პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტი მიიღო - კვირის პალიტრა

პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია".

ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

"ინტერპრესნიუსი"