"უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე! ძალიან ადრე იყო თქვენთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა"
"სრული საფუძველი მაქვს თქვენ უნდობლობა გამოგიცხადოთ და საერთოდ, თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყო - უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე!" - ამ სიტყვებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ მიმართა და იქვე დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა კობახიძისთვის ძალიან ადრე იყო.
ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტს ირაკლი კობაძიმემ წარუდგინა, ადა მარშანიამ კონსტიტუციაში არსებული იმ ჩანაწერის შეცვლის საკითხი დასვა, რომლის თანახმად, "საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური". მარშანია გამოვიდა წინადადებით, აღნიშნული ჩანაწერის რედაქციულად შეცვლის შესახებ.
"რატომ არ შეიძლება მუხლის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბება: - საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართული და აფხაზური. ეს ჩანაწერი უფრო აკადემიური, უფრო დაბალანსებულია, უფრო ლამაზია", - მიმართა კობახიძეს ადა მარშანიამ.
მარშანიას პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძალაში არსებული ჩანაწერი უნდა დარჩეს და ის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე შეთავაზებული ვერსია.
"ეს ჩანაწერი არის გამართული ლინგვისტური თვალსაზრისით, არის აკადემიურად ჩამოყალიბებული და სწორედ რომ დაბალანსებული. აქ შინაარსზეც არის საუბარი. შინაარსს, რომელიც თავის დროზე - 1995 წელს კანონმდებელმა ჩადო, ჩვენ არ ვეხებით. არ გვინდა, რომ შევეხოთ. თქვენს მიერ შემოთავაზებული ჩანაწერი შინაარსსაც ეხება. ეს არის შინაარსობრივი შესწორება. ჩვენ არ გვინდა შევეხოთ რაიმე შინაარსს აფხაზეთთან დაკავშირებით, ვიდრე შესაბამისი პირობები არ დადგება. არსებული ჩანაწერის ცვლილება შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ღმერთმა ქნას და, იურისდიქციის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება", - განაცხადა კობახიძემ მარშანიას პასუხად.
კობახიძის ამ პასუხს მარშანიას კრიტიკა მოჰყვა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს უმწიფარი უწოდა.
"თუკი აფხაზების გარეშე არაფერი გინდათ, საერთოდ ამოიღეთ კონსტიტუციის ამ მუხლიდან აფხაზური ენა. არ მინდა გავაჟღერო არგუმენტი, რაც მე მოვისმე, თუ რატომ არ გინდათ ამ რედაქციის გაკეთება, რადგან ეს ჩემი სამშობლოა და არ მინდა ის დავაზიანო. არგუმეტი, რაც მე მოვისმინე, ისეთი სირცხვილია, რომ გაჟღერებაც არ მინდა. საფუძველი მაქვს თქვენ დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ და საერთოდ, ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყო. უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე!", - განაცხადა მარშანიამ.
"მივმართავ "პატრიოტთა ალიანსს", რომ ჩვენ ბევრად უკეთ გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე თქვენ - შემიძლია ეს დაბეჯითებით გითხრათ", - ამ რეპლიკით უპასუხა კოლეგას ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა.
"ინტერპრესნიუსი"