"ყველაზე მაგარ ბიჭს 1 გრამი "ემდიემეისთვის" 8 წელი მიუსაჯეს! რა უბედურებაა, ვინ ადგენს ამ კანონებს!!!" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მაგარ ბიჭს 1 გრამი "ემდიემეისთვის" 8 წელი მიუსაჯეს! რა უბედურებაა, ვინ ადგენს ამ კანონებს!!!"

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 წლის მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ბ.-მ (მამუკა ბერძენიშვილმა) პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა დანაშაული.

"კერძოდ, ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტრო-სასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბერძენიშვილის ოჯახი და მეგობრები აღნიშნულ განაჩენს არაადეკვატურად მიიჩნევენ და საქმის გადახედვას მოითხოვენ. დაკავებული "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელია და მის შესახებ პოსტებს ტელეკომპანიის თანამშრომლებიც წერენ.

მარიამ ჭელიძე, პროდიუსერი: "ეს ყველაზე მაგარი ბიჭი, ჩემი საუკეთესო მეგობარია, აგერ უკვე 13 წელია. ბიჭი რომელიც სიკეთის განსახიერებაა. არ არსებობს ადამიანი ვინც იცნობს, რო მასზე არ გიჟდებოდეს! ხოდა დღეს ამ ყველაზე მაგარ ბიჭს 1 გრამი "ემდიემეის" გულისთვის 8 წელი მიუსაჯეს! 8 წელი! ჯგუფურ ყაჩაღობაზე - 5 წელი, მკვლელობაზე 7! ეს რა უბედურებაა, ვინ ადგენს ამ კანონებს!!! სად ვცხოვრობთ?"

განაგრძეთ კითხვა