"ქართული მარშის" წევრებს ბრალი წარუდგინეს
თბილისის მთავარ სამმართველოში "ქართული მარშის" წევრებს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტზე დაკავებულ "ქართული მარშის" წევრებს: მ.ა.-ს, ვ.ს.-ს, ი.დ.-ს, გ.ო.-ს, ლ.ნ.-ს, და ბ.რ-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ", - განაცხადეს შსს-ში.
რაც შეეხება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
19 მარტს "ქართული მარშის" წევრებმა "რუსთავი 2"-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა". აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 5 პირი კი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
"ინტერპრესნიუსი"