ლადო სადღობელაშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო "ქართული მარშის" წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, 2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით "ქართული მარშის" წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული.

"დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ", - აღნიშნეს შსს-ში.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა".