ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს - კვირის პალიტრა

ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სოფელ წილკანში, სამძიმარზე გიგა ოთხოზორიას მშობლები, ასევე ოთხოზორიას მეუღლე იმყოფება.

როგორც ცნობილია, გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.

მომხდარის გავრცელებისთანავე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ამოქმედდა ცხელი ხაზი, გაიმართა არაერთი შეხვედრა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში; საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ყველა სახელმწიფო უწყება და სადამკვირვებლო მისია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტატუნაშილის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აქციაც კი გამართეს, თუმცა მოგვიანებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა და ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ დრო მისცა.

26 დღის განმავლობაში სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე არაერთხელ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

20 მარტს, ღამით კი წითელი ჯვრის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილ სამხედროს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"