჯვრის" ავტომანქანები შევიდნენ - კვირის პალიტრა

ერგნეთის საგუშაგოზე "წითელი ჯვრის" ავტომანქანები შევიდნენ

ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან, ამ წუთებში "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მანქანები შევიდნენ. სწორედ უშუალოდ "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ჩართულობით მოხდება ცხედრის გადმოცემა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურის ინფორმაციით, ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნაც გადაეცემა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"